ბევრისგან და ბევრჯერ გაგვიგონია აუგი ჩვენი დროების შესახებ - რომ ასეთი ჟამი ჯერ არ გვქონია, რომ ასერიგად არასოდეს დავძაბუნებულვართ, რომ ასე და ისე გვიშლიან ხელს... ალბათ მართლაც რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება და ალბათ მეც ხშირად განმიკითხავს ჩვენი აწმყო, თუმცა ისიც უნდა დავამატო, რომ უზომოდ მადლიერი ვარ განგებისა, რომ სწორედ იმ დროს ვცხოვრობ, როცა რიგით ქართველს არავინ გიშლის ფეხდაფეხ მოიარო ადგილები, რომელთა ნახვის ნატვრა საფლავში ჩაჰყვათ დიდ მოღვაწეთა თაობებს. ზოგმა შესაძლოა ისტორიული პროცესი, ზოგმა გამართლება, ზოგმა კი დამთხვევა დაარქვას ღვთის ამ წყალობას, მაგრამ მე კი ხშირად ვახსენებ საკუთარ თავს, რომ აღთქმულ მიწაზე არაერთგზის ფეხის დადგმის ბედნიერება მქონია. სწორედ ბედნიერება თუ შეიძლება ეწოდოს იმ მდგომარეობას, რაც ეწვევა ათასობით ქართველს, ტაო-კლარჯეთს რომ ესტუმრება, უამრავ ახალს ნახავს, შეისწავლის, მოიძიებს, მოილოცავს და სახლში დიდი ემოციებით, ბევრი მოგონებითა და უამრავი ფოტოთი დაბრუნდება.ჩემს ამ ნარკვევს, რომლის ჟანრს არც კი ვიცი რა ვუწოდო, თავდაპირველად ''ფოტოისტორიები'' დავარქვი. ბოლოს კი მივხვდი, რომ რეალურად `ფოტოემოციები~ გამომსვლია, სწორედ იმ ფოტოების, ემოციების, მოგონებების, ფიქრების, აზრების, პასუხებისა და კითხვების ნაზავი, რომელიც კაცს ტაო-კლარჯეთიდან მოგყვება.ვეცადე თხრობა უფრო ნაკლებად ცნობილ რაკურსებზე ამეგო, სწორედ იმის დასტურად, რომ ტაო-კლარჯეთი ერთი ამოუწურავი სამყაროა, ვერასოდეს რომ ვერ შემოივლი, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ, ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე, რომ ვერ დაამთავრებ... თუმცა, დავიწყოთ მაინც... (ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011).
|
|||||||||
|
|||||||||
|
|||||||||