www.taoklarjeti.com




არტანუჯი კლარჯეთის უძველესი ქალაქია. როგორც დასახლებული პუნქტი, ის უკვე ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა. V საუკუნის ბოლოს თუხარისიდან აქ გადმოვიდა ადგილობრივ ერისთავთა რეზიდენცია. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა „იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი და მოუწოდა არტავაზს, ძუძუმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა... ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა“. VIII საუკუნეში ციხე, როგორც ჩანს მიტოვებული იყო. 810-იან წლებში ის აღადგინა აშოტ I კურაპალატმა. IX საუკუნის ბოლოდან არტანუჯი დაუმკვიდრდა აშოტ I-ის უფროსი ძის ადარნასეს შთამომავლებს, რომლებიც „არტანუჯელებად“ მოიხსენიებიან.
1010 წელს ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ სუმბატ არტანუჯელი ძმასთან ერთად ფანასკერტში დარბაზობაზე მიიწვია და ციხეში გამოამწყვდია. სუმბატის მემკვიდრე კონსტანტინოპოლში გაიქცა, დარჩენილმა კლარჯმა ბაგრტიონებმა პატიმრობაში გალიეს სული. არტანუჯი მეფის საკუთრება გახდა.
ამის შემდეგ არტანუჯმა ნაწილობრივ დაკარგა უწინდელი პოლიტიკური როლი, თუმცა დარჩა მნიშვნელოვან ქალაქად. ის ხშირად იხსენიება XI საუკუნის მოვლენების ამსახველ ქართულ მატიანეებში. 1080 წელს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, ქალაქი გადაწვეს თურქ-სელჯუკებმა. XIII საუკუნიდან არტანუჯი ათაბაგთა გამგებლობაში იყო. 1553 წელს ათაბაგ ქაიხოსრო II-ს არტანუჯი ერზრუმის მმართველმა ისქანდერ ფაშამ წაართვა.
შუა საუკუნეების ბოლომდე ქალაქის მოსახლეობა, როგორც ჩანს, დიდწილად ქარული იყო. XVII-XVIII საუკუნეებში არტანუჯელი ქართველები ძირითადად გამაჰმადიანდნენ, ნაწილმა კათოლიკობა მიიღო. ამავე ხანებიდან იწყება აქ კათოლიკე სომხების ჩამოსახლება.
არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.
დღევანდელი არტანუჯი მკაფიოდ იყოფა ორ ნაწილად, რომელიც ერთმანეთისაგან ორიოდე კილომეტრითაა დაშორებული. ახალი უბანი (იენი არდანუჩი, Yeni Ardanuc) გაშენებულია XX საუკუნეში არტანუჯისწყლის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, შედარებით სწორ ადგილას. ძველი უბანი (ესკი არდანუჩი, Eski Ardanuc. მას უწოდებენ ადაქალეს, Adakale) მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე აღმართული გრანდიოზული კლდოვანი მთის ვრცელ, დამრეც ბაქანზე. ეს არის ისტორიული ქალაქი არტანუჯი, რომელსაც ზღუდე ერტყა (ახლა მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი). მის ზემოთ იწყება გაშიშვლებული პიტალო კლდე თითქმის ვერტიკალური კალთებით. კლდის თავზე დგას ციხე - არტანუჯის ბობოქარი ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო მატერიალური ნაშთი. მას უჭირავს კლდის მთელი ზედა მოედანი, რომელსაც სამხრეთ-ჩრდილოეთის ღეძზე ძლიერ წაგრძელებული ფორმა აქვს და ციტადელიც, შესაბამისად, სიგრძეშია გაჭიმული დაახლოებით 220 მეტრზე, სიგანე ყველაზე ფართო ადგილას 55 მეტრს აღწევს, ციხის კედლები რელიეფის მოხაზულობას მიჰყვება, მრუდხაზოვანია. როგორც ჩანს, ციცაბო კლდე ისეთ საიმედო დაცვას უზრუნველყოფდა, რომ კედლებში კოშკების ჩართვა საჭიროდ არ მიუჩნევიათ - მათი კვალი არსად ჩანს. ციხის სათავდაცვო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბუნებრივი გამოქვაბულები, რომლებიც ციხეს გვირაბებით უკავშირდება.
