ოშკი - „ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი“ და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტია. იგი ძველი საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრია, რომელიც ისტორიულ ტაოში, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩამლიამაჩში (Çamlıyamaç) მდებარეობს, (ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში). ოშკი (öşvank) ოთხ დიდ ქართულ კათედრალთაგან (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი) პირველია. ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, დღეს შემორჩენილია სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიები. ოშკი არა მხოლოდ მოზრდილი მონასტერი იყო, არამედ, ბანასთან ერთად, ტაო-კლარჯეთის ხელისუფალთა ადმინისტრაციული ცენტრიც. თუმცა საერო ნაგებობათაგან დღეს არაფერი შემოგვრჩა.კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები — ბაგრატ ერისთავთერისთავი (გ. 966) და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული.მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა, მთელი გვიანი შუა საუკუნეები ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წლებს შუა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის ეკლესია.სიტყვა ოშკი არის უძველესი ზანურ-ჭანური ტოპონიმი, რომელიც მეგრულ შქას, შუას, შუა ადგილს უკავშირდება. ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). წარწერის ნაწილი, სადაც თარიღია სავარაუდებელი, განადგურებულია. წარწერის თანახმად ტაძარი ადარნასეს სიცოცხლეშივე დამთავრებულა, ხოლო მან კურაპალატობა 978 წელს მიიღო და იგი 1001 წელს გარდაიცვალა, მშენებლობის დასასრული სწორედ 978-1001 წწ. სავარაუდებელი. ტაძრის მშენებლობა კი 963 წლის 25 მარტს ხარება დღეს დაწყებულა. სამუშაოების ზედამხედველობა გრიგოლისთვის მიუნდვიათ, ყოველწლიურად 5.000 ფისოსი ღვინო გაუციათ და 250 გრივი ხორბალი გაუხარჯავთ, 50 ლიტრი რკინდა დასჭირვებიათ და ყოველწლიური ხარჯი 20.000 დრამა ყოფილა. მუდმივად 50 გალატოზს, მშენებელსა და მჭედელს უმუშავია, სულ კი 80 კაცი მუშაობდა, ქვას 30 ხარი ეზიდებოდა, 30 იყო გრიგოლწმინდიდან სპონდაკის ქვის მომტანიო... მშენებლობა 10 წელს გრძელდებოდა. ტაძარი 1036 წელს მოხატულა ჯოჯიკ პატრიკიოზის ხარჯით.ოშკის ტაძრის სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მეტრია (დასავლეთ ეკვდერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში 36 მ, ხოლო სიმაღლე 40 მ. ტაძრის გეგმა, ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი(დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. არსებითად ეს არის ცენტრულ-გუმბათიანი ტაძრის შერწყმა ერთნავიან ბაზილიკასთან.გუმბათი მრგვალ კვარცხლბეკზე ამოყვანილ ოთხ მასიურ თავისუფლად მდგომ ბურჯებს ეყრდნობა, ბურჯების გრანდიოზულობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათი გარშემოწირილობა 8 მეტრამდეა. ათამდე მკლავებგაშლილი ადამიანი ოშკის თითო ბურჯის გარშემო წრეს შექმნის.