არტანუჯის ციხე

Rate this item
(9 votes)


www.taoklarjeti.com




არტანუჯი კლარჯეთის უძველესი ქალაქია. როგორც დასახლებული პუნქტი, ის უკვე ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა. V საუკუნის ბოლოს თუხარისიდან აქ გადმოვიდა ადგილობრივ ერისთავთა რეზიდენცია. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა „იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი და მოუწოდა არტავაზს, ძუძუმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა... ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა“. VIII საუკუნეში ციხე, როგორც ჩანს მიტოვებული იყო. 810-იან წლებში ის აღადგინა აშოტ I კურაპალატმა. IX საუკუნის ბოლოდან არტანუჯი დაუმკვიდრდა აშოტ I-ის უფროსი ძის ადარნასეს შთამომავლებს, რომლებიც „არტანუჯელებად“ მოიხსენიებიან.
1010 წელს ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ სუმბატ არტანუჯელი ძმასთან ერთად ფანასკერტში დარბაზობაზე მიიწვია და ციხეში გამოამწყვდია. სუმბატის მემკვიდრე კონსტანტინოპოლში გაიქცა, დარჩენილმა კლარჯმა ბაგრტიონებმა პატიმრობაში გალიეს სული. არტანუჯი მეფის საკუთრება გახდა.
ამის შემდეგ არტანუჯმა ნაწილობრივ დაკარგა უწინდელი პოლიტიკური როლი, თუმცა დარჩა მნიშვნელოვან ქალაქად. ის ხშირად იხსენიება XI საუკუნის მოვლენების ამსახველ ქართულ მატიანეებში. 1080 წელს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, ქალაქი გადაწვეს თურქ-სელჯუკებმა. XIII საუკუნიდან არტანუჯი ათაბაგთა გამგებლობაში იყო. 1553 წელს ათაბაგ ქაიხოსრო II-ს არტანუჯი ერზრუმის მმართველმა ისქანდერ ფაშამ წაართვა.
შუა საუკუნეების ბოლომდე ქალაქის მოსახლეობა, როგორც ჩანს, დიდწილად ქარული იყო. XVII-XVIII საუკუნეებში არტანუჯელი ქართველები ძირითადად გამაჰმადიანდნენ, ნაწილმა კათოლიკობა მიიღო. ამავე ხანებიდან იწყება აქ კათოლიკე სომხების ჩამოსახლება.
არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.
დღევანდელი არტანუჯი მკაფიოდ იყოფა ორ ნაწილად, რომელიც ერთმანეთისაგან ორიოდე კილომეტრითაა დაშორებული. ახალი უბანი (იენი არდანუჩი, Yeni Ardanuc) გაშენებულია XX საუკუნეში არტანუჯისწყლის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, შედარებით სწორ ადგილას. ძველი უბანი (ესკი არდანუჩი, Eski Ardanuc. მას უწოდებენ ადაქალეს, Adakale) მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე აღმართული გრანდიოზული კლდოვანი მთის ვრცელ, დამრეც ბაქანზე. ეს არის ისტორიული ქალაქი არტანუჯი, რომელსაც ზღუდე ერტყა (ახლა მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი). მის ზემოთ იწყება გაშიშვლებული პიტალო კლდე თითქმის ვერტიკალური კალთებით. კლდის თავზე დგას ციხე - არტანუჯის ბობოქარი ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო მატერიალური ნაშთი. მას უჭირავს კლდის მთელი ზედა მოედანი, რომელსაც სამხრეთ-ჩრდილოეთის ღეძზე ძლიერ წაგრძელებული ფორმა აქვს და ციტადელიც, შესაბამისად, სიგრძეშია გაჭიმული დაახლოებით 220 მეტრზე, სიგანე ყველაზე ფართო ადგილას 55 მეტრს აღწევს, ციხის კედლები რელიეფის მოხაზულობას მიჰყვება, მრუდხაზოვანია. როგორც ჩანს, ციცაბო კლდე ისეთ საიმედო დაცვას უზრუნველყოფდა, რომ კედლებში კოშკების ჩართვა საჭიროდ არ მიუჩნევიათ - მათი კვალი არსად ჩანს. ციხის სათავდაცვო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბუნებრივი გამოქვაბულები, რომლებიც ციხეს გვირაბებით უკავშირდება.
ციხის შიგნით ახლა რამდენიმე შენობის უმნიშველო ნაშთი განირჩევა. მათი არქიტექტურული სახისა და დანიშნულების გარკვევა შეუძლებელია. შედარებით მეტი რამ შემორჩა ციტადელის შუა ნაწილში მდგარი ეკლესიისაგან, რომელიც წმიდა პეტერსა და პავლეს ეკლესი უნდა იყოს.
ქალაქის უძველესი ნაგებობაა ადაქალეს ჩრდილოეთ კუთხეში მდგარი ეკლესია. ის აგებულია კლდოვან კონცხზე, რომელიც არტანუჯისწყლის ღრმა ხეობას გადაჰყურებს. ტაძრის ჩრდილოეთ კლდიან ქარაფამდე ათიოდე მეტრია. შენობა დგას სპეციალურად მოსწორებულ და ნაწილობრივ სუბსტრუქციით ამოშენებულ კლდოვან ბაქანზე.  ეკლესია ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია.
ძველ უბანში, პირველი ეკლესიიდან მცირეოდენ მოშორებით იდგა მეორე ეკლესიაც, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებისათვის დაინგრა. მის ადგილას 1864 წელს არტანუჯის იმდროინდელმა მმართველმა სულეიმან ფაშამ ააგო ისქანდერ ფაშას (1553 წელს არტანუჯის დამპყრობლის) ჯამე. მასში ჩართულია ეკლესიის კედლების ნაშთები. გარდა ამისა, ჯამეს მშენებლობისას უხმარიათ ეკლესიის ჩამოცვენილი ქვებიც. ჯამეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ნიკო მარმა ნახა თავდაყირა ჩადგმული ორსტრიქონიანი ფრაგმენტი ქართული წარწერისა. მასზე იკითხებოდა:
წ(ი)ნ(ა)მძღ(უა)რს
და მ(ის)სა დას