Print this page

თუხარისი (2005)

Rate this item
(2 votes)

www.taoklarjeti.com

ადგილის სახელი, ტოპონიმი, საკმაოდ სტაბილური რამ არის. ტოპონიმები ხშირად უზარმაზარ ქარტეხილებს უძლებს. იცვლება საზღვრები, ადმინისტრაციული მოწყობა, იცვლება მოსახლეობა, ენა, ადათ-წესები... ადგილის სახელი კი, შესაძლოა ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ მაინც გაუძლებს ხოლმე ჟამთასვლას. ასე მოხდა ტაო-კლარჯეთის ტოპონიმიის შემთხვევაშიც – ხშირად ერთადერთი, რამაც XIX საუკუნეში თუ შემდგომ გვაპოვნინა მხოლოდ წერილობითი წყაროებითღა ცნობილი ეკლესია-მონასტრები და ციხე-ქალაქები, სწორედ ძეგლის სახელწოდება გახლდათ.
უცნაურია, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ტოპონიმებს შორის ორი მნიშვნელოვანი სახელია გამქრალი – ხანცთა და თუხარისი. ეს უკანასკნელი უძველესი და მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე. ბედის ირონიაა, რომ დღეს მას მივარდნილ ხევ-ხუვებსა და მთის იალაღებზე ვეძებთ. ერთი ასეთი ''რეიდისას'' ძალზე საინტერესო ადგილს მივადექით. მართალია, აქ არავის გაეგონა სახელი ''თუხარისი'', მაგრამ მეცნიერთათვის დღემდე უცნობ ეკლესიას, ციხესა და უძველეს ნაქალაქარს რომ მივაკვლიეთ, ეს ფაქტია. რამდენად აღმოჩნდება ეს ტაძარი ნაქალაქარ თუხარისის ეკლესია, ამას შემდგომი კვლევა აჩვენებს, თუმცა კი ქართული საეკლესიო არქიტექტურის ისტორიას ნამდვილად შეემატა უნიკალური გეგმარების ტაძარი – ექსპედიციის წევრებმა ბევრი ვეძებეთ, მაგრამ მის ანალოგს ჯერ ვერსად მივაკვლიეთ.

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)