თორთუმის ციხე

Rate this item
(1 Vote)
 
www.taoklarjeti.com

 

თექალე (Tekkale), სოფელი თექალე, კავკასიძეების ციხე მართალია პატარაა, მაგრამ ძალიან პირქუშია და მიუდგომელი. მთელ პროვინციაში ასეთი მიუვალი ციხის პოვნა გაგიჭირდებათ. ამ ციხეზე ასვლას ექვთიმე თაყაიშვილიც ოცნებობდა, თუმცა დიდმა მეცნიერმა ეს ვერ მოახერხა. ციხეზე ვერ ავიდა ვერც დიმიტრი ბაქრაძე, ვერც აკადემიკოსი პავლინოვი და ვერც მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე. იმ დროს თეკკალეზე მისასვლელი ერთადერთი ჩრდილოეთის გზა უკვე ჩამორეცხილი იყო.
ექვთიმე თაყაიშვილი წიგნში `1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში~ ამ ციხეს ოთხთა ეკლესიის ციხედ იხსენიებს და ტაბულებში დართული აქვს ფოტო წარწერით: `ციხე მდინარე ოთხთა ეკლესიის-წყლის მარცხენა ნაპირზე~. ოთხთა ეკლესია რამდენიმე ნაგებობას აერთიანებდა, მათ შორის იგულისხმა მეცნიერმა ეს ციხე და მისი დარბაზული ეკლესია . თუმცა შემდეგ უკვე კავკასიძეების ციხეს უწოდებს, თეკკალე (რაც ცალ ციხეს ნიშნავს) კი თურქული სახელია.
ამავე წიგნშია დამოწმებული ამ ციხის ერთადერთი წარწერა, სადაც საყდრის აღმშენებელი და ციხის მფლობელი მურვან კავკასიძეა მოხსენიებული. ამ ისტორიული ძეგლზე სხვა თითქმის არაფერია ცნობილი. აი, რას მოგვითხრობს კავკასიძეების ციხის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი:
`ოთხთა ეკლესიის ციხე სოფლიდან 1,5 კილომეტრის მანძილზე დგას, იმავე სახელწოდების მდინარის მარცხენა, კლდოვან ნაპირზე. კარი ჩრდილოეთიდან ჰქონია, მაგრამ იგი სავსებით ჩამორეცხილია და ამის გამო ციხეში ეხლა თითქმის არ შეისვლება. მელოს `ოკრუგის~ უფროსმა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცმა, ა. მატიასევიჩმა, რომელმაც თავაზიანად დამითმო მე ციხის ფოტო-სურათი, მიამბო, რომ მან ყოველი ღონე იხმარა, რათა ციხეში შესულიყო, მაგრამ ვერას გახდა. როდესაც შევატყობინე, რომ ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა ეს შეძლო და იქიდან ეკლესიის წარწერების ასლიც კი ჩამოიტანა-მეთქი, მატიასევიჩი განცვიფრდა. თვით ოთხთა ეკლესიის ბაზილიკა მატიასევიჩს არ ენახა, რადგან მისი არსებობა არა სცოდნოდა და გლეხებს კი ამის შესახებ მისთვის არაფერი ეთქვათ. ციხე ამჟამად დანგრეულია. შიგ საცხოვრებელი შენობები აღარ შემონახულა, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ზედ ფლატის თავზე დგას პატარა ეკლესია, ზედმიწევნით წესიერად თლილი ქვით ნაგები. ამ ეკლესიას კარი დასავლეთით აქვს, სარკმლები აღმოსავლეთითა და სამხრეთით. მისი სიგრძე 5, 52 მეტრს, ხოლო სიგანე 3, 7 მეტრს უდრის. თაღები მთელია, მაგრამ სახურავი აღარსად არის. პერანგი აღმოსავლეთსა და ჩრდილო კედლებსღა შერჩენიათ. საძირკველი ორსაფეხურიანია. შიგნით ეკლესია მთლად მოხატული ყოფილა და ფრესკები ნაწილობრივ შენახულია კიდევაც. დასავლეთ მხარეზე, მარჯვნივ გამოხატული ყოფილა ნათლისღება, მარცხნივ _ ხარება. სამხრეთ კედელზე შემონახულა ორი ცალკე ფიგურა. საკურთხეველში ორი ზემოთკენ შევიწროვებული უბეა და მათში ანგელოზთა ფიგურები ხატია. ჩრდილო კედელზე, ზედა სართულში, 12 მოციქულია წარმოდგენილი, ხოლო ქვემოთ _ კტიტორთა ფიგურები: მარჯვნივ კაცია, რომელსაც წითელი ქართული სამოსი აცვია, მარცხნივ _ ქალი, რომელსაც თეთრი, გრძელსახელოებიანი კაბა აცვია, ხოლო შუაში _ ყმაწვილი. სამივე აღმოსავლეთით, ეტყობა ქრისტესაკენ, იცქირებიან, მაგრამ თვით ქრისტეს ფიგურა არ შემორჩენილა. მხოლოდ ყმაწვილს შერჩენია მთელი სახე, დანარჩენებისა დაზიანებულია. ფიგურებს ზემოთ ხუთპწკრიანი ასომთავრული წარწერაა. უკანასკნელი პწკრის ერთი სიტყვაღა დარჩენილა. წარწერა ხელითაა გადმოღებული. იგი ასე იკითხება:
`სახელითა ღმრთისათა მამისა, ძისა და სულისა წმიდისაათ, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა მე, მურვან კავკასიძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მე()რედ  განსრულებით, სალოცველად სულისა...~
კავკასიძეები პარხლის მფლობელნი იყვნენ და, როგორც ჩანს, ოთხთა ეკლესიაც მათი კუთვნილება იყო. მათგან უძველესი, პეტრიკ კავკასიძე იხსენიება შემოქმედის (გურია) XI საუკუნის წარწერაში, ბაგრატ IV-ის პირველ მეუღლესთან, მარიამთან ანუ ელენესთან ერთად. ჩვენი მურვან კავკასიძე კი ალბათ სწორედ ის არის, რომელსაც იხსენიებს ურბნისის სახარების მინაწერი ზუბა კავკასიძესთან და მის მეუღლესთან, თინათინთან ერთად. არ ვიცით, როდის ცხოვრობდნენ ისინი, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ არა უადრეს XV საუკუნისა. გამოთქმა `მეორედ აღშენება~ ქართულ ეპიგრაფიკაში ეკლესიის აღდგენას, რესტავრაციას გულისხმობს.

