Print this page

გარყლობის ციხე (2004)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



შორიდან დაგვანახა. თითქმის სულ ტყე-ტყე უნდა გვევლო და ესაო, ისაო, დათვიო, მგელიო - არ გვირჩია ციხისკენ წასვლა ადგილობრივმა, ''გარკილოფ'' - დაახლოებით ასე რომ გამოთქვამდა სოფლის ძველ სახელს და გურჯი ვარო, რომ იძახდა, ქართული რომ დავიწყნოდა ჯერ კიდევ მის მამა-პაპას და ანგელოზივით გოგონა - სუფთაქართულსახიანი პატარა შვილიშვილი თან რომ ჰყავდა.
კარგადაც დასცხო, მაგრამ აბა რაის დათვი ან რა წვიმა დაგვაკავებდა შავშეთის ბუნებით გახელებულებსა და პირველაღმოჩენის ჟინით შეპყრობილებს. გარყლობის ციხე ''ქართლის ცხოვრებაში'' ერთადერთ ადგილას იხსენიება - ჩანჩახი ფალელი მიერთო ბერძენთა და ციხეც მათ მიართვაო. ეს იყო XI საუკუნეში და მას მერე გაქრა ეს ციხე წყაროებიდან. ვერც მკვლევარ-მოგზაურებმა მიაკვლიეს. ჩვენც იგივე გველოდა, რადგან ჩვენს სოფელში ციხეს რა უნდაო, გვიმტკიცებდა ყველა, ვიდრე იმ ნაქართველარმა არ გაიხსენა სოფლიდან მოშორებით წამომართული ეს კლდე.
ეს ხომ უბრალოდ კლდე არის, აქ ციხეს ან რა უნდა ან სად ჩანსო, კი ვთქვით, მაგრამ სხვა რა არჩევანი გვქონდა და ჩვენც ლამის სირბილ-სირბილით ამ კლდისკენ გავქანდით. თან იმედი - სოფლის მაცხოვრებელს ხომ არ დაესიზმრებოდა აქ რომ ''ქალე'' (ციხე) იყო და თან ეჭვი - რაც უფრო ვუახლოვდებოდით, უფრო კარგად ჩანდა, რომ ციხის ნასახი არ იყო ამ კლდეზე. იმედი ბოლოს კვდებაო, გვასწავლეს წინაპრებმა და ჩვენც მალე ბიზანტიელებისათვის ოდესღაც ხონჩით მირთმეული ციხის პოვნის იმედით ამ კლდის ძირში აღმოვჩნდით. ქიმზე კედლის ერთი ქვაც კი არ ჩანდა. თითქოს ყველა იმედი უნდა გადაწურულიყო, მაგრამ უცებ ფეხებთან პატარა თეთრი ნატეხი შევნიშნე. დავიხარე, ხელში ავიღე და ხმამაღლა ვიყვირე - ციხეა-მეთქი! აბა, რა უნდოდა კირის ფრაგმენტებს უკაცრიელი კლდის ძირას. აგერ, კერამიკაცო - გამოგვძახა თემო ჯოჯუამ და ჩვენი ეჭვებიც საბოლოოდ გაიფანტა.
ფეხდაფეხ მოვიარეთ უცნაურ კლდეზე დაშენებული ციხე, უფრო სწორად - ნაციხარი. არა, დრო-ჟამი ასე ვერ ხელყოფდა. საგულდაგულოდ, უმოწყალოდ, ქვა-ქვა უნგრევიათ. ამიტომაც არ ჩანდა არაფერი შორიდან. დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ უნგრევიათ არა გუშინ და გუშინწინ, როგორც ეს კარგად ჩანს ხოლმე სხვა ძეგლების შემთხვევაში, არამედ მაშინ, როცა მისი მფლობელები შიშობდნენ, გზაგასაყარზე მდგარი ციხე მტერს არ ჩავარდნოდა ხელში. მის ძირში ხომ მნიშვნელოვანი გზები ერთდებოდა თუ იყრებოდა. ამაზე მეტყველებს ციხის სახელიც, გარყლობის, გარყილობისა თუ გაყრილობის სახით რომ გვხვდება ''ქართლის ცხოვრების'' სხვადასხვა ხელნაწერში.
ნეტავ ვინ ანგრია და როდის? ბიზანტიელებმა თუ ოსმალებმა? XI-ში თუ XVI-ში? იქნებ სულაც ქართველებმა? ერთ-ერთი ძნელბედობისას ეგება და იფიქრეს, მტრის გარნიზონის აქ ჩადგომას, არ სჯობს ჩვენვე დავარღვიოთო? ვინ უწყის...
ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის ციხეში, როგორც წესი, მცირე, დარბაზული ეკლესია მაინც უნდა ყოფილიყო. ვაკვირდით აქა-იქ თითო თუ ორ-ორ წყებადღა შერჩენილ კედლების ფრაგმენტებს, ვქექეთ ძეძვებიც, მაგრამ ნატაძრალს ვერსად მივაკვლიეთ. რომ მიგვეკვლია, უკვე ცხადი ხდებოდა, ვინც დაანგრია, მაგრამ ამჯერად უკან მხოლოდ ნაციხარისა და თვალწარმტაცი ბუნების ფოტოები და ბევრი-ბევრი კითხვა წამოვიღეთ.
ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათო - აქამდე ხატოვანი გამოთქმა მეგონა ხოლმე. ეხ, რა არის ისტორია. ერთ დროს აქ ცენტრალური მაგისტრალის გზაგასაყარი იყო, ახლა კი ძლივს მოვაგენით და ალაგ-ალაგ წამლად დარჩენილი მცირე ნაშთების პოვნამ გაგვახარა. თუმცა სიხარული ერთადერთი გრძნობა არ ყოფილა, რომელიც გარყლობიდან მოგვქონდა...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 2, 2012)