ციხის შიგნით ახლა რამდენიმე შენობის უმნიშველო ნაშთი განირჩევა. მათი არქიტექტურული სახისა და დანიშნულების გარკვევა შეუძლებელია. შედარებით მეტი რამ შემორჩა ციტადელის შუა ნაწილში მდგარი ეკლესიისაგან, რომელიც წმიდა პეტერსა და პავლეს ეკლესი უნდა იყოს.
ქალაქის უძველესი ნაგებობაა ადაქალეს ჩრდილოეთ კუთხეში მდგარი ეკლესია. ის აგებულია კლდოვან კონცხზე, რომელიც არტანუჯისწყლის ღრმა ხეობას გადაჰყურებს. ტაძრის ჩრდილოეთ კლდიან ქარაფამდე ათიოდე მეტრია. შენობა დგას სპეციალურად მოსწორებულ და ნაწილობრივ სუბსტრუქციით ამოშენებულ კლდოვან ბაქანზე.  ეკლესია ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია.
ძველ უბანში, პირველი ეკლესიიდან მცირეოდენ მოშორებით იდგა მეორე ეკლესიაც, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებისათვის დაინგრა. მის ადგილას 1864 წელს არტანუჯის იმდროინდელმა მმართველმა სულეიმან ფაშამ ააგო ისქანდერ ფაშას (1553 წელს არტანუჯის დამპყრობლის) ჯამე. მასში ჩართულია ეკლესიის კედლების ნაშთები. გარდა ამისა, ჯამეს მშენებლობისას უხმარიათ ეკლესიის ჩამოცვენილი ქვებიც. ჯამეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ნიკო მარმა ნახა თავდაყირა ჩადგმული ორსტრიქონიანი ფრაგმენტი ქართული წარწერისა. მასზე იკითხებოდა:
წ(ი)ნ(ა)მძღ(უა)რს
და მ(ის)სა დას 


www.taoklarjeti.com



დოლისყანა მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, თანამედროვე სოფელ ჰამამლიში (თურქ. Hamamlı), მაღალი მთის ფერდობზე. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად განადგურებული იყო. მონასტერი მეფე სუმბატმა (954–958) საფუძვლიანად შეაკეთა, მან შეამკო სამხრეთი ფასადი, გუმბათის ყელის შიდა და გარე პერანგი. მეფის გამოსახულება შემორჩენილია ეკლესიის გუმბათის ჩრდილო–აღმოსავლეთ წახნაგზე შესაბამისი წარწერით „ქრისტე, ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ“, სამხრეთი მკლავის სარკმლის თავზე კი გაშლილია ორსტრიქონიანი ლამაზი ასომთავრული წარწერა: „ქრისტე, ადიდე მეფე ჩვენი სუმბატ მზეგრძელობით“. სუმბატის ფიგურა ამჟამად დაზიანებულია, ვინაიდან მას სროლაში ვარჯიშისას სამიზნედ იყენებდნენ. მოტეხილია თავის ზედა ნაწილი და სახის ნაკვთები. სახის შემორჩენილ ქვედა ნაწილზე მკაფიოდ განირჩევა წვერი.
დოლისყანის მონასტრის დაარსებისა და აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა, ე. ი. 830–840–იანი წლების შემდეგ. გარდა ამისა, მონასტერი აგებულია 951 წლამდე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე. შესაბამისად, დოლისყანა 850–950 წლებს შორისაა დაარსებული.
ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ იგი ტაო–კლარჯეთის ხელოვნების აყვავების უშუალოდ წინა პერიოდში არის აგებული. მასში თავს იჩენს ახალი დროის ხუროთმოძღვრული ელემენტები — გუმბათის დეკორატიული თაღნარი, სარკმლების თავზე არსებული პოლიქრომიული „მარაოები“, მოჩუქურთმებული თავსართები და სხვა. ამავე დროს, დოლისყანა ზოგი ნიშნით ჯერ კიდევ ე.წ. გარდამავალ პერიოდს მიეკუთვნება და აქვს წინა ეპოქისთვის დამახასიათებელ ნიშნები — დამჯდარი პროპორციები, განსაკუთრებით გუმბათის ყელისა, უხეშად დამუშავებული ქვები, მოუჩუქურთმებელი კარნიზები და სხვა.