ქტიტორის ფიგურის ახლოს სამი წარწერა ერთი ხელითაა შესრულებული და ისინი,  სავრაუდოდ, აქ XVII საუკუნეში მოსული პილიგრიმების შემდეგ სახელებს მოიხსენიებს: 1. წმიდაო ღმერთო შეიწყალე მართა”;  2. წმიდაო ღმერთო შეიწყალე მახარებელი”; 3. წმიდაო ღმერთო შეიწყალე მართან“.
XVII საუკუნითვე უნდა დათარიღდეს წარწერა, რომლის მხოლოდ ნაწილის ამოკითხვა შესაძლებელი, იგი ძალიან ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, ეკლესიაში ჩამოსული წყლის გამო მთლიანად ჩამორეცხილია 1 სტრიქონი და დასაწყისი ასოები: შემოსილ უმეცნებას ხარიტონისა[სა] შეუნდვენ ღმერთმან”. სასვენი ნიშნები!!!!!
ყველაზე ვრცელი წარწერა მამაკაცი ქტიტორის წითელი სამოსის შუაგულშია წარმოდგენილი. იგი 6 სტრიქონიანია, საკმაოდ ლამაზი ხელითაა შესრულებული და XVII საუკუნის მიწურულს უნდა განეკუთვნებოდეს. სწორედ იმ პერიოდს, როდესაც კავკასიძეების ციხის ეკლესიაში ალბათ საბოლოოდ შეწყდა ქრისტიანული ღვთისმსახურება. წარწერიდან დღეს მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტის ამოკითხვაა შესაძლებელი. აქ ნათქვამია: ქრისტე ღმერთო შეიწყალე [?] ...  ნებისა სა (?) ...  ქ. ღმერთო შეიწყალე... ღმერთო შეიწყალე ამინ, წმიდაო ღმერთო შეიწყალე რებეკა ამინ”.