ერთ ცხოვრებაში რამდენჯერ უნდა ეწვიო კაცი ოშკის ტაძარს, არ ვიცი. არც პათეტიკა მიყვარს და არც კატეგორიული მოწოდებები, მაგრამ მგონია, რომ ვისაც ოშკი არ უნახავს, მას ქართული კულტურის შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც ქრისტიანობაზე იმ ადამიანს, სახარება რომ არ წაუკითხავს. ოშკი სახარებასავითაა. დიდია ოშკის პირველი წაკითხვის ემოციები, მაგრამ მასთან ყოველი მისვლა სულ ახალს და ახალ გაპოვნინებს. აი, მაგალითად, ცხოველთა ეს რელიეფური გამოსახულებები, გუმბათის ყელს რომ შემოუყვება ძირში. საოცრებაა, ნეტავ რამ გადააწყვეტინა ხუროთმოძღვარს ასეთი სარტყელი შემოეკრა გუმბათისთვის? არა, ბოლომდე მაინც არ შემოურტყამს, აღმოსავლეთიდან, წმინდა მხრიდან დაუწყია. სხვა მხარეებზე ცარიელი მედალიონები დაუტოვებია. ნეტავ, თუ აპირებდა გაგრძელებას? უცნაურია, ეს ცხოველები ოშკის გოლიათ ტაძართან შედარებით ისეთი მცირენი არიან, რომ ვერავინ შეამჩნევდა ქვემოდან. მაშ, რაღატომ ირჯებოდნენ ოსტატნი? იქნებ იმიტომ, რომ ისინი ოშკის ტაძარს ძერწავდნენ და მათთვის ეს პროცესი იყო ყველაზე მთავარი? იქნებ იმიტომაც, რომ ოშკის შემოქმედნი ყველგან ეპატიჟებოდნენ ტაძრის სიდიადით აღფრთოვანებულ მლოცველებს – ეგვტერსა თუ გალერეაში, კარიბჭეებსა თუ ნიშებში, სვეტების ქვეშა თუ გუმბათის ძირში. ეს ხომ სახარება უნდა ყოფილიყო, უნდა გეკითხა დაუსრულებლად და ყოველი წაკითხვისას ახალი რამ უნდა გეპოვა...