დოლისყანის ეკლესია გამოირჩევა სკულპტურული რელიეფების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. სამხრეთის ფასადის სარკმლის შუა წელზე ორივე მხარეს ანგელოზების ფიგურებია, მარცხნივ მიქაელ, მარჯვნივ კი გაბრიელ მთავარანგელოზისა. სასუფევლის ამ მცველებს მაყურებელზე მაგიური შთაბეჭდილება უნდა მოეხდინათ. როგორც გაბრიელის სამოსზე დარჩენილი წითელი საღებავის კვალი გვიჩვენებს, ფიგურები თავიდან დაფერილი უნდა ყოფილიყო, რაც მათ კიდევ უფრო წარმოსადგეს გახდიდა.
გაბრიელ მთავარანგელოზის წინ მედალიონში დოლისყანის ოსტატის გაბრიელ დეკანოზის ნახევარფიგურაა. მათ ქვემოთ– ურო მოსჩანს, მარცხნივ ექვსქიმიანი ვარსკლავი– დავითის ფარია გამოქანდაკებული. შემორჩენილია ჯვრის ორნამენტული გამოსახულებაც.
სამხრეთი მკლავის სამხრეთი ფასადის ერთ–ერთ დიდ ქვაზე ამოკვეთილი იყო მზის საათი. საათი შედგებოდა ნახევარწრედ განლაგებული ასოებისაგან, რომლებიც ერთიდან თორმეტამდე რიცხვებს აღნიშნავენ. ცენტრიდან ასოებისაკენ ბოლოში მომრგვალებული სხივები მიემართებოდა. 2003 წელს აღნიშნული საათი ვიღაცამ კედლიდან ამოამტვრია და საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა.
გუმბათის ყელს როგორც შიგნიდან, ისე გარედან 12 თაღისაგან შეკრული თაღნარი ამკობს. გუმბათის ნახევარსფეროს დაბალი, კონუსური სახურავი აქვს. ეკლესიის კედლები, მათ შორის გუმბათიც, როგორც ჩანს მოხატული ყოფილა. ისინი 1964–1967 წლებში კარგ მდგომარეობაში მოინახულეს, შეისწავლეს და ფოტოზე დააფიქსირეს ფრანგმა მეცნიერებმა ჯ. და მ.ტიერებმა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო შეთეთრებული საკურთხევლის შუა ნაწილში არსებული მოციქულთა ფიგურები და და ზედა ნაწილში — მაცხოვრის დიდი ფიგურა. ჩანდა ასევე დიდი ფრაგმენტები გუმბათის ყელსა და გუმბათში (წინასწარმეტყველები, მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცია). მოხატულობა 1996 წელს ხელოვნებათმცოდნე ი. გივიაშვილმა დოლისყანის ფრესკები ფერად ფირზე იმ დროს დააფიქსირა, როცა ისინი ჯერ კიდევ ორად გაყოფილი ტაძრის პირველ სართულზე თივის საწყობში იყო მოქცეული, მას შემდეგ ფრესკების მდგომარეობა ძლიერ შეიცვალა და გაფერმკთალდა, აჟამად კი მათი გარჩევა ძალიან ძნელია. ამჟამად მხოლოდ მეტ–ნაკლებად დაზიანებული ექვსი ფიგურაა შემორჩენილი საკურთხევლის ქვედა რეგისტრში, სარკმლის მარჯვნივ. ფრესკასთან არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ მარცხნიდან მეორე წმინდა ილარიონია, ხოლო მესამე —გრიგოლ საკვირველთმოქმედი. დანარჩენების ვინაობა გაურკვეველია. შემორჩენილია ასევე განკითხვის დღის ფრესკის ფრაგმენტები სამხრეთის კარის ტიმპანში. და წარწერები XIII საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული. დოლისყანა ერთადერთი ქართული ეკლესიაა, სადაც აფსიდის მოხატულობაში არაბული წარწერა იყო ჩართული. სამწუხხაროდ, ეს წარწერაც რამდენიმე წლის უკან ჩამოიშალა. დოლისყანის ეკლესია ცენტრალურ–გუმბათოვანი ნაგებობაა ძირითადი ჯვრული სივრცითა და ოთხივე კუთხეში დამატებითი სათავსებით. შენობის გეგმა წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაა. ძირითად ჯვრულ ნაწილს ქმნის ცენტრალური კვადრატული ნაწილიდან გამომავალი ოთხი მკლავი, მათ შორის ერთი, აღმოსავლეთის მკლავი აფსიდურია, ხოლო დანარჩენი სამი — მართკუთხედის ფორმისაა. დასავლეთის მკლავში, რომელიც განივ მკლავებთან შედარებით დაახლოებით 3,5–ჯერ გრძელია, ჩაშენებულია პატრონიკე, რომელიც მთლიანად იყო გახსნილი ძირითადი სივრცისკენ. წინა კედლის კამარამდე ამოშენების შემდეგ პატრონიკე ცალკე დახურულ სათავსად იქცა და მისი დასავლეთი ნაწილი დასავლეთის მკლავს მოსწყდა.
