ოდეს აშენებდა ხანძთის ძელის ეკლესიას
ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩვენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩვენ თანა ხარ განმმზადებელი ჩვენთვის ადგილსა ამას კეთილსა განსასვენებელსა ნებისა შენისასა, რომელსა შინა მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდებელისა მისთვის დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა შენისასა, ღმერთო! რაჟამს იგი საშინელებათა ზარი და საყვარისა ოხრაჲ შეაძრწუნებდეს დაბადებულთა ყოველთა, რამეთუ უქადაგებდეს ცოდვილთა სატანჯველთა მათ დაუსრულებელთა, ხოლო მართალთა ახარებდეს ცხორებასა დაუსრულებელსა, მაშინ ეტყებდენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი ამისთვის, რამეთუ მიეცემოდიან ყოველნი ბრალეულნი გვემათა და საარებათა, ხოლო მართალნი მათთვის იგლოვდენ, რამეთუ არს უბიწოთაცა შეძრწუნება ზარი შენი, რომლისაგან მე ვძრწი, რამეთუ განუმზადებელ ვარ არა თუ უმეცრებისა აჩრდილთა შეყენებული, არამედ უდებებისა მედგრობათაგან ძლეული ვხმობ სულთქმით: რაჟამს მოიწიოს დახსნაჲ გვამთაჲ და მხილებაჲ ცოდვათაჲ და კვლად განახლებაჲ და შეერთებაჲ სულისა და ხორცთაჲ, რომელთამე ცხორებად საუკუნოდ და რომელთამე სატანჯველად საუკუნოდ, მაშინ ვინაჲ იყოს ჩემდა ხსნა ბრალთა პატიჟისაგან? რამეთუ არა მომიგიეს მე საქმეჲ, რომლითამცა უბრალო ვიპოვე წინაშე საყდართა შენთა, ქრისტე! არამედ ვედრებითა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა მარადის ქალწულისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, უფალო მოწყალეო და სახიერო მეუფეო, წყალობა ყავ და მაცხოვნენ ჩვენ რჩეულთა შენთა თანა, რაჲთა მათ თანავე მიგცემდეთ შენ საუკუნოდ დიდებასა, ამენ.
ოდეს აშენებდა ხანძთის ქვითკირის ეკლესიას
სახელსა ზედა წმიდა გიორგისათა
ქრისტე ღმერთო! ხორცშესხმისა შენისა განგებულებაჲ ღმრთაებრ აჩვენე შენთა დიდებულთა და შიშით ჰმსახურეს მეუფებასა შენსა - წინაჲსწარმეტყველთა წინაჲსწარ უწყებითა, მოციქულთა ქადაგებითა, მოწამეთა ჭეშმარიტითა აღსარებითა და ღირსთა წმიდათა სოფლისა კრებათა და მეუდაბნოეთა მამათა მარადის დიდებითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა. და ესე ოთხ კერძო კრებული საღმრთოჲ წმიდათა ყოველთა გარემოდგომილი ზღუდისსახედ უძრავისა სიმტკიცე ექმნნეს წმიდათა შენთა ეკლესიათა. რამეთუ შენ, თვით სიბრძნემან იშენე თავისა თვისისა სახლი სიწმიდისაჲ შესავედრებელად ერთა მორწმუნეთა და რამეთუ წმიდასა ეკლესიასა სახელსდევ გვამად შენდა. და წმიდასა შენსა სახელსა ზედა და სახელსა წმიდათა შენთასა შეუძრველად აღაშენენ და დაამტკიცენ წმიდანი ეკლესიანი. ამისთვის უწოდე ეკლესიად წმიდათა ყოველთა, რაჲთა შემდგომად სიკვდილისა მათისა ნაცვალად მათთა ეკლესიანი აქვნდინ სიმტკიცედ და სიქადულად შენთა სამწყსოთა, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა, ვიდრემდის კვალად მოხვიდე დიდებით წმიდათა თანა. შენ, უფალო, აწცა აკურთხე ადგილი ესე წმიდისა შენისა ეკლესიისა სამკვიდრებელი მადლითა შენითა და წმიდათა შენთა ოხითა, რაჲთა ღირს ვიქმნე გლახაკი შენი სრულიად აღშენებად ამისა სახელსა ზედა და უძლეველსა სარწმუნოებასა დიდისა მოწამისა შენისა გიორგი ჯვარითა მოქადულისა, ახოვნისა და სახელოვნად განთქმულისა ბრწყინვალედ შორის წმიდათა შენთა მარტვილთა და მოწამეთა, რომლნიცა ხორცნი მახვილითა დაიჭრებოდეს, ხოლო სარწმუნოებაჲ არა განიკვეთებოდა. ხოლო მათ ყოველთა უმეტეს იპოვა სიმხნითა წმიდაჲ გიორგი და მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარგანხდილთა ქრისტეანეთა ასწავა სიმხნეჲ ძლიერი, მხიარულებით რაჲ მოითმინნსა მრავალაფერნი სატანჯველნი და ძლევითშემოსილი იდიდა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ამისთვისცა ანგელოზთა თანა წმიდათა განიხარეს მოწამეთა ნეტართა სრულებაჲ ღვაწლთა მისთაჲ, რამეთუ მან მისცა ქრისტემან ძლევაჲ ყოველთა მტერთაჲ და აწ ნაწილთა და სახელსა მისსა, და მეოხებაჲ მისი მფარავს ყოველთა მადიდებელთა მისთა მარადის და უკუნისამდე.
ოდეს აშენებდა შატბერდის ეკლესიას
მეუფებითა სუფევისა შენისაჲთა, ღმერთო, უშრომელად დაჰბადენ დაბადებულნი ყოველნი და ხელმწიფებით განმგებელ ხარ ყოველთა ქმნულთა შენთა, რამეთუ ცათა შემოქმედი და ანგელოზთა დამბადებელი და ქვეყანისა დამამტკიცებელი და ზღვათა დამამყარებელი და წვლილადთაცა საქმეთა მოქმედვე ხარ, ვითარცა თქვა დავით: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი“. აწ, უფალო, იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ლოცვისა ჩვენისასა და აკურთხე ადგილი ესე მადლითა შენითა და აღაშენე მონასტერი განსასვენებელად სიწმიდისა სამკვიდრებელთა შენთა და მოეც ამას სახელი კეთილად სახელოვანი შორის თესლებსა მრავალსა სადიდებელად შენდა, ყოველთა მეუფეო, უხილავად შეწევნითა ძლიერისა მკლავისა შენისაჲთა, და განანათლე ნათლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და წმიდათა ყოველთაჲთა დაიცევ უკუნისამდე ჟამთა, ამენ.