www.taoklarjeti.com



ტაო-კლარჯეთი ერთი დიდი სამყაროა, დიდი მთებით და დიდი ველებით, დიდი ტაძრებით და დიდი ციხეებით. არ ვიცი, ეს მხოლოდ განცდაა თუ მართლა რეალობა, მაგრამ იქიდან აქეთა საქართველო თითქოს გეპატარავება, გგონია, რომ ასეთი რამ დღეს საქართველოში არა გვაქვს, ასეთ რამეს პირველად ხედავ... ასე რომ გვგონია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენს ქვეყანას სათანადოდ არ ვიცნობთ, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ასეა თუ ისე, იმ არხის მსგავსი, რომელიც 2005-ში პარხლის ხეობაში ვნახე, არაფერი მინახავს მანამდე.
გიორგი კალანდია ფილმს იღებდა ტაოელ ქართველებზე, პარხლის ხეობაში პატარა კუნძულივით, 3 სოფლადღა რომ დარჩენილან ერთ დროს უზარმაზარი პროვინციიდან. რომელ ქართველსაც არ უნდა გამოლაპარაკებოდი, ყველამ იცოდა მეფე `თამარას~ სახელი, რომელსაც `რუ უკეთებია~, `უშენებია~ და `სოფლისთვინ გუმუყვანია~. მთელი არხი გავიარეთ, სოფლიდან სათავემდე. ალაგ-ალაგ კლდე უჭრიათ, ადგილ-ადგილ ჯებირი უშენებიათ, აქა-იქ ალბათ ხისგან გამოთლილი ღარები ჩაუდგამთ (დღეს უკვე ბეტონით შეუცვლიათ) და ულამაზესი სოფლის ტერასებიანი ბაღ-ვენახებისთვის სარწყავი წყალი მიუციათ. დამატებითი სასწაული ისაა, რომ 2-კილომეტრიანი არხი დღესაც მოქმედია და ხალხი მორიგეობით უვლის მას. ყოველ დიდებულ და თვალსაჩინო სიძველეს ქართველი კაცი ხომ სათაყვანებელ მეფე-ქალს უკავშირებს. არც ტაოს ქართველობაა გამონაკლისი. ვინ უწყის, ეგება და ერთხელაც მართლა სწვევია თამარი პარხლის ხეობას და უწყლო სოფლისთვის სასწრაფოდ რუს გამოყვანა უბრძანებია... 

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)