დასავლეთ მარცხენა სვეტში არის ღრმა, შეისრული, სვეტებიანი, მოჩუქურთმებული ნიში. ასეთი ნიში განკუთვნილი იყო უმაღლესი პირების დასაბრძანებლად (ეპისკოპოსისა – ჩრდილოეთით, მეფისა – სამხრეთით). სამხრეთ–დასავლეთი ბურჯის ნიშაში გამოკვეთილია ადგილობრივ მმართველთა და ეკლესიის მაშენებელთა დავით კურაპალატისა და ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის რელიეფური ნახევარფიგურები. მათი სახეები ძლიერაა დაზიანებული, ვიღაცას ისინი განზრახ დაუმტვრევია. ოშკი კარგად იყო განათებული მრავალრიცხოვანი სარკმლებით. გუმბათის ყელში 12 სარკმელია, საკურთხეველში 3, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო; ამდენივეა მათ ზედა სართულებში. ტაძარს ოთხი კარი ჰქონდა. ერთი დასავლეთით იყო, ერთი ჩრდილოეთით, დანარჩენი ორი კარი სამხრეთით იყო. მათ შორის უმთავრესი, საზეიმოდ მორთული, ტაძრის სამხრეთ მკლავშია. ოშკის საკურთხეველში დაცულია დიდი ოთხკუთხედი, მთელი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი, რომელიც უძრადვად იყო მოთავსებული საკურთხევლის შუა ნაწილში, აღმოსავლეთი კედლიდან 2 მეტრის მანძილზე. მისი სიგრძე უდრის 173 ამ, სიგანე — 86 სმ, სიმაღლე — 85 სმ. საკურთხევლის იატაკი 3/4 მეტრით არის ამაღლებული ტაძრის იატაკთან შედარებით. ამჟამად საკურთხეველი მიწითაა დაფარულიოშკის ტაძარი დამშვენებულია ისეთი მდიდრული ატრიბუტით, რომელიც ქართულ არქიტექტურაში ერთადერთია, ეს არის სვეტებიანი გალერეა და მას დეკორატიულობის მხრივ ბადალი არ მოეპოვება. გალერეის გამორჩეულობა გარედანვე შესამჩნევია, ის ზიგზაგისებრი სახურავითაა გადახურული. შიგნით გალერეაში აღტაცებაში მოგიყვანთ ჭერი, უფრო სწორად თაღნარი და კამარები სადაც სუფთად გათლილი ქვები ჯვრულად და ვარსკლავისებურადაა ჩალაგებული. აქვეა რვაწახნაგა სვეტი, რომელიც გამორჩეულია გაფორმების მაღალი დონით. აქ ნახავთ ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა, სერაფიმთა და ტეტრამორფთა (ოთხსახიანი ფრთოსანი არსება) გამოსახულებებს. სვეტზე გამოქანდაკებულია – მაშენებელ გრიგოლის, სირიელი მკურნალების კოზმას და დამიანეს ფიგურები. რამდენიმე წლის წინ დაიკარგა წმინდა ნინოს ბარელიეფი და დაზიანდა გრიგოლის გამოსახულებაც.ოშკში ყველაზე გამორჩეული გუმბათია. მისი ყელის სიმაღლე 6.4 მეტრს უდრის, ხოლო შიდა დიამეტრი 9 მეტრია. თავად გუმბათი ოდნავ გამობურცული, ჩაფხუტის ფორმის კონუსია, სიმაღლით 6.86 მ. ქუდი ამჟამად მოტეხილი აქვს, ზედა ნაწილი კი დაზიანებული. გუმბათი დახურულია წითლად და ყვითლად მოჭიქული კრამიტით. გუმბათის ყელი გარედან 24 წახნაგიანია, რომლებიც ზემოთ პატარა კამარებით ერთიანდება. 12 მათგანში თავმომრგვალებული სარკმლებია, რომელთა თავზე, კამარებს ქვეშ, სინგურით დახატული ჯვრებია. კამარები ეყრდნობა წნულით შემკულ, ორმაგ პატარა სვეტებს, რომელთა თავები და კვარცხლბეკები ბარელიეფურია. ერთ მათგანზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოქანდაკებულია ქვის მზიდავი მუშის გამოსახულება. სხვებზე - ჯვრები, პალმეტები, ორი შებმული ცხოველი და სხვა სამკაულებია. ცხოველების ფიგურები დიდი ოსტატობითაა შესრულებული, მათ შორის აღსანიშნავია ერთმანეთთან მოთამაშე კურდღლების სიცოცხლით სავსე რელიეფები. ბარელიეფები თავის დროზე ძოწისფერით ყოფილა შემკული რაც მათ უფრო მეტ გამოსახველობით ეფექტს შესძენდა.ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. აღმოსავლეთ ფასადზე ლომის ფიგურაა ოსტატურად გამოქანდაკებული, ყველაზე უხვად კი სამხრეთის ფასადია შემკული აქ სამხრეთ მკლავში, სარკმლის თავზე მოსჩანს არწივის დალეწილი ფიგურა და გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების დასახიჩრებული ბარელიეფები. მათ თავები ადგილობრივმა ახალგაზრდობამ მოამტვრია, როდესაც სროლაში ვარჯიშობდა. სამხრეთის კედელზე მიწიდან დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე შემორჩენილია ხუთი ადამიანისხელა ფიგურისაგან შედგენილი ვედრების კომპოზიცია. ცენტრში გამოსახულია მაცხოვარი, მარჯვნივ ღვთისმშობელი (ამჟამად გადატანილია ერზერუმის მუზეუმში), მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი, კიდეებში მეფეთა ფიგურები დავით კურაპალატი და ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი. ეს ფიგურები მოხატული ყოფილა წითელი, ლურჯი, თეთრი და ოქროსფერი საღებავებით და ადვილად წარმოსადგენია როგორ ეფექტურად გამოიყურებოდა.