იშხნის საეპისკოპოსო ცენტრი ისტორიულ ტაოში მდებარეობს, მდინარე ოლთისის წყლის ნაპირზე, ართვინის ვილაიეთში. სოფელში (Dagyolu). საკმაოდ მაღალ მთაზე ვიწრო სამანქანო გზა ადის. სიცხისაგან მოხრიოკებული მთები ოქროსფერ დევგმირებს ჰგვანან. მათ მხურვალე კალთებზე კი ერთადერთი ჯიშის ყვავილი ხარობს, იმდენად ლამაზი და გამძლე, რომ იშხნის ცრემლები შეარქვეს.ამ გადარუჯულ გარემოში ოაზისს ჰგავს სოფელი, რომლის შუაგულში დგას ხოხბისყელისფერი ტაძარი. ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დროს ეს ადგილი სოფლის განაპირა მხარე ყოფილა. `ეს საუკეთესო კუთხეა ტაოსი~ _ აღნიშნავს მეცნიერი. წალკოტში ჩაფლული ეკლესიის ყოველი დეტალი თუ ჩუქურთმა მშვენიერია.ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის ხუთ საეპისკოპოსოს შორის იშხანს უმეტესი სახელი და პატივი ჰქონდა. კათედრალურმა ტაძარმა და საეკლესიო ცენტრმა მოქმედება მხოლოდ XVII საუკუნის მეორე ნახევარში შეწყვიტა.ტაძარი თავდაპირველად VIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მართლმადიდებელ ნერსე ეპისკოპოსს. ტაოს ძეგლებს შორის იშხნის სახელი ყველაზე კარგად არის ცნობილი საქართველოში, რადგან `გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში~ ერთი ეპიზოდი სწორედ ამ ტაძრის განახლებას ეხება.კონსტანტინოპოლის მოლოცვის შემდეგ ნეტარი გრიგოლი და ღირსი მამა საბა ტაოში რომ მოვიდნენ და იშხანს მოუახლოვდნენ, გამოეცხადათ ამ ტაძრის პირველი დიდებულება და ეუწყათ, რომ საბამ უნდა აღადგინოს ის დაქვრივებული ეკლესია. თანაც ის ადგილი უკვე მიუდგომელი იყო, მისასვლელი გზაც დაჰკარგვოდათ და ასევე უფლისაგან ეუწყათ, როგორ უნდა მისულიყვნენ. იშხანს რომ ავიდნენ, ძალიან გაიხარეს, რადგან იხილეს სულიერად და ხორციელად სანუგეშო ადგილი. საბამ მეორედ ააშენა ტაძარი და მას იშხნელი ეწოდა. შემდეგ საუკუნეებში კიდევ რამდენიმეჯერ განაახლეს და ეკლესიას საბოლოო სახე ხუროთმოძღვარმა იოანე მორჩაისძემ მისცა. ბაგრატ IV-ის მეფობის დროს იშხნის ეპისკოპოსის იურისდიქცია იმდროინდელი საქართველოს რამდენიმე რეგიონზე ვრცელდებოდა. იმდენად გავლენიანი სასულიერო კერა იყო, რომ ოსმალთა ბატონობის დასაწყისში იშხნელ ეპისკოპოსს თავად სულთანი ამტკიცებდა.ტაძრის კედლებს ულამაზესი ასომთავრული წარწერები ამშვენებს. მათ რომ კითხულობ, გგონია, ამ ნატიფი ასოების ავტორები და მოხსენიებული პირები _ გიორგი მეფე და შვილნი მათნი, ანტონ ეპისკოპოსი, ბაგრატ კურაპალატი, აშოტ კურაპალატი, ბაგრატ მაგისტროსი და სხვები, საუკუნეთა შემდეგაც იშხნის კედლებში ცოცხლობენ.`აცხოვნენინ ღმერთმან მეფენი ჩუენნი: დავით ქართველთა მეფე და აშოტ კურაპალატი, ბაგრატ მაგისტროსი და სუმბატ ანთიპატრიკი”.“ქ. იესუ ქრისტე, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა გიორგი მეფე და შვილნი მათნი. ამინ”.“ქ. სახელითა ღმრთისაჲთა მე, გლახაკმა ანტონი ეპისკოპოსმან იშხნელმან, განვაახლე ესე კარისა ბჭე წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა სადიდებლად მეფეთა, გიორგი მეფისა და შვილთა მათთა, სალოცველად სულისა ბაგრატ კურაპალატისაჲსა, შენდობისათვის ცოდვათა ჩუენთაჲსა.~ამ მეფეთა მოღვაწეობა 958-1024 წლებში თავსდება, ყოველმა მათგანმა იშხნის გამშვენიერებასა და გაძლიერებას წარუშლელი კვალი დაატყო.გადმოცემის თანახმად შენობის უფრო მეტი სიმტკიცისათვის ოსტატის ბრძანებით ხელოსნებს იშხნის ასაგებად კირი სუხბეჩის საძოვრებზე მობალახე ძროხების რძით უზელიათ, ამით ეკლესიამ მეტი სიმშვენიერე და სიცოცხლე შეიძინაო.იშხნის კათედრალური ტაძარი ჯერ კიდევ ინახავს მოხატულობის ფრაგმენტებს. გუმბათის სფეროში ჯვრის ამაღლების სცენაა გამოსახული. წრეში ჩაწერილ ჯვარს ოთხი მფრინავი ანგელოზი აღამაღლებს. მოხატულობის ნაწილი შემორჩენილა კედლებზეც და სარკმლის წირთხლებზეც, ხოლო თუ დასავლეთ მხარეს კარგად დააკვირდებით, თანდათან წმინდანთა ლამაზი სახეები გამოიკვეთება. ტაძარში ვნახეთ 24 სტრიქონიანი უნიკალური ასომთავრული წარწერა:`ადიდენ ღმერთმან უძლეველი მეფეთ მეფე დემეტრე ორთავე შინა ცხორებათა, სალოცველად მეფობისა მათისად და საჴსენებლად საუკუნოდ თავისუფალ ყვეს სოფელი ლოზნი მკჳრდი ამის საყდრისაჲ..