www.taoklarjeti.com


აქ ტაძარი ჯავახ ოსტატებს აუგიათ. ბევრი რამ გამოუვლია ამ ადგილებს და შემდეგ ოსმალები მოსულან. მოსახლეობის ნაწილი ალბათ წამოსულა, დარჩენილებს კი ჯერ სარწმუნოება, მერე ენა, მერე კი ხსოვნა დაუკარგავთ. შემდეგ კი ეს მიწა რუსეთის იმპერიას დაუკავებია. ადგილს ძველი სახელი მაინც შერჩენია _ ვაშლობი. აქ, მტკვრის ღრმა კანიონში, დღესაცაა მესხური ლანდშაფტისთვის ჩვეული ტერასული ბაღები. ალბათ ოდესღაც ვაშლის ხეები სჭარბობდა.
გასულა ხანი და ტაძარი ექვთიმეს უნახავს. მას შემდეგ მგონი ვეღარავის მიუღწევია, რადგან ბევრი რამ მომხდარა კავკასიაშიც და მთელ მსოფლიოშიც და ორ დიდ სახელმწიფოს შორის საგულდაგულოდ ჩარაზულ სახელმწიფო საზღვარსაც ლამისაა ზედ ვაშლობის ტაძართან გაუვლია. ამ მიზეზით ვერ უნახავთ ეკლესია ვახტანგ ჯობაძესა თუ ბრონო ბაუმგარტნერს, ვერც სხვა დასავლელ მეცნიერებს. მხოლოდ მათთვის გაღებული ტაო-კლარჯეთი ამ ადგილას უკვე დახურული იყო.
2003-ში ბატონ თემურ ხუციშვილთან ერთად ვცდილობდი მიმეღწია ვაშლობამდე. გვეგონა, მესაზღვრეები აღარ მიგვიშვებდნენ. არავინ გვიშლიდა, მაგრამ გვაღამდებოდა. 
ახლახან, 2010-ში, ავსტრიელ მკვლევართან _ ბატონ ბრუნო ბაუმგარტნერთან ერთად ვსტუმრობდი ამ მხარეებს. 20 წლის წინანდელი წადილი გამოყოლოდა ტაო-კლარჯეთის დიდ მოტრფიალეს. დაიჟინა, ვაშლობი ვნახოთო. მტკვრის უზარმაზარი კანიონის სერპანტინმა და სოფელ-სოფელ კითხვა-კითხვამ თავისი დრო წაიღო და ბოლოს, სავარაუდო მანძილი და დრო რომ გვითხრეს, ვეღარ მოვასწრებთ, გავბრუნდეთო _ დანანებით გააქნია თავი ჭარმაგმა მეცნიერმა. ძალიან ახლოს ვართ, ვინ იცის, აწი როდისღა შევძლებთ მოსვლას-მეთქი, შევბედე ბატონ ბრუნოს. თავადაც იგივეს გრძნობდა და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მახსოვს მისი ბავშვურად აღტყინებული შეძახილები, დაბურულ, ტყედქცეულ ნაბაღარში ტაძარს რომ მივადექით. ბატონმა ლადო მირიანაშვილმა ქართულად იგალობა, ბრუნომ და მისმა მეუღლემ გერმანულად. დაღამდა, მაგრამ არ ვეპუებოდით, თან სანთლებს ვანთებდით და თან გამალებით ვიღებდით ფოტოებს.
პატარა, კოხტა საოცრება იდგა ძველისძველ ბაღებში, ჯავახეთის თურქულ ნაწილში. მძლავრი ჯავახური არქიტექტურა: დიდი კვადრები, სუფთად თლილი ქვები, მწირი ორნამენტი... თუმცა ისე მკვიდრად შეკრული ფორმები, რომ გაოცებული რჩები, საუკუნების განმავლობაში სრულიად მიტოვებულმა როგორ შეძლო ალაგ-ალაგ შეენარჩუნებინა კამარული გადახურვა და კარნიზის ქვები, სუფთა ფასადები და მოხდენილი თაღები... არ ვიცით, პირველები ვიყავით თუ არა, ვინც საუკუნის შემდეგ ვაშლობი ნახა. ერთი კია: ჩვენ ნახვა ძლივს შევძელით და ნეტაი იმ ჯავახ ოსტატს, ამ მადლიან მიწაზე ეს პაწია შედევრი რომ გამოუნაკვთავს...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)


www.taoklarjeti.com

ადგილის სახელი, ტოპონიმი, საკმაოდ სტაბილური რამ არის. ტოპონიმები ხშირად უზარმაზარ ქარტეხილებს უძლებს. იცვლება საზღვრები, ადმინისტრაციული მოწყობა, იცვლება მოსახლეობა, ენა, ადათ-წესები... ადგილის სახელი კი, შესაძლოა ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ მაინც გაუძლებს ხოლმე ჟამთასვლას. ასე მოხდა ტაო-კლარჯეთის ტოპონიმიის შემთხვევაშიც – ხშირად ერთადერთი, რამაც XIX საუკუნეში თუ შემდგომ გვაპოვნინა მხოლოდ წერილობითი წყაროებითღა ცნობილი ეკლესია-მონასტრები და ციხე-ქალაქები, სწორედ ძეგლის სახელწოდება გახლდათ.
უცნაურია, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ტოპონიმებს შორის ორი მნიშვნელოვანი სახელია გამქრალი – ხანცთა და თუხარისი. ეს უკანასკნელი უძველესი და მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე. ბედის ირონიაა, რომ დღეს მას მივარდნილ ხევ-ხუვებსა და მთის იალაღებზე ვეძებთ. ერთი ასეთი ''რეიდისას'' ძალზე საინტერესო ადგილს მივადექით. მართალია, აქ არავის გაეგონა სახელი ''თუხარისი'', მაგრამ მეცნიერთათვის დღემდე უცნობ ეკლესიას, ციხესა და უძველეს ნაქალაქარს რომ მივაკვლიეთ, ეს ფაქტია. რამდენად აღმოჩნდება ეს ტაძარი ნაქალაქარ თუხარისის ეკლესია, ამას შემდგომი კვლევა აჩვენებს, თუმცა კი ქართული საეკლესიო არქიტექტურის ისტორიას ნამდვილად შეემატა უნიკალური გეგმარების ტაძარი – ექსპედიციის წევრებმა ბევრი ვეძებეთ, მაგრამ მის ანალოგს ჯერ ვერსად მივაკვლიეთ.

