ქაჯთა ქალაქი (2009)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



ამ ციხეს, არტაან-ერუშეთის საზღვარზე, სოფელ ურთან რომ დგას, ბევრჯერ ავუვლ-ჩავუვლით ხოლმე, იქ ასვლისთვის კი ვერ მოვიცლით, მომავლისთვის გადავდებთ, ახლა ხომ არტაანისკენ მიგვეჩქარება, მერე კოლა, მერე ბანას უნდა მივუსწროთ, ვიდრე დაღამდა, მეორე დღეს ხახული, ოშკი, იშხანი და ასე... ხან მანქანის გაჩერება და სურათის გადაღებაც შეგვეზარება, სად წაგვივაო და სამერმისოდ გადავდებთ. ხანაც, მუსაიფში გართულებს, სულაც გამოგვეპარება. რამდენჯერ უნდა გადაიღოო ერთი და იგივეო, მსაყვედურობენ ხოლმე, მაგრამ ყოველი წამი ხომ მხოლოდ ახლაა და მეც სულ ვცდილობ ხელიდან არ გავუშვა მორიგი კადრი.
ერთხელაც, სახლში, თუ სულაც მანქანაში, კადრი მოვაახლოვე და მივხვდი, რომ შორიდან მოკრძალებული რომ ჩანს, საკმაოდ ძველი ციხე უნდა იყოს - მშენებლობისას უჩვეულოდ დიდი ზომის ქვების გამოყენება ხომ სიძველის ნიშანია. ამ სიძველეს კი მშვენივრად უკავშირდება ''ქართლის ცხოვრების'' ცნობა, რომ მითიური წინაპრის - ქართლოსის შვილიშვილმა ჯავახოსმა ორი ქალაქი აღაშენა: წუნდა ჯავახეთში და ქაჯთა ქალაქი არტაანში. ამ უკანასკნელს ახლა ჰური ჰქვიანო, დასძენს ლეონტი მროველი.
დღევანდელი ურის ძველი ჰურობა და ქაჯთა ქალაქობა თითქოს ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ქვემოდან ნაქალაქარი არსად ჩანდა. ერთხელაც, უკანა გზაზე, დრო გამოვნახეთ და ციხეზე ავედით. გალავანი უჩვეულოდ წრიული ფორმისა დაგვიხვდა, შუა საუკუნეებს რომ არ ახასიათებს, ისეთი წრიული. სახლში დაბრუნებული, ფრიად გაკვირვებული დავრჩი, როცა ციხის გეგმას ინტერნეტ-რუკიდანაც დავხედე: სრული წრე ზუსტად სამხრეთ ნაწილში დასმული დიდი გოდოლით! თითქოს თვლიანი ბეჭედიაო... მხოლოდ თავდაცვა არ უნდა იყოს აქ, საკრალურის ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს... არადა, ქვემოდან არაფერი ჩანდა...
ზღაპრული ხედი გადაიშალა წინ: ერუშეთის ახალამწვანებული მდელოები და მასზე გაშლილი სოფელი ური, ლამაზად მონარნარე მტკვარი და რაც მთავარია და რის საძებნელადაც აქ ამოვედით - ციხის ქვემოთ, ფერდობებზე მიმობნეული დიდი ქვები, ძველი ტერასები, გრძელი თუ მოკლე შენობების კვალი. ეს აშკარად ძველი ნაქალაქარია - იმ პერიოდისა, რომლის შესახებაც შუა საუკუნეებში აღარაფერი ახსოვდათ. ამიტომაც მიაწერეს ასეთი ''ქალაქების'' შენება მცხეთოსსა თუ უფლოსს, ჯავახოსსა თუ ოძრხოსს. აშკარაა, რომ ეს ის ქაჯთა ქალაქია, მეორედაც რომ ახსენებს ''ქართლის ცხოვრება'' - საბოლოოდ აქ ეკვეთნენ ერთურთს აზონი და ფარნავაზიო, მოისრა ურიცხვი, მათ შორის აზონიცო და იმარჯვა ქართლის პირველმა მეფემაო. ეგებ და, სწორედ აი ამ ველზე მოხდა ეს ისტორიულო ბრძოლა?
ერთი რამ კიდევ: ქაჯთა ქალაქი აქ; ქაჯისციხე აქვე, არტაანში; მახლობლად, ჯავახეთში - წუნდა, სომხებმა რომ დაიპყრეს და ქაჯატუნი უწოდეს (რომელი ესე ითარგმანების ''დევთა სახლად''). ვინ არიან ეს ''ქაჯები'', სიდამ მოსულან და სად გამქრალან? რას ნიშნავდა მაშინ ''ქაჯობა'' და იმ ხალხს რა ერქვა, ვისთვისაც ესენი ''ქაჯები'' იყვნენ?
აბა ახლა ეს ამბები გვერდზე გადავდოთ და კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი - რა ლამაზია ეს ოხერი, ერუშეთია თუ არტაანია, კოლაა თუ კლარჯეთია, გაზაფხულია თუ შემოდგომაა, დარია თუ ავდარია, ტყიანია თუ ტიტველია, ხევია თუ დიდველია...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 2, 2012)