ეკლესიას მთავარი შესასვლელი დასავლეთი მკლავის სამხრეთ მხარეზე აქვს. ტაძარში შესვლა შესაძლებელია სამხრეთ–დასავლეთი კუთხის სათავსის გავლით, რომლის წინა კედელიც სრულადაა დანგრეული. დავით ხოშტარია ფიქრობს, რომ ეს სათავსო სამხრეთიდან თაღებით იქნებოდა გახსნილი და სტოა–კარიბჭის სახე ექნებოდა. ტაძრის მეორე შესასვლელი დასავლეთი მკლავის დასავლეთი კედელის ცენტრშია, კარი ინტერიერში ამოშენებულია, გარედან კი ეს ადგილი მიწითა და ნაყარი ქვებითაა სავსე.
ოთხივე მკლავში, მათ შორის საკურთხევლის აფსიდშიც თითო დიდი სარკმელია, ხოლო გუმბათში — ოთხი. მკლავების სარკმლები შიგნითკენ ძლიერ ფართოვდება. მაგალითად, სამხრეთის მკლავის სარკმლის სიგანე ფასადზე 45 სმ–ია, ხოლო ინტერიერში — 150 სმ. ამ მხრივ განსხვავებულია გუმბათის ყელის სარკმლები. ისინი თითქმის პარალელურწირთხლებიანია. შედარებით პატარა სარკმლებია პასტოფორიუმთა აფსიდებშიც.
გუმბათქვეშა თაღები სადა პროფილის იმპოსტებს ეყრდნობა. მათ ქვემოთ კედლის კუთხეებზე პილასტრები არაა. დასავლეთის მკლავს შუაზე აქვს საბჯენი თაღი, რომელიც დღეს თურქების მიერ ჩაშენებულ კედელშია ჩამალული. ეს თაღი კედელზე შეკიდულ წაკვეთილ პილასტრებს ეყრდნობა. ამ პილასტრების კაპიტელები შედარებით რთული პროფილისაა.
დოლისყანა შერეული მასალითაა ნაგები. კედლების შიდა და გარე წყობას შეადგენს საშუალო ზომის უხეშად დამუშავებული ქვები, რომლებიც სწორ რიგებადაა დალაგებული, წინა მხრიდან მოსწორებულია, მაგრამ კუთხეები და წიბოები არაა გამოყვანილი; ქვებს შორის დარჩენილი ღრეჭოები კენჭებითა და კირითაა ამოვსებული.
კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები, თაღები, პილასტრები, ღიობები, კუთხეები სუფთად თლილი ქვებითაა გამოყვანილი. ასევე სუფთად გათლილი ქვიშაქვის კვადრატული ფორმის ფილებითაა მოპირკეთებული გუმბათის ყელის მთელი შიდა და გარეთა მხარე.
მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს რომ ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობისა იყო, ნაწილი კი თვლის რომ იგი წმინდა სტეფანეს სახელზე აიგო.


