ვაშლობი (2010)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com


აქ ტაძარი ჯავახ ოსტატებს აუგიათ. ბევრი რამ გამოუვლია ამ ადგილებს და შემდეგ ოსმალები მოსულან. მოსახლეობის ნაწილი ალბათ წამოსულა, დარჩენილებს კი ჯერ სარწმუნოება, მერე ენა, მერე კი ხსოვნა დაუკარგავთ. შემდეგ კი ეს მიწა რუსეთის იმპერიას დაუკავებია. ადგილს ძველი სახელი მაინც შერჩენია _ ვაშლობი. აქ, მტკვრის ღრმა კანიონში, დღესაცაა მესხური ლანდშაფტისთვის ჩვეული ტერასული ბაღები. ალბათ ოდესღაც ვაშლის ხეები სჭარბობდა.
გასულა ხანი და ტაძარი ექვთიმეს უნახავს. მას შემდეგ მგონი ვეღარავის მიუღწევია, რადგან ბევრი რამ მომხდარა კავკასიაშიც და მთელ მსოფლიოშიც და ორ დიდ სახელმწიფოს შორის საგულდაგულოდ ჩარაზულ სახელმწიფო საზღვარსაც ლამისაა ზედ ვაშლობის ტაძართან გაუვლია. ამ მიზეზით ვერ უნახავთ ეკლესია ვახტანგ ჯობაძესა თუ ბრონო ბაუმგარტნერს, ვერც სხვა დასავლელ მეცნიერებს. მხოლოდ მათთვის გაღებული ტაო-კლარჯეთი ამ ადგილას უკვე დახურული იყო.
2003-ში ბატონ თემურ ხუციშვილთან ერთად ვცდილობდი მიმეღწია ვაშლობამდე. გვეგონა, მესაზღვრეები აღარ მიგვიშვებდნენ. არავინ გვიშლიდა, მაგრამ გვაღამდებოდა. 
ახლახან, 2010-ში, ავსტრიელ მკვლევართან _ ბატონ ბრუნო ბაუმგარტნერთან ერთად ვსტუმრობდი ამ მხარეებს. 20 წლის წინანდელი წადილი გამოყოლოდა ტაო-კლარჯეთის დიდ მოტრფიალეს. დაიჟინა, ვაშლობი ვნახოთო. მტკვრის უზარმაზარი კანიონის სერპანტინმა და სოფელ-სოფელ კითხვა-კითხვამ თავისი დრო წაიღო და ბოლოს, სავარაუდო მანძილი და დრო რომ გვითხრეს, ვეღარ მოვასწრებთ, გავბრუნდეთო _ დანანებით გააქნია თავი ჭარმაგმა მეცნიერმა. ძალიან ახლოს ვართ, ვინ იცის, აწი როდისღა შევძლებთ მოსვლას-მეთქი, შევბედე ბატონ ბრუნოს. თავადაც იგივეს გრძნობდა და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მახსოვს მისი ბავშვურად აღტყინებული შეძახილები, დაბურულ, ტყედქცეულ ნაბაღარში ტაძარს რომ მივადექით. ბატონმა ლადო მირიანაშვილმა ქართულად იგალობა, ბრუნომ და მისმა მეუღლემ გერმანულად. დაღამდა, მაგრამ არ ვეპუებოდით, თან სანთლებს ვანთებდით და თან გამალებით ვიღებდით ფოტოებს.
პატარა, კოხტა საოცრება იდგა ძველისძველ ბაღებში, ჯავახეთის თურქულ ნაწილში. მძლავრი ჯავახური არქიტექტურა: დიდი კვადრები, სუფთად თლილი ქვები, მწირი ორნამენტი... თუმცა ისე მკვიდრად შეკრული ფორმები, რომ გაოცებული რჩები, საუკუნების განმავლობაში სრულიად მიტოვებულმა როგორ შეძლო ალაგ-ალაგ შეენარჩუნებინა კამარული გადახურვა და კარნიზის ქვები, სუფთა ფასადები და მოხდენილი თაღები... არ ვიცით, პირველები ვიყავით თუ არა, ვინც საუკუნის შემდეგ ვაშლობი ნახა. ერთი კია: ჩვენ ნახვა ძლივს შევძელით და ნეტაი იმ ჯავახ ოსტატს, ამ მადლიან მიწაზე ეს პაწია შედევრი რომ გამოუნაკვთავს...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)