სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე. ქალაქ იუსუფელიდან (Yusufeli) 40 კილომეტრში. ამჟამად ტაძარში მოქმედებს მეჩეთი.პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესიას და, მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.ბაზილიკის შუა ნავი მაღალი და მკვეთრად გამოყოფილია. ფასადთა ჩუქურთმები აქ უკვე გარკვეულ როლს თამაშობს. ძეგლს ამკობს სარკმელთა სათაურები, გრეხილით მორთული ჯვრები, ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი. პარხლის ეკლესიის განსაკუთრებული თავისებურებაა შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც დანაწევრებულია დეკორატიული თაღებითა და შეწყვილებული ლილვებით, დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით — მარაოსებრი სათაურებით სარკმლის ზემოთ, ჯვრებით, დისკოებითა და სხვა.მეცნიერთა დიდი ნაწილი პარხალს ტაო-კლარჯეთის ოსტატთა ქმნილებად მიიჩნევს, თუმცა ბევრი ფაქტი მეტყველებს, რომ დიდებული ძეგლის შექმნაში ლაზი ოსტატების ხელიც ერია.პარხლის ეკლესია სოფლის შუაგულში მთის ფერდობქვეშ დგას. ტაძრის მასშტაბი, ნავისებური სახურავი და ცაში აწვდილი მაღალი კედლები პეიზაჟს საოცრად ეხამება. თუმცა ბაზილიკის არქიტექტურაზე მეტად შუა ნავის დიდი კედელი გვაინტერესებს, რომელიც საღებავებით შესრულებული წარწერებითა და მარაოსებრი ორნამენტებითაა შემკული.კედელზე ეკლესიის მაშენებელნი მოიხსენიებიან, მაგრამ პარხლის XVI საუკუნის წარწერები უფრო სხვა რამით არის მნიშვნელოვანი. აქ ისეთი ტერმინები გვხვდება, რაც მანამადე ქართულ წერილობით ძეგლებში უცნობი იყო, პირველად ფიქსირდება ლაზურ-მეგრული სიტყვები:`სახელითა ღმრთისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშუბელისაჲთა, წმიდისა იოვანე ნათლისმცემლისაჲთა, ქრისტეს მიერ ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთის პატრიარქსა იოვანეს. პარხალს ეკლესიასა და ზედა ჩასდუდარაჲ კურაპალატსა აეშენა, აღარავის ეკაზმა და მან შეკაზმა. ჰგიემსცა დიდებაჲ მისი უკუნისამდე. წინამძღვარსა გიორგი ღოღლისასა შეეწიენ ღმერთმან!~“ქრისტე, ესე მე შევკაზმე. შუა შტოჲ ზეიომა იყო ამისი კალატოზი, შანიფხე კოჩემაისათა, იოანე მთავარდიაკონი.~ბოლო სტრიქონში ნახსენები სიტყვა შანიფხე _ შანიძის ასულის, ქალის ლაზური შესატყვისია. დაკვირვებული მკითხველი კიდევ რამდენიმე უცნაურ სიტყვას შეამჩნევდა: წარწერაში ნათქვამია: `ჩასდუდარაჲ კურაპალატსა აღეშენა~. ამ ფრაზით თითქოს ბუნდოვანია, რა ააშენა კურაპალატმა. თუმცა ის, რაც ქართულად გაუგებარია, ლაზურად ადვილად იშიფრება:სიტყვა ჩასდუდარა რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. თავსართი ჩა _ ლაზურად ცას ნიშნავს, დუდ _ თავს, არა _ კი ბოლოსართია. გამოდის, რომ დავით კურაპალატს ტაძრის ცის თავი ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კამარა აუშენებია.პარხლის ეკლესიის კედლებზე ჭანური სიტყვების არსებობა, ოსტატთა წარმომავლობაზეც მიუთითებს, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ამ წარწერებს თავისი მკითხველი ჰყავდა და მათ ლაზური ენა კარგად ესმოდათ.