ბანა

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



ბანა - საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად სოფელ  ფენეკის (penek) სახელწოდებით ცნობილ სოფელში მდებარეობს. ფენეკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. „ქართლის ცხოვრებაში“ ყველგან ბანა გვაქვს „...მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ...ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს“. ამ პუნქტის სახელი უფო ძველად მარტივად ბანა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ბანაკი .
IX საუკუნის მეორე ნახევარში ბანა სამხრეთ–დასავლეთ ქართული სამთავროს, ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა. XI საუკუნის პირველი ნახევრის მემატიანის სუმბატ დავითის ძის ცნობით: ადარნასემ, ქართველთა მეფის – დავით ბაგრატიონის ძემ „აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ“.  ბანაში აკურთხეს  მეფე ბაგრატ IV (1027–1072). 1032 წელს კი აქვე მან ჯვარი დაიწერა ბიზანტიის იმპერატორის – რომანოზ III არგიროსის (1028-1034) ძმისწულზე ელენეზე. ტაძარი ხელმწიფეთა განსასვენებელსაც წარმოადგენდა. ცნობილია რომ აქ დაიკრძალა მეფე ვახტან IV (1443–1446) და მისი მეუღლე, ფანასკერტელის მეუღლე სითიხათუნი.
მთელი მისი არსებობის მანძილზე ბანაში სიმშვიდემ ვერ დაისადგურა, XII საუკუნის პირველ ნახევარში ის სელჩუკების ხელში იყო, მისთვის იბრძოლა მეფე გიორგი III–მ (1156–1184) მაგრამ უშედეგოდ. ბანას გათავისუფლება მხოლოდ სახელოვანმა მეფეთა–მეფემ თამარმა (1184–1213) შეძლო. მისი მემკვიდრეების დროს კი ტაძარი კვლავ შემოსევებისა და შფოთიანობის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ბანა ძველი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული და კულტურული ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდა  თვალსაჩინო  სწავლული ზაქარია ბანელი, რომელიც საქართველოს მეფის გიორგი I–ისა (1014–1027) და ბიზანტიის  იმპერატორ  ბასილი II–ს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
ბანაში გადაწერილ ხელნაწერთა შორის უგვიანესია 1511 წელს შექმნილი საბაწმინდის ტიპიკონი, რომელიც ქეთევან დედოფალს დაუკვეთია.
XVI საუკუნის მეორე ნახევარში ბანა ტაო–კლარეჯეთის სხვა მონასტერთა მსგავსად თურქ ხელისუფალთა ხელში მოექცა, რომელთაც ბოლო მოუღეს გაცხოველებულ კულტურულ და ლიტერატურულ ცხოვრებას.
ბანას კათედრალის შესახებ პირველი ცნობები გერმანელ ბოტანიკოსს, კარლ კოხს ეკუთვნის, მან 1843 წელს ტაძარი დაუნგრეველი ნახა და აღფრთოვანებულმა აღნიშნა: ჩემ მიერ ნანახთაგან ეს უეჭველად ულამაზესი და ყველაზე ამაღლებული მხატვრული ქმნილებაა მთელს აღმოსავლეთში, გარდა კონსტანტინოპოლისა“.
კათედრალი ათასი წელი უძლებდა დროის შემოტევას, მაგრამ 1877–1878 წლების რუსეთ–თურქეთის ომმა, როცა ტაძარი ციხესიმაგრედ აქციეს იგი საგრძნობლად დააზიანა. 1902 წელს როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა ეკლესია იგი თითქმის სრულად იყო დანგრეული. 1984 წლის მიწისძვრამ სანახევროდ ჩამოაქცია გადარჩენილი კონქის ნახევარი.

