ჩანგლი (2011)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



ეს არ არის ტაო-კლარჯეთი. არც ''ისტორიული საქართველოს'' სხვა ნაწილი. თუმცა ''ფოტოემოციებში'' შეტანა მაინც გადავწყვიტე, რადგან ეს მხარე ტაო-კლარჯეთის გაგრძელებაა - გეოგრაფიულად თუ კულტურულად, აქაური ეკლესია კი არანაკლებ ემოციებს იწვევს, ვიდრე ტაო-კლარჯეთ-შავშეთის დიდი კათედრალები.
ამ ტაძარს თანამედროვე ქართველი მეცნიერები, მომლოცველები თუ უბრალოდ მნახველები მაინცდამაინც არ სწყალობენ, არადა, სამეცნიერო ლიტერატურაშიც კარგადაა ცნობილი და თანაც, არც ისე შორსაა საქართველოდან. ალბათ სიზარმაცეს თუ დაარქმევ კაცი, თორემ ტაო-კლარჯეთის მონახულებისას ერთი-ორი დამატებითი დღე და ეგაა. თუმცა რა გაგვიკვირდეს, ჩვენთვის აგერ, ყურისძირში მდებარე ტრაპიზონიც ხომ სადღაც დასალიერშია. როცა სადღაც გადასაკარგავში მივემგზავრებით, ტრაპიზონში მივდივარო, ვამბობთ.
ჩვენი ჩანგლის საქმეც ასეა - კოლა-არტაანის მოსაზღვრე მხარეშია, ჩვენ კი ხან ძალიან გვეშორება, ხან ვერ ვიცლით, ხანაც საერთოდ არ გვახსენდება - ეგ ხომ ჩვენი მხარე არ არიო და...
არადა ფაქტია: ისტორიულ სომხეთში და თანამედროვე თურქეთში, ყარსის რეგიონში, ძველი ქართველები კარს რომ უწოდებდნენ, ქალაქ ქაღიზმანთან, ქართულად - აღზევანთან, იმ აღზევანთან, ქე რომ მარილი მოგვქონდა, ოდნავ მოშორებით, მთებში, თვალწარმტაც პეიზაჟში, ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, ძველად ალბათ სომხებით, ახლა კი ქურთებით დასახლებულ ერთ მივარდნილ სოფელში, ერთი დიდებული ეკლესია დგას, ამ ეკლესიას კი დასავლეთ კედელზე, მთავარ შესასვლელთან, ვეებერთელა ქართული ასომთავრული წარწერა ამკობს.
ზოგმა მკვლევარმა - სომეხი მართლმადიდებლების ტაძარიაო, ზოგმა - ვალაშკერტის საეპიკოპოსო კათედრააო, ზოგმა კი ყურადღება ტაძრის საუცხოო არქიტექტურაზე გადაიტანა და ეკლესიის ბურუსითმოცულ ისტორიას მოხერხებულად აუარა გვერდი.
ავსტრიაში, ტაო-კლარჯეთის დიდი მოამაგის - ბრუნო ბაუმგარტნერის სახლში, მისაღებ ოთახში, ფერწერულ ტილოს შევხედე თუ არა, მაშინვე ამოვიცანი ჩანგლი. თურქეთში როცა წავალთ, გაჩვენებო, დამპირდა ჭარმაგი მეცნიერი. 2011-ის შემოდგომაზე ამისრულა დანაპირები. აღმართი რომ ავიარეთ და ჩვენს თვალწინ ეს წარუშლელი ხედი გადაიშალა, მაშინღა მივხვდი, რატომ უცქერდა ბატონი ბრუნო ამ პეიზაჟის ფერწერულ ვერსიას ყოველდღე.
ასეთ მისტიკას აქ ნამდვილად არ ველოდი...