პარხალში შიგნითაც მრავალი წარწერა ყოფილა, მაგრამ XVI საუკუნეში, როცა ბაზილიკა ოსმალთა ხელში გადავიდა, მისი შიდა კედლები მთლიანად შეუთეთრებიათ და ეკლესია ჯამედ უქცევიათ. ამან არქიტექტურული ძეგლი განადგურებას გადაარჩინა და უფრო მეტი, პარხალს ბოლო წლებში რემონტი რამდენჯერმე ჩაუტარეს.პარხლის შესახებ საინტერესო ცნობებია შემონახული ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომებში. მისი თქმით: „სოფელი იყოფა რამდენიმე უბნად: გოჭვათი, ე.ი საგოჭე ადგილი (მამასახლისის, „მუხთარის“ განმარტებით ეს სახელწოდება იმით აიხსნება, რომ აქ უწინ ღორებს აშენებდნენო), კილონი, პიზვოთი, ბოგათკეთი, ბუკეთლარი, ჯატელარი, პერსეთი, ანანისკეტი, მიზინგილი, ლაზგილი და სულტანგილი. ამ უკანასკნელში დგას სწორედ ბაზილიკა. რამდენიმე უბანი სოფლის გარეთაც მდებარეობს, ხევექის წყალს აღმა. ესენია: დოლოისი, კელენსხევი, ქოლოთეთი, ბორივანი და ქოსალარი. პარხლელთა საძოვრები („იალაღი“) მდებარეობს ალთი –პარმახის მთის კალთებზე. ამ საძოვართა სახელწოდებანია: ცას–ხევი, ბოგათკეთი, საჯათლო, სამჭელიანი, კოსონი, კოსალიცე და ლავაშენი. პარხალსა და მის მიდამოებში უხვადაა წყაროებიცა და საერთოდ წყალიც. ამის გამო პარხლელებს ტაოს სამი მთავარი ტაძრის შესახები თქმისათვის თავისი სოფლის სახელიც დაუმატებიათ და ამბობენ: იშხანი მხატვრობით არის განთქმული, ოშკი მშვენიერებით, ხახული მდებარეობით, ხოლო პარხალი წყლებითაო.პარხლის მახლობელ სოფლებში შემონახულია ძველი სახელგანთქმული რუ, რომელიც სოფ. უთავოსთან იწყება, კობაკის ახლო და სოფ. ზავრიეთში მიემართება. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე იგი კლდეშია გაჭრილი. ამ რუს გაყვანას თამარ მეფეს მიაწერენ და მის ამ მხარეში გაკეთებულთაგან საუკეთესო საქმედ მიიჩნევენ.პარხალში გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობენ. ქართული მოხუცებსღა ესმით. იმავე დროს მეზობელ სოფელ კობაკში დიდი და პატარა ყველა ლაპარაკობს ქართულად, ისევე როგორც ხევექში, რომლის მოსახლეობაც სანახევროდ მალულად ქრისტიანაობას აღიარებს. გიორგი ყაზბეგის მოგზაურობის დროს მათ ჯერ კიდევ ჰყოლიათ მართლმადიდებელი მღვდელი”.X საუკუნეში პარხლის მონასტერში გაბრიელ პატარაის შემდეგი ვედრება დაიწერა: `კურთხეულნო ერნო, მომავალნო, რომელნი ჩუენსა შემდგომად ყოფად ხართ, პირველ ოდეს ამას წიგნსა დავიწყე, ესრე მედვა გულსა, ვითა დედათა წამებაჲ და ცხორებაჲ ოდენ დავწერო და მით გავასრულო, და ვიხარკე დიდითა შრომითა და გულსმოდგინებითა ვძებნე დედაჲ და ესთენ ვიპოვე. ესე მამათა მოწამეთაჲ, რომელი პარხალს არ ეწერა, იშხნით მოვიღე და მით გავასრულე. შემინდევთ, ჭირნი კულა დიდნი მინახვან. ღმერთმან დაგაჯეროს. სული გაბრიელ პატარაისა მოიხსენეთ წმინდათა ლოცვათა თქუენთა.~ მის მიერ შექმნილი წიგნი განსაკუთრებით ძვირფასია. ფასეულია თუნდაც იმით, რომ პარხლის მრავალთავი პირველი კრებულია, რომელმაც ორი უძველესი თხზულება `შუშანიკის წამება~ და `აბო ტფილელის მარტვილობა~ შემოინახა.