ტბეთი

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება (cevizli), ჯევიზლი ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში ტბეთის სახელგანთქმული ეკლესიაა აღმართული. ჯევიზლისაკენ გზა თვალწარმტაც ხეობას მიუყვება. მთებს ხშირი ნაძვნარის სიმწვანე აფერადებს, მათ შორის კი საუცხოოდ მოჩანს ხის სახლები. გზა ფერდობიდან თანდათან მთის ტაფობზე გადადის, იმ ვრცელ ველზე, სადაც ტბეთის ტაძარიაAაგებული. 
პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც — შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწე ბერების მიერ არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები შეიქმნა. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ტბეთის კათედრალი კარგად იყო შენახული. მაშინ ის გიორგი ყაზბეგმა, დიმიტრი ბაქრაძემ და ნიკო მარმა შეისწავლეს. დღემდე შემორჩენილ 1888 წლის ფოტოზე , სადაც  ნათლად ჩანს ეკლესიის გუმბათი და კამარების გადახურვა. მაგრამ 1961 წელს კათედრალი უცნობმა პირებმა ააფეთქეს, რის გამოც ჩამოიშალა გუმბათი და დასავლეთი ნაწილი, დაიკარგა და გაიბნა ტაძრის შემამკობელი მრავალი დეტალი.
ნგრევამ ტბეთს მომხიბვლელობა ვერ წაართვა, გრანდიოზულობითა და ორნამენტთა სინატიფით დღესაც გხიბლავს. მის თაღებქვეშ მდგარს ძალაუნებურად გიორგი ყაზბეგის სიტყვები გახსენდება: `ტბეთის ეკლესიას შეუძლია დაამშვენოს თვით რომი, რომელიც განთქმულია ძველისძველი ტაძრებით. ტბეთის ეკლესია თავის შინაგანის და გარეგანის მშვენიერებით უფრო დიდსა და მაღალს გრძნობას აღძრავს კაცის გულში, ვიდრე სვეტიცხოველი მცხეთისა.~
ტაძრის შიდა სივრცე დღეს თითქმის მთლიანად განადგურებულია. არადა აქ XII საუკუნის ულამაზესი ფრესკები ყოფილა. საკურთხეველს ანგელოზთა ვედრება, თორმეტი მოციქულისა და ეკლესიის მამათა სახება ამკობდა.

ტბეთში ყველა ჩუქურთმა ნატიფი კვეთითაა შესრულებული, ყველა დეტალში ხუროთმოძღვრის ნიჭიერება და რუდუნება Fჩანს.
ამ მონასტერში სტეფანე მტბევარმა შექმნა ორიგინალური თხზულება `წამება წმინდისა მოწამისა გობრონისი~.
ტბეთის სამრეკლოდსან ორი წარწერაა ცნობილი. ერთი მათგანი ქვედა კორპუსზე იყო განთავსებული, ხოლო მეორე — ფანჩატურზე, კარნიზის ქვეშ. ორივე წარწერა იხილეს, მაგრამ არ წაუკითხავთ გ. ყაზბეგსა და პრ. უვაროვას. ამათგან ერთ-ერთი წარწერებიანი ქვა ნიკო მარმა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში ღუმელში ჩადგმული იპოვა. აქვე იყო მონასტრის ნანგრევებიდან წამოღებული სხვა ქვებიც. ამ წარწერის არცერთი სტრიქონი ნიკო მარის დროს სრულად არ იყო შემორჩენილი. მხოლოდ ნაწილობრივ იკითხებოდა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სტრიქონები:
. . . მოს()ვსა
. . . იტოს მტბევ
. . . სამრეკლო ესე
. . . ()()ნიკ()ნსა სიე
ამ წარწერის საფუძველზე დადგინდა, რომ ქვა ნამდვილად სამრეკლოს ეკუთვნოდა. ასევე ზუსტად განისაზღვრა სამრეკლოს აგების თარიღიც — 1527 წელი.