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)


www.taoklarjeti.com


ენით გამოუთქმელიო, ხშირად ვამბობთ. ღმერთი ზოგს ისეთ ნიჭს მიმადლებს, რომ მათი უთქმელი თითქოს რა უნდა იყოს. ოქროპირიო, ასეთი სახელიც შევარქვით ადამიანებმა მჭევრმეტყველებს. მაგრამ რა ვიცი, მაინც უძლური მგონია ბაგეზე მომდგარი ქართული სიტყვაც და ჩემი იაპონური ობიექტივიც, ეს ყოველივე ისე გადმოსცეს, როგორც ეს მართლაც არის კლარჯეთში, კარჩხლის ხეობაში, ერთ, კაცთაგან დაობლებულ ადგილას.
ზემოდან, დიდი მთის ფერდობიდან რომ დახედავ, მოგინდება მერცხლის ბუდეს შეადარო, ქვემოთ, კარჩხლისწყალზე გადარკალულ ულამაზეს ხიდზე რომ დადგები, ნოეს კიდობანივით მოგეჩვენება, მთის წვერზე რომ გაჩერებულა. ყოველივე უძლურია-მეთქი, ასე დავიწყე, მაგრამ მაინც შევეცდები და ხატს შევადარებდი, ღვთისმშობლის ხატს, გულზე რომ მიუკრავს ყრმა იესო, ღვთისმშობელი რომ დიდია, ჩვილი კი პატარა, მაგრამ ყველამ რომ უწყის და ღვთისმშობელმა კი უპირველესად, რომ მთავარი აქ ის პატარა ჩვილია, მაცხოვრად რომ მოვლენია კაცობრიობას.
ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ნუკა-საყდარი, ალბათ ისევე ვერ წარმოიდგენს ამ კლდეს უეკლესიოდ, როგორც მცხეთის მთის თხემი ვერ წარმოგვიდგენია ჯვრის ტაძრის გარეშე.

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)


www.taoklarjeti.com

რთულია ხახულის ტაძრის სიკოხტავის აღქმა. დრო ბევრი უნდა გქონდეს, რომ ვიწრო ხევში ჩახატულ სამონასტრო კომპლექსს კარგად უტრიალო, ხეებით შებურული მიდამოდან ალაგ-ალაგ ჭუჭრუტანები მონახო და სასურველი კადრები გადაიღო, ანდა კლდოვან ფერდობზე აბობღდე და ზემოდან დახედო ხეებიდან ამოწვერილ ტაძარს. როგორც არ უნდა იწვალო, მაინც ვერაფერს მოუხერხებ ხილის ბაღებს, გარშემო რომ აკრავს ტაძარს. თუმცა ხანდახან ხეირიც შეგიძლია ნახო მათგან, ვთქვათ, გემრიელი ვაშლები მოაგროვო, თავადაც პირი გაიტკბარუნო და თანაექსპედიციელებსაც უწილადო. ანდა ძალიან მოინდომო, ხახულის ღვთისმშობელსაც მიენდო და ტაძრის სამხრეთ ფასადთან მდგარ თუთის ხეს კენწეროში მოექცე, ხახულის არწივს პირისპირ გაესაუბრო, თავი კარგად დაიმაგრო, ფოტოებიც ბლომად გადაიღო და ძველი ქართველი ოსტატების ხელოვნებით კიდევ ერთხელ გაოცდე, მხრებგაშლილი და გასხივოსნებული არწივისგან ნებსით თუ ენებლიედ დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო რომ შეუქმნიათ.
ხახულის მონასტერი ისტორიული საქართველოს უკიდურეს სამხრეთში, თორთუმის ხეობაში, საქართველოს კარიბჭეში ააგო დიდმა დავით კურაპალატმა. არწივის სიმბოლიკა დიდად გავრცელებულია ქრისტიანულ ხელოვნებაში, მაგრამ ვინ უწყის, ეგებ ტაოს გოროზი მეფის სახე დაინახეს მაშინდელმა ქართველებმა ამ არწივში. ასეა თუ ისე, მან დიდ ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც მყარად დგას სამხრეთის სადარაჯოზე, დღესაც ამაყად ეგებება ხახულის კარიბჭეში შემსვლელთ...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)


