ერუშეთი (2003)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



მირიანმა ნათელ-იღო და წარავლინა მოციქულნი კონსტანტინეს წინაშეო. მანაც სიხარულით წარმოგზავნა მღდელნი და ხურონი, დიდი სიწმინდეებიც გამოატანაო. ერუშეთს რომ მოიწივნეს, სამსჭვალნი უფლისანი დაუტევნეს და ეკლესიის შენება იწყესო. გზა განაგრძეს და მანგლისს მოვიდნენო, ფიცარნი უფლისანი დატოვეს და აქაც მშენებლობას შეუდგნენო. იწყინა მირიანმა, პირველად სამეფო ქალაქში რად არ იწყესო. ასეა საჭიროო, სადაც მოდიან, იქავ ღვთის სახელს სთესვენო - დაამშვიდა მოციქულთასწორმა ნინომო.
ულამაზეს ერუშეთში, ამ ისტორიულ მხარეში, დღეს ველ-ველ, ზეგან-ზეგან და კითხვა-კითხვით ივლი, ერთ მივარდნილ სოფელს მიადგები და დრო-ჟამისგან და იმ ხალხისგან, რომელთაც არა უწყოდნენ რასა იქმოდნენ, დაქცეულ, შემოძარცულ და ლამისაა სრულად აღგვილ დიდ ეკლესიას იხილავ. ''ერშეთ'' - ასე იცვალა ადგილმა სახელი, ტაძრის იმ გეგმიდან კი, დიდმა ექვთიმემ რომ ჩახაზა, დღეს საკურთხევლის გარდა თითქმის აღარაფერი იკითხება. არადა აქ პირველი ქართული ეკლესია იდგა...
თუმცა კითხვები არ გვასვენებს: რა ნიშნით აირჩიეს თითქოს არაფრით გამორჩეული ეს ადგილი? ეგება და, იმჟამად დიახაც მნიშვნელოვანი პუნქტი იყო და მერე და მერე დაემცრო? იქნება და, ადგილზე ყოფნისას, დრო რომ გვქონოდა, ნიშნეული ნასახლარიც შეგვენიშნა? ეგების, სულაც არაა აუცილებელი, დასახლება რაღაცით ყოფილიყო გამორჩეული - აკი ხშირად ვერც კი ვხვდებით ძველად როგორ ირჩევდნენ ადგილებს ეკლესიისთვის? იქნებ ეს ''ერშეთი'' კი არა, მეზობლად მდებარე ნაქალაქარია ძველი ერუშეთი, ადგილობრივები ''ნაქლაქას'' რომ ეძახიან და დღესაც რომ ეტყობა მნიშვნელოვანი დასახლების კვალი? პუნქტ ერუშეთში ძველად საეპისკოპოსო ცენტრიც იყო და ეს უსახელო ნაქალაქარი თითქოს უფრო არ შეესაბამება ასეთ კერას? თუ ეს ასეა, მაშ `პირველი ეკლესია~ ძველ ნაქალაქარში უნდა ვეძიოთ, მაგრამ ''ნაქლაქაში'' ეკლესია რომ აღარსად ჩანს? წლების წინ საინტერესო დაკვირვება გამიზიარა ირინე გივიაშვილმა - ერუშეთის ეკლესია სწორედაც კონსტანტინე იმპერატორის აგებული ბაზილიკების გეგმას მისდევსო. ეს კარგი არგუმენტია, მაგრამ აქაც წამოყოფს თავს ახალი კითხვა: სწორია კი სულმნათი მეცნიერის ჩახაზული გეგმა? ეკლესია ხომ მასაც თითქმის სულ დანგრეული დახვდა? თუმცა სოფლის სახელს რაღა ვუყოთ? ერუშეთიო... იქნებ ერუშეთში, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, არა მარტო პუნქტი, არამედ მთელი მისი მიმდგომი სოფლებიც იგულისხმებოდა? თუ ასეა, მაშ, ეგების, სულ ერუშეთი იყო ეს მიდამოები, ''ნაქლაქიან''-''ერშეთიანა'' და ქალაქის დაცემის შემდეგ მხოლოდ ამ უკანასკნელსღა შერჩა სახელი? თუ ეს ვარიანტი არ მოგვწონს, აბა ამ უსახელო ნაქალაქარს რაღა ერქვა?
საბოლოო სიტყვა, ცხადია, არქეოლოგიას ეკუთვნის. და მაინც, ნეტავ ეს შელახული, დაშლილ-გაფცქვნილი, გადათხრილ-გადმოთხრილი და შეღობილ-შემოღობილი, საკურთხევლის ნაწილითღა მოღწეული ტაძარი, მხოლოდ სოფლის სამრევლო ტაძარია, რომლის მაგვარი მრავლადაა კოლა-არტაან-ერუშეთში თუ მართლა ის პირველი ეკლესია და ერუშეთის საეპისკოპოსო კათედრაა, სადაც ერთ დროს უფლის სამსჭვალნი ინახებოდა?

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 2, 2012)