www.taoklarjeti.com



მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება (cevizli), ჯევიზლი ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში ტბეთის სახელგანთქმული ეკლესიაა აღმართული. ჯევიზლისაკენ გზა თვალწარმტაც ხეობას მიუყვება. მთებს ხშირი ნაძვნარის სიმწვანე აფერადებს, მათ შორის კი საუცხოოდ მოჩანს ხის სახლები. გზა ფერდობიდან თანდათან მთის ტაფობზე გადადის, იმ ვრცელ ველზე, სადაც ტბეთის ტაძარიაAაგებული. 
პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც — შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწე ბერების მიერ არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები შეიქმნა. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ტბეთის კათედრალი კარგად იყო შენახული. მაშინ ის გიორგი ყაზბეგმა, დიმიტრი ბაქრაძემ და ნიკო მარმა შეისწავლეს. დღემდე შემორჩენილ 1888 წლის ფოტოზე , სადაც  ნათლად ჩანს ეკლესიის გუმბათი და კამარების გადახურვა. მაგრამ 1961 წელს კათედრალი უცნობმა პირებმა ააფეთქეს, რის გამოც ჩამოიშალა გუმბათი და დასავლეთი ნაწილი, დაიკარგა და გაიბნა ტაძრის შემამკობელი მრავალი დეტალი.
ნგრევამ ტბეთს მომხიბვლელობა ვერ წაართვა, გრანდიოზულობითა და ორნამენტთა სინატიფით დღესაც გხიბლავს. მის თაღებქვეშ მდგარს ძალაუნებურად გიორგი ყაზბეგის სიტყვები გახსენდება: `ტბეთის ეკლესიას შეუძლია დაამშვენოს თვით რომი, რომელიც განთქმულია ძველისძველი ტაძრებით. ტბეთის ეკლესია თავის შინაგანის და გარეგანის მშვენიერებით უფრო დიდსა და მაღალს გრძნობას აღძრავს კაცის გულში, ვიდრე სვეტიცხოველი მცხეთისა.~
ტაძრის შიდა სივრცე დღეს თითქმის მთლიანად განადგურებულია. არადა აქ XII საუკუნის ულამაზესი ფრესკები ყოფილა. საკურთხეველს ანგელოზთა ვედრება, თორმეტი მოციქულისა და ეკლესიის მამათა სახება ამკობდა.

ტბეთში ყველა ჩუქურთმა ნატიფი კვეთითაა შესრულებული, ყველა დეტალში ხუროთმოძღვრის ნიჭიერება და რუდუნება Fჩანს.
ამ მონასტერში სტეფანე მტბევარმა შექმნა ორიგინალური თხზულება `წამება წმინდისა მოწამისა გობრონისი~.
ტბეთის სამრეკლოდსან ორი წარწერაა ცნობილი. ერთი მათგანი ქვედა კორპუსზე იყო განთავსებული, ხოლო მეორე — ფანჩატურზე, კარნიზის ქვეშ. ორივე წარწერა იხილეს, მაგრამ არ წაუკითხავთ გ. ყაზბეგსა და პრ. უვაროვას. ამათგან ერთ-ერთი წარწერებიანი ქვა ნიკო მარმა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში ღუმელში ჩადგმული იპოვა. აქვე იყო მონასტრის ნანგრევებიდან წამოღებული სხვა ქვებიც. ამ წარწერის არცერთი სტრიქონი ნიკო მარის დროს სრულად არ იყო შემორჩენილი. მხოლოდ ნაწილობრივ იკითხებოდა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სტრიქონები:
. . . მოს()ვსა
. . . იტოს მტბევ
. . . სამრეკლო ესე
. . . ()()ნიკ()ნსა სიე
ამ წარწერის საფუძველზე დადგინდა, რომ ქვა ნამდვილად სამრეკლოს ეკუთვნოდა. ასევე ზუსტად განისაზღვრა სამრეკლოს აგების თარიღიც — 1527 წელი.