მიუკუნენი ძლიერთა მეფეთა დავითის და გიორგისთჳს. პირველად დავჰკიდენით კანდელნი დღით და ღამით.კჳრიაკესა მათთჳს შესწირვიდენ მსხუერპლსა უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა უძლეველი მეფეთ მეფე დემეტრე, დაჲ მათი დედოფალთა დედოფალი ქუეყანისაჲ და ჭეშმარიტად დედოფალი ზეცისაჲ თამარ და შვილნი მათნი ძლიერნი მეფენი დავით და გიორგი, მოსრე ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი და მიეც ცხორებაჲ უშფოთველი საწუთროსა ზედა.~წარწერის ბოლოს მოხსენიებული დედოფალი თამარი დავით აღმაშენებლის ქალიშვილი და მეფე დემეტრე პირველის დაა, თუმცა იშხანში სჯერათ, რომ ტაძრის მაშენებელი სახელოვანი მეფეთა მეფე თამარია.ეკლესიაში ხშირად შემოდიან კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის პატარა მოსწავლეები, ეზოსა და ტაძარს ალაგებენ. თუმცა ის საკურთხეველი, სადაც ოდესღაც ალბათ დიდი დედა თამარი ლოცულობდა, დღეს დანგრეული და ცარიელია. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული, ტაძრისაგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდა სვეტებზე თაღების მწკრივით. ძველი აფსიდა გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით.ახლანდელი ტაძარი თვალსაჩინოდ წარგძელებული ჯვაროვან-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ჯვარისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იხატება გარედანაც მიწის დონეზე. დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები სწორკუთხაა. საკურთხევლის აფსიდას ორივე მხარეს მცირე აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლო ქონდა. დასავლეთის მკლავი წარმოადგენს სწორკუთხა დარბაზს, რომლის გრძივი კედლები პლასტიკურადაა დანაწევრებული კედლის ნახევარსვეტებით. ჩრდილოეთით მას გრძელი, უაფსიდო სადგომი ეკვრის. გუმბათი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ ბურჯს, რომელთაც ძლიერ პროფილირებული და ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და სვეტისთავები აქვს. მრგვალი გუმბათის ყელი შიგნიდან და გარედან წერილი ლილვებითა და გრეხილებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემკული.იშხნის ტაძარი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და თავისი არქიტექტურით უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიგნით ძველი, XI საუკუნის I ნახევრის, მხატვრობის ფრაგმენტებია (1032 წლის შემდეგი პერიოდი).დიდი ეკლესიის გვერდით ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოა (1066).ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე. ილარიონ იშხნელის (X-XI საუკუნეები) დაკვეთით არის გადაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული და მესტიის სახარება (1033), ამბერკი იშხნელის (XVI ს.) დავალებითა და დახმარებით განუახლებიათ 1233-ით დათარიღებული ხელნაწერი იშხანში შეიქმნა ჭედური ვერცხლის მოოქრული ჯვარი, რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. წარწერაში ნათქვამია: "ქ. ძელო ცხოვრებისაო წინამძღღუარ და მფარველ ექმენ ილარიონ ეპისკოპოსსა. ქრისტე ადიდენ მეფენი ჩუენნი და ერი მათი დაიფარე. ქორონიკონი იყო რჟგ". ჯვრის ზომებია: სიმაღლე 51 სმ. ტარის სიმაღლე 31,3 სმ. ამჟამად ჯვარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა შესრულებულია სკულპტურულად, თუმცა იგრძნობა არქაულობა. ქანდაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები - მოცულობა, ფორმათა სიმკვრივე - დიდი მხატვრული ძალითა და დინამიკითაა გადმოცემული.
