პარხალი (2009)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com

საინტერესოა, დიდი ეკლესიებისა და მონასტრებისთვის ადგილს როგორ არჩევდნენ დიდ-დიდნი ამა ქვეყნისანი. აქ, ტაო-კლარჯეთ-შავშეთში, თითქოს ყველაფერი დიდებულია, თითქოს ყველა ადგილი სამონასტროდ არისო გამზადებული. მაშ, ამ დიდი სამოთხიდან როგორღა ირჩევდნენ ერთ პატარა ალაგს? ალბათ უკეთ ესმოდათ ბუნების. ალბათ უკეთ ხედავდნენ სამყაროს. ეგებ მინიშნებებსაც უგდებდნენ ყურს _ თუ ღვთისას, თუ კაცისას...
ოშკი, ხახული, პარხალი, ოთხთა ეკლესია... დღემდე მიჭირს პასუხის მოძებნა _ რა ნიშნით გამოარჩიეს ეს ადგილები მაშენებლებმა. ეს ამბავი ხანდახან უფრო გაუგებარი ხდება, თუ ტაძრის გარშემო თანამედროვე შენობები და დიდი ხეებია. ერთი გზა რჩება _ პასუხების საძებნად გარშემო ფერდობებს მიაშურო და იქიდან გამოხედო ძველთაგან რჩეულ ადგილს. ერთი ეგაა, რომ დრო არასოდეს გაქვს. რამდენჯერმე, როცა ეს შევძელი, როცა მოვიკელი ტაძარში თუ ტაძართან ყოფნის დრო და ბილიკ-ბილიკ თუ ფერდ-ფერდ ვიარე, წინ წარუშლელი პანორამა გადამეშალა.
პარხლისწყლის გაღმიდან რომ გამოვხედე პარხალს, სულ სხვა სიდიადით ამოიმართა ტაძარი. ისიც წარმოვიდგინე, სრულიად გაუგებრად მიდგმული თანამედროვე შენობა რომ მოაცილო და ის ძველი ნაგებობები დაუბრუნო, რა სანახავი იქნებოდა-მეთქი... ვაგლახ, რომ ასეთ ადგილებში არასოდეს არ არის დრო, დაჯდე და უყურო დაუსრულებლად, უყურო დაღამებამდე...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)