ნიკოლოზ მარმა სხვა წარწერასაც მიაგნო ადგილობრივ მცხოვრებთა სამოსახლოში. მეორე წარწერა შედარებით უკეთ იყო შემონახული. სოფლელები ადასტურებდნენ, რომ ეს ქვაც სამრეკლოს ნანგრევებიდან ჰქონდათ მოტანილი. წარწერა ამგვარად იკითხებოდა:
(რისტე) ამ()სა ზედა მდე-
გსა თათუხაძესა
()ხბუზას (ეუ)(დო) (მერთმა)
ეს წარწერებიანი ქვა ნიკო მარის მოსაზრებით საფლავის ქვას წარმოადგენს. განსხვავებულად ფიქრობს დ. თუმანიშვილი და მის აზრს იზიარებს ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიაც. ისინი ფიქრობენ, რომ შახბუზა თათუხაძე სამრეკლოს სამშენებლო სამუშაოების „ზედა მდეგი“ უნდა იყოს. დავით ხოშტარიას მაგალითად მოჰყავს ოშკის წარწერა, რომელშიც ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი გრიგოლი თავს „საქმეთა ზედა მდგომს“ უწოდებს.

ტბეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ნაგებობის, ე. წ. „ღმრთისმშობლის საფლავის“ არსებობა მხოლოდ ვარაუდია და ეფუძნება ნიკო მარის მიერ ტაძრიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაპოვნ ძლიერ დაზიანებულ ექვსსტრიქონიან დიდი ზომის ფილას. წარწერაში იკითხებოდა სიტყვები  „კუბ(ო)ჲ დედისა ღ(მრთისა)ჲ“
ეს წარწერა, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, დაკარგულია. ნიკო მარის მითითებით, წარწერა მიუთითებს ტბეთში ღვთისმშობლის განსაკუთრებული კულტის არსებობაზე. დავით ხოშტარია ყურადღებას აქცევს წარწერის შინაარსს, განსაკუთრებით კი მის ბოლო სტრიქონს. მისი თქმით, „კუბო“ შეიძლება გულისხმობდეს ღვთისმშობლის ხატის ჩასასვენებელს. არსებობს მხოლოდ ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტბეთში არსებობდა ნაგებობა, „ღმრთისმშობლის საფლავად“ წოდებული, რომელიც იერუსალიმში არსებული ღვთისმშობლის ნამდვილი საფლავის იმიტაციას წარმოადგენდა, ისე, როგორც სვეტიცხოველში არსებობს „უფლის საფლავი“.
ძველი ავტორების მიხედვით, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთის პილასტრში ჩადგმული იყო რელიეფური ფილა ქტიტორის გამოსახულებით. ეს ფილა მოგვიანებით თბილისში გადმოიტანეს და ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სავარაუდოა, რომ იგი თავის ადგილას არ იჯდა და თავდაპირველად ფასადზე იყო მოთავსებული. აკაკი ბაქრაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რელიეფურ ფილაზე პირველი ტაძრის ქტიტორი, აშოტ კუხი იყო გამოსახული, შესაბამისად ფილა X საუკუნის დასაწყისით დათარიღდა. ეს მოსაზრება დღეს ფართოდაა გავრცელებული და დამკვიდრებული. შემდგომში ნ. და ჟ.-მ. ტიერიმ განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს; მათი აზრით რელიეფი უფრო გვიანდელია და X საუკუნის ბოლო ხანებით ან XI საუკუნის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. ამ მოსაზრების თანახმად ფილაზე ტაძრის ერთ-ერთი განახლების ქტიტორია გამოსახული. ნიკო მარის ცნობით რელიეფს წარწერაც ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მისივე თქმით წარწერა გულმოდგინედ იყო ჩამოტეხილი ჩაქუჩით. ნიკო მარს წარწერაში მხოლოდ რამდენიმე ასო გაურჩევია.
