ხახული (2011)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com

რთულია ხახულის ტაძრის სიკოხტავის აღქმა. დრო ბევრი უნდა გქონდეს, რომ ვიწრო ხევში ჩახატულ სამონასტრო კომპლექსს კარგად უტრიალო, ხეებით შებურული მიდამოდან ალაგ-ალაგ ჭუჭრუტანები მონახო და სასურველი კადრები გადაიღო, ანდა კლდოვან ფერდობზე აბობღდე და ზემოდან დახედო ხეებიდან ამოწვერილ ტაძარს. როგორც არ უნდა იწვალო, მაინც ვერაფერს მოუხერხებ ხილის ბაღებს, გარშემო რომ აკრავს ტაძარს. თუმცა ხანდახან ხეირიც შეგიძლია ნახო მათგან, ვთქვათ, გემრიელი ვაშლები მოაგროვო, თავადაც პირი გაიტკბარუნო და თანაექსპედიციელებსაც უწილადო. ანდა ძალიან მოინდომო, ხახულის ღვთისმშობელსაც მიენდო და ტაძრის სამხრეთ ფასადთან მდგარ თუთის ხეს კენწეროში მოექცე, ხახულის არწივს პირისპირ გაესაუბრო, თავი კარგად დაიმაგრო, ფოტოებიც ბლომად გადაიღო და ძველი ქართველი ოსტატების ხელოვნებით კიდევ ერთხელ გაოცდე, მხრებგაშლილი და გასხივოსნებული არწივისგან ნებსით თუ ენებლიედ დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო რომ შეუქმნიათ.
ხახულის მონასტერი ისტორიული საქართველოს უკიდურეს სამხრეთში, თორთუმის ხეობაში, საქართველოს კარიბჭეში ააგო დიდმა დავით კურაპალატმა. არწივის სიმბოლიკა დიდად გავრცელებულია ქრისტიანულ ხელოვნებაში, მაგრამ ვინ უწყის, ეგებ ტაოს გოროზი მეფის სახე დაინახეს მაშინდელმა ქართველებმა ამ არწივში. ასეა თუ ისე, მან დიდ ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც მყარად დგას სამხრეთის სადარაჯოზე, დღესაც ამაყად ეგებება ხახულის კარიბჭეში შემსვლელთ...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)