ანჩა (2010)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, ბუმბერაზი მთები და ცადატყორცნილი იალაღები, სალი კლდეები და ხშირი ტყეები, გეოგრაფიული პერიფერია და პოლიტიკური ცენტრები, ფიზიკური ძალა და სულიერი კერები... კლარჯეთი – ქართლის პროვინცია და კლარჯეთი – ქართლის გული, კლარჯეთი – ქართველთა აკვანი და კლარჯეთი – საქართველოს სინაი...
რომელ კუთხეს გინდა შეადარო...
ამ ქვეყნის ცენტრი იყო ანჩა. საეპისკოპოსო კათედრა ხანცთელთა და ოპიზართა, პარეხელთა და შატბერდელთა, წყაროისთველთა და მიძნაძორელთა... გრიგოლ ხანცთელის შემდეგ სწორედ ანჩელი მთავარეპისკოპოსები ხდებიან არქიმანდრიტები კლარჯეთის ათორმეტთა უდაბნოთა. განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონიდან, სამხრეთ საქართველოდან სამი იერარქი სარგებლობდა გამორჩეული პატივით: მაწყვერელი, იშხნელი, ანჩელი...
XI საუკუნეში, რაჟამს ბიზანტიელთ ეახლნენ ქართველი ერისკაცნი და მიართვეს ციხენი, მტკიცედ დადგნენ ეპისკოპოსნი – საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი. პატივ-სცა ღმერთმან და ვერარაი ავნეს შავშეთ-კლარჯეთს.
ეს ანჩაა – კლარჯეთის საეპისკოპოსო ცენტრი. აქ ანჩის მაცხოვრის ტაძარი იდგა. აქ ანჩელი ეპისკოპოსი წირავდა. აქ, ტრაპეზზე, ანჩის სახარება ესვენა – ბექა ოპიზრის მოჭედილი ყდით. აქ ანჩის სამწყსოს მეუდაბნოე მამანი ეკურთხებოდნენ. აქ ანჩის მრევლი – დიდ-დიდნი ამა ქვეყნისანი ეზიარებოდნენ: კურაპალატნი და ქართველთა მეფენი, მაგისტროსნი და ერისთავთ-ერისთავნი, მამფალნი და კლარჯნი ხელმწიფენი, აზნაურნი და ერისთავნი. აქ, ანჩის ტაძარში, ლოცავდნენ ბრძოლად განმზადებულ მესხებს და აგუგუნებდნენ მრავალჟამიერს. აქ ანჩელი მწიგნობარნი სანთლის შუქზე წერით თვალებს იშრიტავდნენ. აქ ანჩის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ესვენა – ბექა ოპიზრისავე მოჭედილი, XVII-ში ტფილისს გამოხიზნული და იმ ეკლესიაში დასვენებული, ლამის ყოველდღე რომ ავუვლ-ჩავუვლით და მხოლოდ სადღაც-სადღაც რომ გვახსენდება, თუ რატომ ეწოდა ''ანჩისხატი''...
დღეს?
დღეს ვივლით სულ ზიგზაგ-ზიგზაგ, აღმართ-აღმართ, გამოვივლით მთებსა და ტყეებს, ბარაქიან სავარგულებს, ხეხილის ურიცხვ ბაღებს, კაკლის ხის კორომებს, მინარეთიან სოფლებს და ამ ნანგრევებში ვიპოვით ანჩის ძველ დიდებას. ვიპოვით ტერასებსა და ძეძვებში, ჩაქცეულ და შემოძარცულ კედლებში, კირის დუღაბსა და მიმოფანტულ ქვებში, გადათხრილ ადგილებსა და საეპისკოპოსო შენობათა აქა-იქ სამადლოდ დარჩენილ ნაშთებში, კიდევ სოფელში ვიპოვით – მეჩეთისა და საცხოვრებელი სახლის კედლებში...
ჟანდარმები გელოდებიან და გაჩქარებენ. ამიტომ ბევრს ვერ ფიქრობ. მხოლოდ პოულობ და ფოტოებს უღებ. კომპიუტერთან, სურათების თვალიერებისას კი კითხვები არ გასვენებს: როგორ გულდაგულ უნგრევიათ, ერთი მთელი ქვა რომ არ შეურჩენიათ? რას ერჩოდნენ? რა დავაშავეთ? რას გვერჩოდნენ, რა დავუშავეთ?
და ხვდები, რომ ჩვენ გვეხმარებოდნენ. მეტი იფიქრეთო, მეტი ილოცეთო, მეტი იშრომეთო, მეტად გიყვარდეთო – ამიტომ ვანგრევთო...
აქ კლარჯეთის საეპისკოპოსო ცენტრი იყო. აქ გრიგოლ ხანცთელი ლოცულობდა. აქ ანჩის ხატი ესვენა. აქ ეზრა ანჩელი წირავდა...