დრომ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ბუნება უცვლელი დარჩა. ეს გაშლილი ველი, მთის ქონგურები და უძირო ცა თითქოს ტბეთისთვის საგანგებოდ შეიქმნა. მრავაულსაუკუნოვანი  კედლები გულგრილს არავის ტოვებდა. სწორედ ამიტომ ტბეთზე ცნობილ თურქ მწერალ ფაქირ ბაიყურთს უთქვამს: `არავინ იცის, რამდენი წლისაა ეს უზარმაზარი ნაგებობა. იქნებ ათასის, იქნებ უფრო მეტისაც. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. ჯევიზლი კი, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, კაკლიანი სოფელია. კაკლები მაისის თვეში ყალყზე დგებიან... ამდენ სიმწვანეში შორიდან ძნელად თუ შენიშნავ შენობას, მის სიდიადეს კი მხოლოდ მაშინ აღიქვამ, როდესაც მიუახლოვდები. შიგნით შეხვალ და ზემოთ აიხედავ. ძველი ეპოქის, აქ მცხოვრები ხალხის, მათი დაკარგული სარწმუნოების, მისი ცივილიზაციის ნაშთია იგი.~ 
 


www.taoklarjeti.com


ოპიზა, უფრო სწორად მისი ნანგრევები, შორიდანვე მოჩანს. თუმცა ფერდობს კარგად უნდა დააკვირდე, რომ სიმწვანეში ჩამალული მრავალსაუკუნოვანი კედლები შენიშნო. მონასტერი ართვინის ვილაიეთში, სოფელ ბახჩილარში (Bağcılar) მდებარეობს
ოპიზა კლარჯეთის უძველესი და ყველაზე ვრცელი მონასტერი იყო. როგორც ამ კუთხის სხვა ძეგლები, ისიც ვერ ეღირსა ქართველ მეცნიერთა ყურადღებას. 1874 წელს იგი გიორგი ყაზბეგმა დაათვალიერა და ქალაქს შეადარა. 1888 წელს არქიტექტურის აკადემიკოსმა ა. პავლინოვმა ინახულა. კომპლექსის გრანდიოზულობა შემორჩენილი ფოტოებიდანაც ჩანს.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა. სავანის დაარსება ვახტანაგ გორგასლისა და ერისთავ არტავაზის სახელს უკავშირდება და პრაქტიკულად პირველი მონასტერი იყო საქართველოში. არაბთა შემოსევის შემდეგაც პირველად ის აღუდგენიათ, ამიტომ 780 წელს აქ დამკვიდრდა და ერთხანს მოწაფეებთან ერთად ცხოვრობდა ქართლიდან წამოსული გრიგოლ ხანცთელი. მონასტერში მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიწი, ბექა და ბეშქენ ოპიზრები. აქ გადაიწერა 913 წლის ოპიზის სახარება.
ოპიზის ტაძრის სამხრეთ ფასადზე იყო მოთავსებული სამფიგურიანი რელიეფი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. რელიეფი ორი ერთნაირი ზომის ფილისაგან შედგება. შუაში ქრისტეა გამოსახული, მარჯვნივ, როგორც წარწერა გვაუწყებს, აშოტ კურაპალატი, ხელში ოპიზის ტაძრის მოდელი უჭირავს, მარცხნივ დავითი. მიჩნეული იყო, რომ აშოტ კურაპალატი არის აშოტ I, ხოლო დავითი, ებრაელთა დიდი მეფე, ვის შთამომავლებათაც ბაგრატიონები იწოდებოდნენ. პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ კვლევის შედეგად ივარაუდა, რომ ბარელიფზე გამოსახულია აშოტ IV კურაპალატი და მისი ძმა დავითი, ქართველთა მეფე. 945-954 წლებში სწორედ ამ აშოტმა განაახლა ტაძარი და ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადააკეთა.
ეს ბარელიეფი ერთადერთი დეტალია, რაც ეკლესიის მორთულობიდან შემოგვრჩა. ვინ იცის, კიდევ რამდენ საინტერესო ცნობას ინახავდა ოპიზა.
ოპიზის ყველაზე საინტერესო ფოტო 1959 წელს უცხოელმა მეცნიერმა ტიერიმ გადაიღო. მართალია, ეკლესიის მკლავების გადახურვა მას უკვე ჩანგრეული დახვდა, მაგრამ ჯერ მყარად იდგა გუმბათი. ტიერის ფოტო უნიკალურია. მას შემდეგ ოპიზა გუმბათით არავის დაუფიქსირებია.
