ოთხთა

Rate this item
(1 Vote)
 
www.taoklarjeti.com


 

X საუკუნის ოთხთა ეკლესიის მონასტერი ართვინის ვილაიეთშია,  სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ სოფელ თექალედან (Tekkale),  5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში მდებარეობს. ოთხთა ეკლესია პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. წერილობითი წყაროების მიხედვით, ძველთაგანვე ცნობილი მონასტრის მთავარ ტაძარს წარმოადგენდა. ოთხთა ეკლესია პროპორციებით განსხვავდება ძველი ბაზილიკებისაგან (როგორებიცაა ბოლნისი და ურბნისი).
აფსიდით დასრულებული შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდის ნავებისაგან, სახურავის კალთები ციცაბო, ხოლო ფასადები დამუშავებულია ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ნაგებია აგურითა და ქვით დუღაბზე, შემოსილია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო. ბაზილიკის გვერდით მონასტრის სატრაპეზო და დიდი სამნავიანი შენობაა (როგორც ფიქრობენ, სემინარია). აქვეა მცირე ზომის სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხია მოთავსებული.
ოთხთა მთის ძირას, კაკლისა და კომშის ხეებით გარშემორტყმულ სპეციალურად შექმნილ ბაქანზე დგას. ბაზილიკა X საუკუნის მეორე ნახევარში დავით დიდ კურაპალატს მოუპირკეთებია. მასვე აქ სემინარია დაუარსებია.
1917 წლის სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიშში მოცემულია ოთხთა ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები და ხალხური გადმოცემაც. თხზულებიდან „ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ ნეტართა მამათა ჩუენთაჲ იოვანესი და ეფთჳმესი“ ირკვევა, რომ როცა იოანე მთაწმინდელმა საერო ცხოვრებაზე ხელი აიღო, მალულად ოთხთა ეკლესიის ლავრაში წავიდა და იქ ეკურთხა ბერად. ადგილობრივი მოსახლეობის ნაამბობით, იშხნის, ოშკისა და ხახულის შემდეგ ეს მეოთხე შესანიშნავი ეკლესიაა და სახელიც ამიტომ ეწოდა. ამავე დროს, ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: `მცხოვრებნი გამაჰმადიანებული ქართველები არიან. ქართული ყველამ იცის. ადგილობრივ მუსულმანებს ტაძრის დიდი რიდი აქვთ, რატომღაც მისი ეშინიათ. ამბობენ, ვინც კი აქ დასახლდა, ყველა გადაშენდაო. ამიტომ ლავრის მახლობლად სახლებს ვერ ნახავთ. დღემდე შემორჩა ლეგენდა: `ერთხელ, ერთმა მწყემსმა ეკლესიაში ფარა შერეკა, მაგრამ ეს ფარა შემდეგ მოვარდნილმა წყალმა იმსხვერპლაო.~
სამაგიეროდ ეკლესიას არ უფრთხიან ოქროს მაძიებელნი, რომელთაც საძირკველი მთლიანად გამოუთხრიათ, კედლები და ბოძები დაუნგრევიათ. მწყემსები თივას ლავრაში ინახავენ.შუა შენობებს შუა სარწყავი არხები გადის, სახურავიდანაც წყალი ჩამოდის,  რომელიც საბოლოოდ ანადგურებს ისედაც მომსპარ ფრესკებს. არადა, შეიძლება ოთხთა ეკლესიის მოხატულობა ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშად ჩაითვალოს. ასეთ სახებას სხვაგან ვერსად ნახავთ.

ვახტანგ ჯობაძის თქმით `აფსიდის დიდი სარკმლის შიდა პირზე ლურჯ ფონზე დახატულია ფიგურა, რომელსაც უპყრია ოთხთა ეკლესიის მსგავსი სამნავიანი ბაზილიკა. მას ახლავს ერთსტრიქონიანი წარწერა `სიონი~. ამდენად, ეს არის სიონის, ანუ ზეთა იერუსალიმის ალეგორიული გამოსახულება. ყოველ დილით სხივი, `მზე აღმოსავლისა~, ეკლესიაში პირველად სწორედ `სიონის~ კომპოზიციას სწვდებოდა, ანათებდა და გულმხურვალედ მლოცველ ბერებს მხნეობას მატებდა, თანაც შთააგონებდა, რომ ოთხთა ეკლესია გაიგივებულია ბიბლიურ სიონთან, რომელიც არის `სახლი ღმრთისაჲ წუერსა ზედა მთასასა...~ და იერუსალიმის სიონის ბაზილიკასთან, რომელიც არის `დედაყოველთა ეკლესიათა”.
შეცდომა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ოთხთა ეკლესიის `სიონი~ სურათოვანი ანარეკლია X საუკუნის შუა წლებში ტაო-კლარჯეთში გაძლიერებული ეროვნული აღტკინებისა, ბაგრატიონთა გენეალოგიური წარმოშობისა დავით წინასწარმეტყველის წიაღიდან და დავით კურაპალატის შორსმჭვრეტი მიღწევებისა.“