გაუთავებლად ვუღებდი სურათებს ზღაპრულ გარემოს, გამალებით გარს ვუვლიდი მიტოვებულ, მაგრამ გასაოცრად მტკიცედ მდგარ დიდებულ ტაძარს, ვაკვირდებოდი საეკლესიო არქიტექტურისთვის უცნაური, შავი ქვით მოპირკეთებულ ფასადებს, დავაბოტებდი სკორეთი სავსე ინტერიერში და კითხვები არ მასვენებდა. ვინ და რატომ აშენებს ასეთ ადგილას ასეთი მასშტაბის ეკლესიას, ასე ძალიან რომ ჩამოჰგავს ოშკს, ხახულსა თუ იშხანს? ვთქვათ, ეს მსგავსება მხოლოდ კულტურული ურთიერთკავშირების შედეგია, მაშ, იმ უშველებელ წარწერას ვინღა აკეთებს? მოსაზრება, რომ ეს ქალკედონიტი სომხების ნახელავია, ქართულ ეკლესიას რომ შემოკედლებია, რთული საკითხიდან თავის ადვილად დაღწევას უფრო ჰგავს, რადგან ვრცელი წარწერის არცერთი, ოდნავ მიმანიშნებელი დეტალიც კი არ ავლენს, რომ იგი არაქართველის მიერ არის დაკვეთილი თუ ამოკვეთილი. თან იმას რა ვუყოთ, სომხური ეკლესიებისგან განსხვავებით, არამცთუ ვრცელი წარწერა, ერთი სომხური ასოც რომ არ გვხვდება ტაძრის კედლებზე? ისტორიული ვალაშკერტიც ძალზე შორია აქედან...
სამწუხაროა, მაგრამ უჩვეულოდ ვრცელი წარწერა დიდს ვერაფერს გვეუბნება უჩვეულო ისტორიის შესახებ. მეტიც, ბედის ირონიაა, აბა რაა - წარწერის ის ადგილი, სადაც ტაძრის სახელი უნდა ყოფილიყო, ყველაზე უცნაურადაა ამოკვეთილი. ასე შერჩა ეკლესიას ახალი, თურქული სახელი ‘‘ჩენგილი’‘, ‘‘ჩანგლი’‘, ძველის შესახებ კი მხოლოდ ვერსიები იყო - ლენამორიო, ლენამურიო, ლენაღშორიო... ასე კითხულობდნენ მეცნიერები ასოთა უცნაურ კომბინაციას.
ტაძართან დაწყნარებით მუშაობას არავინ გაცლის, პატარა თუ დიდი ონავრები სულ თავს დაგტრიალებენ. ამიტომ წარწერის ფოტოებსა და გადმოწერილ ტექსტს გოჩა საითიძესთან ერთად ხეირიანად მხოლოდ სასტუმროში ჩავუჯექი. ყველა სირთულე დავძლიეთ, მაგრამ იმ ადგილმა, სადაც ტაძრის სახელი იხსენიება, კარგა ხანს გვაწვალა. ბოლოს გოჩას გაუნათდა გონება და უცნაურ გრაფემაში, რომელსაც ხან როგორ კითხულობდნენ და ხან როგორ, გადაბმული ‘‘ბ’‘ და ‘‘ი’‘ ამოიცნო.
ვინ უწყის, რამდენი საუკუნის მანძილზე იყო გამქრალი ეს სახელწოდება ხალხის ხსოვნიდან თუ ისტორიული წყაროებიდან! 2011 წლის 1 ოქტომბერს კი, შუაღამისას, ქალაქ აღზევანის ერთ პატარა სასტუმროში, ხელახლა იშვა თვალწარმტაცი ეკლესიის სახელი. ლენაღბირი - ასეთი ყოფილა ადგილის ძველი სახელწოდება! თბილისში ჩამოსულებმა ისიც გავარკვიეთ, რომ ‘‘აღბიურ’‘ სომხურად წყარო ყოფილა, ‘’ლენაღბირი’‘ კი - მთის წყარო. მაშინვე გამახსენდა, სოფელში გაცნობილ ერთ ქურთს საგანგებოდ რომ ვკითხეთ, სოფელს წყალი საიდან აქვსო და მთისკენ რომ მიგვითითა - იქიდანაა გამოყვანილიო.
იმედია, ადრე თუ გვიან, ზემოთ დასმულ კითხვებსაც გაეცემა პასუხები და ბოლოს და ბოლოს გავიგებთ, რატომ და როდის ეწვივნენ ‘‘მთისწყაროს’‘ ქართველები.

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 2, 2012)