ყურადღებას იპყრობს X საუკუნის I ნახევარში აღდგენილი გუმბათის ყელი. მას 12 წახნაგი აქვს და ყოველი მათგანი საკუთარი ფრონტონით არის აღჭურვილი, რის გამოც კარნიზი ჰორიზონტალურის ნაცვლად ტეხილი გამოდის, ხოლო სახურავი სანახევროდ გაშლილ ქოლგას ემსგავსება. ეს და აგრეთვე გუმბათის ყელის შეწყვილებულ ლილვებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღები მოწმობს დეკორაციულობისადმი ინტერესის გაძლიერებას. შენობის ფასადებიც, ისევე როგორც ინტერიერი, შემოსილია თლილი ქვით. 
შემორჩენილი ძველი ფოტოს მიხედვით ეკლესიიდან მარჯვნივ გრძელი, თაღებიანი შენობა მოჩანს. სავარაუდოდ, აქ იყო სატრაპეზო, რომელიც აშოტ IV კურაპალატს აუშენებია. ნაგებობა იდგა მარცხნივაც, კერძოდ სამრეკლო. ოპიზას ჰქონია ვრცელი სკრიპტორიუმი, სადაც ურიცხვი ხელნაწერი შეიქმნა. სამხრეთ მონაკვეთში კი დიდი აკლდამა, ქართველ მეფეთა და ადგილობრივ ხელისუფალთა სამარხი.
ოპიზა ჩვენთვის უპირველესად ორი დიდი შემოქმედის სახელს უკავშირდება.
"მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა"
"ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი"
ორი ვედრება და ორი სახარება, ორივე ერთმანეთზე უფრო მშვენიერი და მომხიბლავი. ისინი ოპიზაში მოღვაწე ძმებმა ბექამ და ბეშქენმა შექმნეს. ძნელია, მათ შორის უკეთესი გამოარჩიო. ერთს უფრო მეტი ძვირფასი ქვა გამოუყენებია, მეორეს უფრო უხვი ჩუქურთმა და ორნამენტი. განსხვებასთან ერთად საერთოსაც ხედავ. ნაზად მოღერებულ ვაზის ფოთლებში, ლამაზად დახვეულ ყლორტებში ოსტატთა საერთო სული იგრძნობა.
ბეშქენის მიერ მოჭედილი სახარება XII საუკუნეში იოვანე მოძღვარმა ოპიზაში, ბერთის მონასტრისათვის გადაწერა. ბექას ნახელავი კი (დაახლოებით 1195 წელი) წყაროსთავის ეკლესიას შესწირეს. 
არავინ იცის, რამდენ ხანს ქმნიდნენ ამ უკვდავ ძეგლებს ძმები ოპიზრები, რამდენჯერ დაიღალნენ, რამდეჯერ მოუწიათ ერთხელ შექმნილი ორნამენტის  გადაკეთება. ერთმანეთს რომ ეხმარებოდნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ, ეს ცხადია. ისიც ნათელია, რომ ამ ძვირფას ლითონებსა და ქვებს შორის ოპიზრებმა სამკაულად ყველაზე ძვირფასი რამ ჩადეს _ საკუთარი სულის ნაწილი, რითაც ბედნიერება და უკვდავება ერთად მოიპოვეს.
ტაძარმა ყველაზე დიდი ნგრევა XX საუკუნის შუა წლებში განიცადა.  მაშინაც სოფელში გზა გაჰყავდათ და მშენებლებმა იოლი, მაგრამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს. გზა პირდაპირ ოპიზაზე გაატარეს, ამიტომ ეკლესია ააფეთქეს. ახლა ოპიზის სამონასტრო კომპლექსისა და ტაძრის ნაცვლად რამდენიმე კედელიღა შემორჩა.
ცნობილია, რომ ოპიზა ფრესკებით ყოფილა შემკული, თუმცა კედლებზე დღეს მხატვრობის ნატამალი აღარ ჩანს. სამაგიეროდ გაოცებს კედლების მასშტაბები და იმ ადამიანთა მონდომება, მონასტრის ასაშენებლად უზარმაზარი ლოდები რომ მოჰქონდათ.
`აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი~ – ასე დასტიროდა ალექსანდრე ჭავჭავაძე სევანის ტბის პირას გაშენებულ სომხურ ქალაქს. იგივე შეიძლება ოპიზაზე ითქვას.