დოლისყანა

Rate this item
(1 Vote)


www.taoklarjeti.com



დოლისყანა მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, თანამედროვე სოფელ ჰამამლიში (თურქ. Hamamlı), მაღალი მთის ფერდობზე. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად განადგურებული იყო. მონასტერი მეფე სუმბატმა (954–958) საფუძვლიანად შეაკეთა, მან შეამკო სამხრეთი ფასადი, გუმბათის ყელის შიდა და გარე პერანგი. მეფის გამოსახულება შემორჩენილია ეკლესიის გუმბათის ჩრდილო–აღმოსავლეთ წახნაგზე შესაბამისი წარწერით „ქრისტე, ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ“, სამხრეთი მკლავის სარკმლის თავზე კი გაშლილია ორსტრიქონიანი ლამაზი ასომთავრული წარწერა: „ქრისტე, ადიდე მეფე ჩვენი სუმბატ მზეგრძელობით“. სუმბატის ფიგურა ამჟამად დაზიანებულია, ვინაიდან მას სროლაში ვარჯიშისას სამიზნედ იყენებდნენ. მოტეხილია თავის ზედა ნაწილი და სახის ნაკვთები. სახის შემორჩენილ ქვედა ნაწილზე მკაფიოდ განირჩევა წვერი.
დოლისყანის მონასტრის დაარსებისა და აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა, ე. ი. 830–840–იანი წლების შემდეგ. გარდა ამისა, მონასტერი აგებულია 951 წლამდე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე. შესაბამისად, დოლისყანა 850–950 წლებს შორისაა დაარსებული.
ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ იგი ტაო–კლარჯეთის ხელოვნების აყვავების უშუალოდ წინა პერიოდში არის აგებული. მასში თავს იჩენს ახალი დროის ხუროთმოძღვრული ელემენტები — გუმბათის დეკორატიული თაღნარი, სარკმლების თავზე არსებული პოლიქრომიული „მარაოები“, მოჩუქურთმებული თავსართები და სხვა. ამავე დროს, დოლისყანა ზოგი ნიშნით ჯერ კიდევ ე.წ. გარდამავალ პერიოდს მიეკუთვნება და აქვს წინა ეპოქისთვის დამახასიათებელ ნიშნები — დამჯდარი პროპორციები, განსაკუთრებით გუმბათის ყელისა, უხეშად დამუშავებული ქვები, მოუჩუქურთმებელი კარნიზები და სხვა.
დოლისყანის ეკლესია გამოირჩევა სკულპტურული რელიეფების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. სამხრეთის ფასადის სარკმლის შუა წელზე ორივე მხარეს ანგელოზების ფიგურებია, მარცხნივ მიქაელ, მარჯვნივ კი გაბრიელ მთავარანგელოზისა. სასუფევლის ამ მცველებს მაყურებელზე მაგიური შთაბეჭდილება უნდა მოეხდინათ. როგორც გაბრიელის სამოსზე დარჩენილი წითელი საღებავის კვალი გვიჩვენებს, ფიგურები თავიდან დაფერილი უნდა ყოფილიყო, რაც მათ კიდევ უფრო წარმოსადგეს გახდიდა.
გაბრიელ მთავარანგელოზის წინ მედალიონში დოლისყანის ოსტატის გაბრიელ დეკანოზის ნახევარფიგურაა. მათ ქვემოთ– ურო მოსჩანს, მარცხნივ ექვსქიმიანი ვარსკლავი– დავითის ფარია გამოქანდაკებული. შემორჩენილია ჯვრის ორნამენტული გამოსახულებაც.
სამხრეთი მკლავის სამხრეთი ფასადის ერთ–ერთ დიდ ქვაზე ამოკვეთილი იყო მზის საათი. საათი შედგებოდა ნახევარწრედ განლაგებული ასოებისაგან, რომლებიც ერთიდან თორმეტამდე რიცხვებს აღნიშნავენ. ცენტრიდან ასოებისაკენ ბოლოში მომრგვალებული სხივები მიემართებოდა. 2003 წელს აღნიშნული საათი ვიღაცამ კედლიდან ამოამტვრია და საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა.
გუმბათის ყელს როგორც შიგნიდან, ისე გარედან 12 თაღისაგან შეკრული თაღნარი ამკობს. გუმბათის ნახევარსფეროს დაბალი, კონუსური სახურავი აქვს. ეკლესიის კედლები, მათ შორის გუმბათიც, როგორც ჩანს მოხატული ყოფილა. ისინი 1964–1967 წლებში კარგ მდგომარეობაში მოინახულეს, შეისწავლეს და ფოტოზე დააფიქსირეს ფრანგმა მეცნიერებმა ჯ. და მ.