ოშკი - „ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი“ და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტია. იგი ძველი საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრია, რომელიც ისტორიულ ტაოში, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩამლიამაჩში (Çamlıyamaç) მდებარეობს, (ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში). ოშკი (öşvank) ოთხ დიდ ქართულ კათედრალთაგან (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი) პირველია. ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, დღეს შემორჩენილია სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიები. ოშკი არა მხოლოდ მოზრდილი მონასტერი იყო, არამედ, ბანასთან ერთად, ტაო-კლარჯეთის ხელისუფალთა ადმინისტრაციული ცენტრიც. თუმცა საერო ნაგებობათაგან დღეს არაფერი შემოგვრჩა.კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები — ბაგრატ ერისთავთერისთავი (გ. 966) და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული.მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა, მთელი გვიანი შუა საუკუნეები ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წლებს შუა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის ეკლესია.სიტყვა ოშკი არის უძველესი ზანურ-ჭანური ტოპონიმი, რომელიც მეგრულ შქას, შუას, შუა ადგილს უკავშირდება. ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). წარწერის ნაწილი, სადაც თარიღია სავარაუდებელი, განადგურებულია. წარწერის თანახმად ტაძარი ადარნასეს სიცოცხლეშივე დამთავრებულა, ხოლო მან კურაპალატობა 978 წელს მიიღო და იგი 1001 წელს გარდაიცვალა, მშენებლობის დასასრული სწორედ 978-1001 წწ. სავარაუდებელი. ტაძრის მშენებლობა კი 963 წლის 25 მარტს ხარება დღეს დაწყებულა. სამუშაოების ზედამხედველობა გრიგოლისთვის მიუნდვიათ, ყოველწლიურად 5.000 ფისოსი ღვინო გაუციათ და 250 გრივი ხორბალი გაუხარჯავთ, 50 ლიტრი რკინდა დასჭირვებიათ და ყოველწლიური ხარჯი 20.000 დრამა ყოფილა. მუდმივად 50 გალატოზს, მშენებელსა და მჭედელს უმუშავია, სულ კი 80 კაცი მუშაობდა, ქვას 30 ხარი ეზიდებოდა, 30 იყო გრიგოლწმინდიდან სპონდაკის ქვის მომტანიო... მშენებლობა 10 წელს გრძელდებოდა. ტაძარი 1036 წელს მოხატულა ჯოჯიკ პატრიკიოზის ხარჯით.ოშკის ტაძრის სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მეტრია (დასავლეთ ეკვდერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში 36 მ, ხოლო სიმაღლე 40 მ. ტაძრის გეგმა, ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი(დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. არსებითად ეს არის ცენტრულ-გუმბათიანი ტაძრის შერწყმა ერთნავიან ბაზილიკასთან.გუმბათი მრგვალ კვარცხლბეკზე ამოყვანილ ოთხ მასიურ თავისუფლად მდგომ ბურჯებს ეყრდნობა, ბურჯების გრანდიოზულობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათი გარშემოწირილობა 8 მეტრამდეა. ათამდე მკლავებგაშლილი ადამიანი ოშკის თითო ბურჯის გარშემო წრეს შექმნის.დასავლეთ მარცხენა სვეტში არის ღრმა, შეისრული, სვეტებიანი, მოჩუქურთმებული ნიში. ასეთი ნიში განკუთვნილი იყო უმაღლესი პირების დასაბრძანებლად (ეპისკოპოსისა – ჩრდილოეთით, მეფისა – სამხრეთით). სამხრეთ–დასავლეთი ბურჯის ნიშაში გამოკვეთილია ადგილობრივ მმართველთა და ეკლესიის მაშენებელთა დავით კურაპალატისა და ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის რელიეფური ნახევარფიგურები. მათი სახეები ძლიერაა დაზიანებული, ვიღაცას ისინი განზრახ დაუმტვრევია. ოშკი კარგად იყო განათებული მრავალრიცხოვანი სარკმლებით. გუმბათის ყელში 12 სარკმელია, საკურთხეველში 3, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო; ამდენივეა მათ ზედა სართულებში. ტაძარს ოთხი კარი ჰქონდა. ერთი დასავლეთით იყო, ერთი ჩრდილოეთით, დანარჩენი ორი კარი სამხრეთით იყო. მათ შორის