www.taoklarjeti.com

საინტერესოა, დიდი ეკლესიებისა და მონასტრებისთვის ადგილს როგორ არჩევდნენ დიდ-დიდნი ამა ქვეყნისანი. აქ, ტაო-კლარჯეთ-შავშეთში, თითქოს ყველაფერი დიდებულია, თითქოს ყველა ადგილი სამონასტროდ არისო გამზადებული. მაშ, ამ დიდი სამოთხიდან როგორღა ირჩევდნენ ერთ პატარა ალაგს? ალბათ უკეთ ესმოდათ ბუნების. ალბათ უკეთ ხედავდნენ სამყაროს. ეგებ მინიშნებებსაც უგდებდნენ ყურს _ თუ ღვთისას, თუ კაცისას...
ოშკი, ხახული, პარხალი, ოთხთა ეკლესია... დღემდე მიჭირს პასუხის მოძებნა _ რა ნიშნით გამოარჩიეს ეს ადგილები მაშენებლებმა. ეს ამბავი ხანდახან უფრო გაუგებარი ხდება, თუ ტაძრის გარშემო თანამედროვე შენობები და დიდი ხეებია. ერთი გზა რჩება _ პასუხების საძებნად გარშემო ფერდობებს მიაშურო და იქიდან გამოხედო ძველთაგან რჩეულ ადგილს. ერთი ეგაა, რომ დრო არასოდეს გაქვს. რამდენჯერმე, როცა ეს შევძელი, როცა მოვიკელი ტაძარში თუ ტაძართან ყოფნის დრო და ბილიკ-ბილიკ თუ ფერდ-ფერდ ვიარე, წინ წარუშლელი პანორამა გადამეშალა.
პარხლისწყლის გაღმიდან რომ გამოვხედე პარხალს, სულ სხვა სიდიადით ამოიმართა ტაძარი. ისიც წარმოვიდგინე, სრულიად გაუგებრად მიდგმული თანამედროვე შენობა რომ მოაცილო და ის ძველი ნაგებობები დაუბრუნო, რა სანახავი იქნებოდა-მეთქი... ვაგლახ, რომ ასეთ ადგილებში არასოდეს არ არის დრო, დაჯდე და უყურო დაუსრულებლად, უყურო დაღამებამდე...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)

 



ერთხელ იშხანს გვიან ვესტუმრეთ. ვიდრე გული მოვიოხეთ, შებინდდა კიდეც. მახსოვს, გაგვიჭირდა ეკლესიასთან გამომშვიდობება. ისიც მახსოვს, ბონდო კუპატაძეს ვუთხარი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ტაძარს რომ მარტო ვტოვებთ-მეთქი. გავიდა ხანი და ეს ამბავი ჩემს ახლობელს მოვუყევი, დიდი ემოციებით რომ იგონებდა ტაო-კლარჯეთს. ქალბატონმა ვენერამ საოცარი რამ მითხრა პასუხად: იცი, ერთხელ შუაღამისას წვიმდა და გამეღვიძაო. წარმოვიდგინე, რომ ახლა შეიძლება ბანაშიც წვიმს და ის ნანგრევებად ქცეული ტაძარი კი მარტოაო.
ვიდრე ნათელია, სულ გვინდა, რომ კიდევ ბევრის ნახვა მოვასწროთ და ამიტომ ისე გამოვიდა, რომ ბანაშიც რამდენჯერმე ვყოფილვარ შებინდებულზე. აქაც ყოველთვის მიჭირს გამომშვიდობება. ეს ფოტოც ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისასაა გადაღებული...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)