დასავლეთის ფასადზე სარკმლის თაღებზე იხილავთ კეთილ და ბოროტ ძალთა ჭიდილის სიმბოლოს ლომისა და ხარის შერკინების სცენას. აქვეა ხელაპყრობილი წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედის ფიგურა.ოშკის ტაძარი მოიხატა მხოლოდ აშენებიდან 75 წლის შემდეგ, 1036 წელს, ეს დასტურდება შესაბამისი თარიღიანი წარწერით. სამწუხაროდ ამ ფრესკებიდან მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. ფრესკათა ნაშთები უფრო მეტწილად საკურთხეველში მოჩანს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა.ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი — მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.ოშკის დიდი, 12-პწკარიანი წარწერა მოთავსებულია სამხრეთ, კარის ტიმპაზე. წარწერის ბოლო, მე-12 პწკარი თითქმის მთლიანად დაზიანებულია. ტექსტი ნაწერია ქარაგმებით, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:“ ქ. მოწყალებითა ღმრთისაჲთა, რომელი სცავს ყოველთა მოშიშთა მისთა და წარუმართებს მოყუარეთა სახელისა მისისათა საქმეთა კეთილთა, ამის წმიდისა სამებისა სარწმუნოვებითა და მეოხებითა წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობელისაჲთა, მადლითა წმიდჲსა ძელისა ცხორებისაჲ თა, შეწევნითა და მეოხებითა დიდებულისა ნათლისმცემლისაჲთა დაყოველთა წიდათაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა, ამათ ყოველთა წმიდათა სადიდებელად და საქებად იწყეს ღმთივ გუიგუინოსანთა მეფეთა ჩუენთა შენებად ამის წმიდისა საყდრისა, რაჲთა ამას შინა აღესრულებოდიან დღესა სწაულნი და შეიმკვებოდიან ჴსენებანი წმინდათანი, ვითარცა წერილ არს: „ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდით“. ამათ ყოველთა სურვილითა, ამათ დიდებულთა მეფეთა ჩუენთა უშურველ იყვნენ საფასენი წარმავალნი წარუვალისა მისთუის, რაჲთა იგი ყოველნი წმინდანი შემწედ მოიგნენ, და ღმერთმან შეეწიენ ორივე ცხოვრებათა ძეთა ღმრთივ კურთხეულისა ადარნასე კუროპალატისათა, ბაგრატ ერისთავთა ერისთავსა, დავით მაგისტროსსა, სამებამან წმიდამან სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თჳისითა და ადიდენ ორივე ცხოვრებათა და მე, გრიგოლ, ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი, და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულებაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ. ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექუიშე თაჲ, რომელ წელიწადსა წაეგების, დრამაჲ: კ (ქართულ სათვალავში 20): ათასი; ღუინოჲ ფისოსი ჭ (ანუ 5000); რკინაჲ ლიტრაჲ ნ (ანუ 50); ხუარბალი გრივი ს მ ი (ანუ 250); გალატოზი და ხუროჲ და მჭედელი, რომელ მარადის შურებო და ჲ ი (ანუ 70); ჴარი, რომელ ქვასა კრებდა ლ (ანუ 30), ჯორი და სხუაჲ აზავერი, რომელ გრიგოლ-წმიდით სპონდიკსა კრებდა: ლ; სხუაჲ აზავერი, რომელ ... კრებდა ჲ (ანუ 60): ............ ჲ (ანუ 60) და ....... (ყოველი) ერი და მოქმედი პ (ანუ 80): ......“