Print this page

ხანცთა (2009)

Rate this item
(1 Vote)



აი, სახელი ''ხანცთა'' რომ დაიკარგა, ეს კი ძალიან უცნაურია. ხანცთა – საწყისი სამონასტრო მოძრაობისა ამ უზარმაზარ რეგიონში და თავი კლარჯეთის უდაბნოთა, სიმბოლო ახალი საქართველოს დაბადებისა და განსასვენებელი დიდი გრიგოლ ხანცთელისა. ამ ადგილს ახლა ადგილობრივი მოსახლეობა ''ფორთას'' ეძახის. სამაგიეროდ, იმერხევში მიგანიშნებენ ერთ დიდ ალაგს მთაში, რომელსაც ხანცთას ეტყვიან იქაური ქართველები. ბევრი ვიარეთ, მაგრამ ის ხანცთა, ჩვენ რომ ვიცით გიორგი მერჩულისგან, ვერსად ვპოვეთ იმერხევის ხანცთაში...
ბევრი იდავეს მეცნიერებმა. ხან ნუკა-საყდარი მიიჩნიეს ხანცთად, ხან კი ფორთა – შატბერდად. ბოლო წერტილი, საკმაოდ მსუყე და საკმაოდ დამაჯერებელი, ამერიკაში მოღვაწე და ტაო-კლარჯეთში ფეხდაფეხ მოხეტიალე ვახტანგ ჯობაძემ დასვა – ფორთას მონასტერიაო გრიგოლ ხანცთელის ხანცთა! ეჭვები მაინც გაისმის ხოლმე აქა-იქ, ძირითადად საუბარ-საუბარში, მე კი მგონია, რომ საკითხი გადაწყვეტილია. თუმცა კითხვები მაინც არ მასვენებს: როგორ მოხდა, რომ გაცილებით მცირე მონასტრებს შერჩათ სახელები, ამოდენა ''ხანცთა'' კი გაქრა? რას ნიშნავს ის ფორთა, რომელსაც ასე დაჟინებით უწოდებს სოფელსაც და ნამონასტრალის ტერიტორიასაც ადგილობრივი მოსახლეობა?
სამეცნიერო თეორიები იქით იყოს და, ხანცთაში რომ ვარ, სულ იმას ვფიქრობ, რომ მთავარი არგუმენტი ის ენით აუწერელი შეგრძნებებია, აქ რომ გეუფლება. რამდენჯერაც ტაო-კლარჯეთში ჩამოვალ, გული სულ აქეთ მომიწევს, აქ რომ ამოვალ, წასვლა აღარ მინდება, გული სულ აქ მრჩება და სულ ვბრაზობ, ისე რატომ არ დავგეგმე, რომ ღამეც აქ გამეთია. როცა მეგობრებს ვუზიარებ ამ ფიქრებს, აღმოჩნდება, რომ ისინიც ამას გრძნობენ. როცა ვინმე ჩემიანი პირველად ამომყავს აქ, საგულდაგულოდ ვაკვირდები და უზომოდ მიხარია, როცა მასაც იგივე განცდები აიტანს ხოლმე. კიდევ ერთი, რატომაც გრძნობ, რომ ეს არის ხანცთის მონასტერი: ამ ადგილმა დიდი მონატრება იცის...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)