აი, სახელი ''ხანცთა'' რომ დაიკარგა, ეს კი ძალიან უცნაურია. ხანცთა – საწყისი სამონასტრო მოძრაობისა ამ უზარმაზარ რეგიონში და თავი კლარჯეთის უდაბნოთა, სიმბოლო ახალი საქართველოს დაბადებისა და განსასვენებელი დიდი გრიგოლ ხანცთელისა. ამ ადგილს ახლა ადგილობრივი მოსახლეობა ''ფორთას'' ეძახის. სამაგიეროდ, იმერხევში მიგანიშნებენ ერთ დიდ ალაგს მთაში, რომელსაც ხანცთას ეტყვიან იქაური ქართველები. ბევრი ვიარეთ, მაგრამ ის ხანცთა, ჩვენ რომ ვიცით გიორგი მერჩულისგან, ვერსად ვპოვეთ იმერხევის ხანცთაში...
ბევრი იდავეს მეცნიერებმა. ხან ნუკა-საყდარი მიიჩნიეს ხანცთად, ხან კი ფორთა – შატბერდად. ბოლო წერტილი, საკმაოდ მსუყე და საკმაოდ დამაჯერებელი, ამერიკაში მოღვაწე და ტაო-კლარჯეთში ფეხდაფეხ მოხეტიალე ვახტანგ ჯობაძემ დასვა – ფორთას მონასტერიაო გრიგოლ ხანცთელის ხანცთა! ეჭვები მაინც გაისმის ხოლმე აქა-იქ, ძირითადად საუბარ-საუბარში, მე კი მგონია, რომ საკითხი გადაწყვეტილია. თუმცა კითხვები მაინც არ მასვენებს: როგორ მოხდა, რომ გაცილებით მცირე მონასტრებს შერჩათ სახელები, ამოდენა ''ხანცთა'' კი გაქრა? რას ნიშნავს ის ფორთა, რომელსაც ასე დაჟინებით უწოდებს სოფელსაც და ნამონასტრალის ტერიტორიასაც ადგილობრივი მოსახლეობა?
სამეცნიერო თეორიები იქით იყოს და, ხანცთაში რომ ვარ, სულ იმას ვფიქრობ, რომ მთავარი არგუმენტი ის ენით აუწერელი შეგრძნებებია, აქ რომ გეუფლება. რამდენჯერაც ტაო-კლარჯეთში ჩამოვალ, გული სულ აქეთ მომიწევს, აქ რომ ამოვალ, წასვლა აღარ მინდება, გული სულ აქ მრჩება და სულ ვბრაზობ, ისე რატომ არ დავგეგმე, რომ ღამეც აქ გამეთია. როცა მეგობრებს ვუზიარებ ამ ფიქრებს, აღმოჩნდება, რომ ისინიც ამას გრძნობენ. როცა ვინმე ჩემიანი პირველად ამომყავს აქ, საგულდაგულოდ ვაკვირდები და უზომოდ მიხარია, როცა მასაც იგივე განცდები აიტანს ხოლმე. კიდევ ერთი, რატომაც გრძნობ, რომ ეს არის ხანცთის მონასტერი: ამ ადგილმა დიდი მონატრება იცის...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)


www.taoklarjeti.com


ერთ ცხოვრებაში რამდენჯერ უნდა ეწვიო კაცი ოშკის ტაძარს, არ ვიცი. არც პათეტიკა მიყვარს და არც კატეგორიული მოწოდებები, მაგრამ მგონია, რომ ვისაც ოშკი არ უნახავს, მას ქართული კულტურის შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც ქრისტიანობაზე იმ ადამიანს, სახარება რომ არ წაუკითხავს. ოშკი სახარებასავითაა. დიდია ოშკის პირველი წაკითხვის ემოციები, მაგრამ მასთან ყოველი მისვლა სულ ახალს და ახალ გაპოვნინებს. აი, მაგალითად, ცხოველთა ეს რელიეფური გამოსახულებები, გუმბათის ყელს რომ შემოუყვება ძირში. საოცრებაა, ნეტავ რამ გადააწყვეტინა ხუროთმოძღვარს ასეთი სარტყელი შემოეკრა გუმბათისთვის? არა, ბოლომდე მაინც არ შემოურტყამს, აღმოსავლეთიდან, წმინდა მხრიდან დაუწყია. სხვა მხარეებზე ცარიელი მედალიონები დაუტოვებია. ნეტავ, თუ აპირებდა გაგრძელებას? უცნაურია, ეს ცხოველები ოშკის გოლიათ ტაძართან შედარებით ისეთი მცირენი არიან, რომ ვერავინ შეამჩნევდა ქვემოდან. მაშ, რაღატომ ირჯებოდნენ ოსტატნი? იქნებ იმიტომ, რომ ისინი ოშკის ტაძარს ძერწავდნენ და მათთვის ეს პროცესი იყო ყველაზე მთავარი? იქნებ იმიტომაც, რომ ოშკის შემოქმედნი ყველგან ეპატიჟებოდნენ ტაძრის სიდიადით აღფრთოვანებულ მლოცველებს – ეგვტერსა თუ გალერეაში, კარიბჭეებსა თუ ნიშებში, სვეტების ქვეშა თუ გუმბათის ძირში. ეს ხომ სახარება უნდა ყოფილიყო, უნდა გეკითხა დაუსრულებლად და ყოველი წაკითხვისას ახალი რამ უნდა გეპოვა...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)