ტიერებმა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო შეთეთრებული საკურთხევლის შუა ნაწილში არსებული მოციქულთა ფიგურები და და ზედა ნაწილში — მაცხოვრის დიდი ფიგურა. ჩანდა ასევე დიდი ფრაგმენტები გუმბათის ყელსა და გუმბათში (წინასწარმეტყველები, მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცია). მოხატულობა 1996 წელს ხელოვნებათმცოდნე ი. გივიაშვილმა დოლისყანის ფრესკები ფერად ფირზე იმ დროს დააფიქსირა, როცა ისინი ჯერ კიდევ ორად გაყოფილი ტაძრის პირველ სართულზე თივის საწყობში იყო მოქცეული, მას შემდეგ ფრესკების მდგომარეობა ძლიერ შეიცვალა და გაფერმკთალდა, აჟამად კი მათი გარჩევა ძალიან ძნელია. ამჟამად მხოლოდ მეტ–ნაკლებად დაზიანებული ექვსი ფიგურაა შემორჩენილი საკურთხევლის ქვედა რეგისტრში, სარკმლის მარჯვნივ. ფრესკასთან არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ მარცხნიდან მეორე წმინდა ილარიონია, ხოლო მესამე —გრიგოლ საკვირველთმოქმედი. დანარჩენების ვინაობა გაურკვეველია. შემორჩენილია ასევე განკითხვის დღის ფრესკის ფრაგმენტები სამხრეთის კარის ტიმპანში. და წარწერები XIII საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული. დოლისყანა ერთადერთი ქართული ეკლესიაა, სადაც აფსიდის მოხატულობაში არაბული წარწერა იყო ჩართული. სამწუხხაროდ, ეს წარწერაც რამდენიმე წლის უკან ჩამოიშალა. დოლისყანის ეკლესია ცენტრალურ–გუმბათოვანი ნაგებობაა ძირითადი ჯვრული სივრცითა და ოთხივე კუთხეში დამატებითი სათავსებით. შენობის გეგმა წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაა. ძირითად ჯვრულ ნაწილს ქმნის ცენტრალური კვადრატული ნაწილიდან გამომავალი ოთხი მკლავი, მათ შორის ერთი, აღმოსავლეთის მკლავი აფსიდურია, ხოლო დანარჩენი სამი — მართკუთხედის ფორმისაა. დასავლეთის მკლავში, რომელიც განივ მკლავებთან შედარებით დაახლოებით 3,5–ჯერ გრძელია, ჩაშენებულია პატრონიკე, რომელიც მთლიანად იყო გახსნილი ძირითადი სივრცისკენ. წინა კედლის კამარამდე ამოშენების შემდეგ პატრონიკე ცალკე დახურულ სათავსად იქცა და მისი დასავლეთი ნაწილი დასავლეთის მკლავს მოსწყდა.
ეკლესიას მთავარი შესასვლელი დასავლეთი მკლავის სამხრეთ მხარეზე აქვს. ტაძარში შესვლა შესაძლებელია სამხრეთ–დასავლეთი კუთხის სათავსის გავლით, რომლის წინა კედელიც სრულადაა დანგრეული. დავით ხოშტარია ფიქრობს, რომ ეს სათავსო სამხრეთიდან თაღებით იქნებოდა გახსნილი და სტოა–კარიბჭის სახე ექნებოდა. ტაძრის მეორე შესასვლელი დასავლეთი მკლავის დასავლეთი კედელის ცენტრშია, კარი ინტერიერში ამოშენებულია, გარედან კი ეს ადგილი მიწითა და ნაყარი ქვებითაა სავსე.
ოთხივე მკლავში, მათ შორის საკურთხევლის აფსიდშიც თითო დიდი სარკმელია, ხოლო გუმბათში — ოთხი. მკლავების სარკმლები შიგნითკენ ძლიერ ფართოვდება. მაგალითად, სამხრეთის მკლავის სარკმლის სიგანე ფასადზე 45 სმ–ია, ხოლო ინტერიერში — 150 სმ. ამ მხრივ განსხვავებულია გუმბათის ყელის სარკმლები. ისინი თითქმის პარალელურწირთხლებიანია. შედარებით პატარა სარკმლებია პასტოფორიუმთა აფსიდებშიც.
გუმბათქვეშა თაღები სადა პროფილის იმპოსტებს ეყრდნობა. მათ ქვემოთ კედლის კუთხეებზე პილასტრები არაა. დასავლეთის მკლავს შუაზე აქვს საბჯენი თაღი, რომელიც დღეს თურქების მიერ ჩაშენებულ კედელშია ჩამალული. ეს თაღი კედელზე შეკიდულ წაკვეთილ პილასტრებს ეყრდნობა. ამ პილასტრების კაპიტელები შედარებით რთული პროფილისაა.
დოლისყანა შერეული მასალითაა ნაგები. კედლების შიდა და გარე წყობას შეადგენს საშუალო ზომის უხეშად დამუშავებული ქვები, რომლებიც სწორ რიგებადაა დალაგებული, წინა მხრიდან მოსწორებულია, მაგრამ კუთხეები და წიბოები არაა გამოყვანილი; ქვებს შორის დარჩენილი ღრეჭოები კენჭებითა და კირითაა ამოვსებული.
კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები, თაღები, პილასტრები, ღიობები, კუთხეები სუფთად თლილი ქვებითაა გამოყვანილი. ასევე სუფთად გათლილი ქვიშაქვის კვადრატული ფორმის ფილებითაა მოპირკეთებული გუმბათის ყელის მთელი შიდა და გარეთა მხარე.
მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს რომ ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობისა იყო, ნაწილი კი თვლის რომ იგი წმინდა სტეფანეს სახელზე აიგო.