კათედრალი ცენტრული ნაგებობაა, შემდგარი გუმბათოვანი როტონდისაგან მასში ჩაწერილი ტეტრაკონქით და მასზე შემოვლებული ერთიანი გარსშემოსასვლელელით.
კათედრალის შიდა სივრცე სხვადასხვა დონეზე შემომავალი სხვადასხვა ძალის შუქით უნდა ყოფილიყო გასხივოსნებული. გარშემოსავლელიდან (მას პირობითად გალერეა შეგვიძლია ვუწოდოთ) არაპირდაპირი სინათლე შემოდიოდა, აფსიდების თორმეტი და გუმბათის თანაბრად დაშორიშორებული ოთხი სარკმლიდან კი –პირდაპირი.
თავდაპირველად ეკლესიის მოხატვას არ აპირებდნენ, მაგრამ მშენებლობის დამთავრების შემდეგ გადაუწყვეტიათ გადაუწყვეტიათ ზოგიერთი სიბრტყე მაინც მოეხატათ. მხატვრობის ფრაგმენტები და ქართული წარწერების კვალი  განირჩეოდა აღმოსავლეთ აფსიდში.
ეკლესიის გარშემოსავლელი გაფორმებულია თაღნარით, თაღების შიდა მხარე კი გაფორმებულია ჯვრებით. მორთულობა ძუნწია, დასავლეთის პორტალის თაღზე კარგად მოსჩანს მცენარეული ორნამენტი, შემორჩა ბროწეულების გამოსხულებაც. ადრე მთელი ეს ნაქანდაკევი ძოწისფერით იყო გაცხოველებული. ეს წვრილმანი მნიშვნელოვანია, რადგან ბანა რელიგიურთან ერთად ტაოს მმართველთა ადმინისტრაციული ცეტრიც იყო. 1879 წლის ცნობის მიხედვით ეკლესიის იატაკი „მინასავით გლუვი“ yofila.
დასავლეთით შემორჩენილია ლამაზი ასომთავრული წარწერა, რომელზეც პროფესორ ვალერი სილოგავას ვარაუდით საკუთარი სახელი „მანუჩე“ უნდა იკითხებოდეს.
ოდესღაც ეკლესიის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მასში ცვლილებები შეიტანეს, გარშემოსასვლელის ყველა სარკმელი და შესაბამისი სივრცეები საგულდაგულოდ ამოავსეს ტლანქად ნათალი ქვით. სამხრეთით მიადგეს კვადრატული კოშკისებური ბურჯები. ეს განახლება ნაკარნახევი იყო გამუდმებული საფრთხითა და შემოსევებით. ოდესღაც ანუ როცა საფირტუფიკაციო ნაგებობად აქციეს ომის დროს
ბანას რეკონსტრუქციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ოშკის ეკლესიის სამხრეთ აფსიდში შემორჩენილია მხატვრობა სადაც ასახულია ბანას ეკლესიის გამოსახულება, თუმცა საუბედუროდ ზედა ნაწილი ჩამოთლილა, რის გამოც არაა ცნობილი ზუსტად როგორ გამოიყურებოდა კათედრალის გუმბათი.
ბანა მრგვალად აღიქმება, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო. სამსართულიანი და რთული კომპოზიციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან (შემოსავლელისაგან) შედგება. პირველი სართული 28 წახნაგა იყო და იგი მოგვიანებით გადაუკეთებიათ. ძველად კი გარედან შემოსაზღვრული ყოფილა გალავნით. თავის გეგმით და მასზე აგებული სივრცითი შენობით ბანა წარმოადგენს კოლოსალური ზომის ტეტრაკონქს, რომელშიაც შემაერთებელი რგოლები, გადასვლა აფსიდიდან აფსიდამდე განვითარებულია მრავალსართულიან პატრონიკეებად, ხოლო ყოველი აფსიდის ქვევითა ნაწილში ამოყვანილია კამარები, რაც მოითხოვს სპეციალურ მრგვალი კორიდორის მსგავსად აშენებულ შემოსავლელს. ოთხი გუმბათქვეშა ბურჯი გამოიყოფა ამ კომპოზიციაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ბურჯის დაყრდნობა კედლების გარეგან შემოხაზულობაზე (აბრისზე).
ტაძრის შინაგან სივრცეს განსაზღვრავდა ცენტრალური კვადრატი გუმბათიანი გადახურვით ყელზე, რომლის დიამეტრი დაახლოებით 8 მეტრი იყო და ჯვრის ოთხი თანასწორი სიგანის მქონე მკლავი, რომლის სიმაღლე 2,5 ჯერ მეტია, ვიდრე მკლავის სიგანე. ეს ქმნის გრანდიოზულობის შთაბეჭდილებას.
ბანას გარშემო არსებული ლანდშაფტი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ი.ზდანევიჩმა საუკეთესოდ დაახასიათა იგი:არანაკლებ მნიშვნელოვანია პეიზაჟი, რომელიც, რომელიც პენეკს აკრავს. ყველა ფერის – დაწყებული ნაცრისფერითა და ცისფერით, ვიდრე ლაჟვარდოვნამდე და ლურჯამდე, და ვარდისფერით ვიდრე ალისფერამდე და მეწამულამდე– სრულიად შიშველი პლასტები მთებისა და ბორცვებისა ქაოსად ისეა არეული, რომ მათ შუა აღმართული ტაძარი ყოფს ლურჯ ფერებს წითელი ფერებისაგან, გადაიტანს რა პირველს მარცხნივ, მეორეს კი დასავლეთით. დავიტირეთ რა ნანგრევები, ოლთისამდე ჩვენ იმ მიწაზე მივდიოდით, რომელიც სისხლით იყო გაპოხილი“.