www.taoklarjeti.com 

ანჩი (ანჩის ეკლესია, მაცხოვრის კარედი ხატი (ანჩისხატი).)
ანძავი
არდაგანის ციხე
ართვინის ციხე
არტანუჯს ციხე ქალაქი
ახიზას ქვაბები, ახიზას დარბაზული ეკლესია, ახიზას ციხე
ბანას ტაძარი, ბანას მღვიმის ეკლესია
ბაღჩალო ყიშლას ეკლესიის ნანგრევები, ბახჩალო ყიშლას ციხე
ბერთა, ბერთას ხიდი (ბერთის ოთხთავი)
ბერკის ეკლესია
ბორჩხის ხიდები
ბრილი (ბრილის საწინამძღვრო ჯვარი. X ს.)
გურჯანი
დაბაწვრილი
დადაშენი
დამალა
დარიჯა
დოლისყანა
დორთ ქილისა, ტრიკონქი, ორაფსიდიანი
სოფ. ევფრატში (აღმ. თურქეთი, მაჭახელა) ძველი ხიდი, ეკლესიის ნანგრევები მეჩეთთან
ენი რაბათი
ერუშეთი
ესბეკი ბაზილიკა, ესბეკის ძველი დარბაზული ეკლესია
ვანქი (პატარა ვანქი)
ვაჩეძორი
ველის ციხე, სასახლე, ეკლესია . ველის კომპლექსი
ზეგანი, ზაქი. ეკლესიის ნანგრევები
თეთრციხე
თორთუმის ციხე
თუქრაშენი
ისის ეკლესიის ნანგრევები
იშხანი
კავკასიძეების ციხე
კალმახის ციხე
კიაღმის ალთი (ქამხისი), ქამჰისი
კინეპოსის დარბაზული ეკლესიები
კინეპოსის ტეტრაკონქი
კისპაროტის ციხე
კოპი.
კოპრუსგორენის ციხე
ლექსორი.
მაკრიალის ეკლესია, კოშკი
მამაწმინდა
მგელციხე
მიძნაძორი
მუხლადჯიგილისი
ნიხახი, იოკუშლუ
ნუკას საყდარი
ოთხთა ეკლესია
ოპიზა (ტაძარი, სამონასტრო ეკლესიის ნანგრევები)
ოშკი (იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ოშკის სკრიპტორიუმი, სატრაპეზო)
პარეხი (მცირე დარბაზული ეკლესია)
პარხალი
პეტრეკისის ციხე
სათლე - ეკლესია, ციხე
საკირე
სენსოპი
სინკოთი
სიხჩეკის ციხე
სოლომონკალა
სპერის ეკლესია
ტბეთის ეკლესია
ურთა
ფანასკერტის ციხე
ფარნაკის ეკლესია, ორი ციხე
ფექრაშენი
ქაჯის ციხე (შაითანკალე)
ქოროღლუს ციხე
შატბერდის (შარბეთი) ეკლესია, შატბერდის ციხე (ბოსელთა)
ჩაისი
ცირქინე
წეფთის ციხე (უსტამისი) . ყოჩიგორა, სოფელი უსტამისი
წყაროსთავი კლარჯეთის
ხანცთა, ხანძთა
ხახული
ჯალა
ჰოშრეთი