ნიკოლოზ მარმა სხვა წარწერასაც მიაგნო ადგილობრივ მცხოვრებთა სამოსახლოში. მეორე წარწერა შედარებით უკეთ იყო შემონახული. სოფლელები ადასტურებდნენ, რომ ეს ქვაც სამრეკლოს ნანგრევებიდან ჰქონდათ მოტანილი. წარწერა ამგვარად იკითხებოდა:
(რისტე) ამ()სა ზედა მდე-
გსა თათუხაძესა
()ხბუზას (ეუ)(დო) (მერთმა)
ეს წარწერებიანი ქვა ნიკო მარის მოსაზრებით საფლავის ქვას წარმოადგენს. განსხვავებულად ფიქრობს დ. თუმანიშვილი და მის აზრს იზიარებს ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიაც. ისინი ფიქრობენ, რომ შახბუზა თათუხაძე სამრეკლოს სამშენებლო სამუშაოების „ზედა მდეგი“ უნდა იყოს. დავით ხოშტარიას მაგალითად მოჰყავს ოშკის წარწერა, რომელშიც ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი გრიგოლი თავს „საქმეთა ზედა მდგომს“ უწოდებს.

ტბეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ნაგებობის, ე. წ. „ღმრთისმშობლის საფლავის“ არსებობა მხოლოდ ვარაუდია და ეფუძნება ნიკო მარის მიერ ტაძრიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაპოვნ ძლიერ დაზიანებულ ექვსსტრიქონიან დიდი ზომის ფილას. წარწერაში იკითხებოდა სიტყვები  „კუბ(ო)ჲ დედისა ღ(მრთისა)ჲ“
ეს წარწერა, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, დაკარგულია. ნიკო მარის მითითებით, წარწერა მიუთითებს ტბეთში ღვთისმშობლის განსაკუთრებული კულტის არსებობაზე. დავით ხოშტარია ყურადღებას აქცევს წარწერის შინაარსს, განსაკუთრებით კი მის ბოლო სტრიქონს. მისი თქმით, „კუბო“ შეიძლება გულისხმობდეს ღვთისმშობლის ხატის ჩასასვენებელს. არსებობს მხოლოდ ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტბეთში არსებობდა ნაგებობა, „ღმრთისმშობლის საფლავად“ წოდებული, რომელიც იერუსალიმში არსებული ღვთისმშობლის ნამდვილი საფლავის იმიტაციას წარმოადგენდა, ისე, როგორც სვეტიცხოველში არსებობს „უფლის საფლავი“.
ძველი ავტორების მიხედვით, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთის პილასტრში ჩადგმული იყო რელიეფური ფილა ქტიტორის გამოსახულებით. ეს ფილა მოგვიანებით თბილისში გადმოიტანეს და ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სავარაუდოა, რომ იგი თავის ადგილას არ იჯდა და თავდაპირველად ფასადზე იყო მოთავსებული. აკაკი ბაქრაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რელიეფურ ფილაზე პირველი ტაძრის ქტიტორი, აშოტ კუხი იყო გამოსახული, შესაბამისად ფილა X საუკუნის დასაწყისით დათარიღდა. ეს მოსაზრება დღეს ფართოდაა გავრცელებული და დამკვიდრებული. შემდგომში ნ. და ჟ.-მ. ტიერიმ განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს; მათი აზრით რელიეფი უფრო გვიანდელია და X საუკუნის ბოლო ხანებით ან XI საუკუნის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. ამ მოსაზრების თანახმად ფილაზე ტაძრის ერთ-ერთი განახლების ქტიტორია გამოსახული. ნიკო მარის ცნობით რელიეფს წარწერაც ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მისივე თქმით წარწერა გულმოდგინედ იყო ჩამოტეხილი ჩაქუჩით. ნიკო მარს წარწერაში მხოლოდ რამდენიმე ასო გაურჩევია.
დრომ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ბუნება უცვლელი დარჩა. ეს გაშლილი ველი, მთის ქონგურები და უძირო ცა თითქოს ტბეთისთვის საგანგებოდ შეიქმნა. მრავაულსაუკუნოვანი  კედლები გულგრილს არავის ტოვებდა. სწორედ ამიტომ ტბეთზე ცნობილ თურქ მწერალ ფაქირ ბაიყურთს უთქვამს: `არავინ იცის, რამდენი წლისაა ეს უზარმაზარი ნაგებობა. იქნებ ათასის, იქნებ უფრო მეტისაც. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. ჯევიზლი კი, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, კაკლიანი სოფელია. კაკლები მაისის თვეში ყალყზე დგებიან... ამდენ სიმწვანეში შორიდან ძნელად თუ შენიშნავ შენობას, მის სიდიადეს კი მხოლოდ მაშინ აღიქვამ, როდესაც მიუახლოვდები. შიგნით შეხვალ და ზემოთ აიხედავ. ძველი ეპოქის, აქ მცხოვრები ხალხის, მათი დაკარგული სარწმუნოების, მისი ცივილიზაციის ნაშთია იგი.~