უმთავრესი, საზეიმოდ მორთული, ტაძრის სამხრეთ მკლავშია. ოშკის საკურთხეველში დაცულია დიდი ოთხკუთხედი, მთელი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი, რომელიც უძრადვად იყო მოთავსებული საკურთხევლის შუა ნაწილში, აღმოსავლეთი კედლიდან 2 მეტრის მანძილზე. მისი სიგრძე უდრის 173 ამ, სიგანე — 86 სმ, სიმაღლე — 85 სმ. საკურთხევლის იატაკი 3/4 მეტრით არის ამაღლებული ტაძრის იატაკთან შედარებით. ამჟამად საკურთხეველი მიწითაა დაფარულიოშკის ტაძარი დამშვენებულია ისეთი მდიდრული ატრიბუტით, რომელიც ქართულ არქიტექტურაში ერთადერთია, ეს არის სვეტებიანი გალერეა და მას დეკორატიულობის მხრივ ბადალი არ მოეპოვება. გალერეის გამორჩეულობა გარედანვე შესამჩნევია, ის ზიგზაგისებრი სახურავითაა გადახურული. შიგნით გალერეაში აღტაცებაში მოგიყვანთ ჭერი, უფრო სწორად თაღნარი და კამარები სადაც სუფთად გათლილი ქვები ჯვრულად და ვარსკლავისებურადაა ჩალაგებული. აქვეა რვაწახნაგა სვეტი, რომელიც გამორჩეულია გაფორმების მაღალი დონით. აქ ნახავთ ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა, სერაფიმთა და ტეტრამორფთა (ოთხსახიანი ფრთოსანი არსება) გამოსახულებებს. სვეტზე გამოქანდაკებულია – მაშენებელ გრიგოლის, სირიელი მკურნალების კოზმას და დამიანეს ფიგურები. რამდენიმე წლის წინ დაიკარგა წმინდა ნინოს ბარელიეფი და დაზიანდა გრიგოლის გამოსახულებაც.ოშკში ყველაზე გამორჩეული გუმბათია. მისი ყელის სიმაღლე 6.4 მეტრს უდრის, ხოლო შიდა დიამეტრი 9 მეტრია. თავად გუმბათი ოდნავ გამობურცული, ჩაფხუტის ფორმის კონუსია, სიმაღლით 6.86 მ. ქუდი ამჟამად მოტეხილი აქვს, ზედა ნაწილი კი დაზიანებული. გუმბათი დახურულია წითლად და ყვითლად მოჭიქული კრამიტით. გუმბათის ყელი გარედან 24 წახნაგიანია, რომლებიც ზემოთ პატარა კამარებით ერთიანდება. 12 მათგანში თავმომრგვალებული სარკმლებია, რომელთა თავზე, კამარებს ქვეშ, სინგურით დახატული ჯვრებია. კამარები ეყრდნობა წნულით შემკულ, ორმაგ პატარა სვეტებს, რომელთა თავები და კვარცხლბეკები ბარელიეფურია. ერთ მათგანზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოქანდაკებულია ქვის მზიდავი მუშის გამოსახულება. სხვებზე - ჯვრები, პალმეტები, ორი შებმული ცხოველი და სხვა სამკაულებია. ცხოველების ფიგურები დიდი ოსტატობითაა შესრულებული, მათ შორის აღსანიშნავია ერთმანეთთან მოთამაშე კურდღლების სიცოცხლით სავსე რელიეფები. ბარელიეფები თავის დროზე ძოწისფერით ყოფილა შემკული რაც მათ უფრო მეტ გამოსახველობით ეფექტს შესძენდა.ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. აღმოსავლეთ ფასადზე ლომის ფიგურაა ოსტატურად გამოქანდაკებული, ყველაზე უხვად კი სამხრეთის ფასადია შემკული აქ სამხრეთ მკლავში, სარკმლის თავზე მოსჩანს არწივის დალეწილი ფიგურა და გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების დასახიჩრებული ბარელიეფები. მათ თავები ადგილობრივმა ახალგაზრდობამ მოამტვრია, როდესაც სროლაში ვარჯიშობდა. სამხრეთის კედელზე მიწიდან დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე შემორჩენილია ხუთი ადამიანისხელა ფიგურისაგან შედგენილი ვედრების კომპოზიცია. ცენტრში გამოსახულია მაცხოვარი, მარჯვნივ ღვთისმშობელი (ამჟამად გადატანილია ერზერუმის მუზეუმში), მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი, კიდეებში მეფეთა ფიგურები დავით კურაპალატი და ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი. ეს ფიგურები მოხატული ყოფილა წითელი, ლურჯი, თეთრი და ოქროსფერი საღებავებით და ადვილად წარმოსადგენია როგორ ეფექტურად გამოიყურებოდა.დასავლეთის ფასადზე სარკმლის თაღებზე იხილავთ კეთილ და ბოროტ ძალთა ჭიდილის სიმბოლოს ლომისა და ხარის შერკინების სცენას. აქვეა ხელაპყრობილი წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედის ფიგურა.ოშკის ტაძარი მოიხატა მხოლოდ აშენებიდან 75 წლის შემდეგ, 1036 წელს, ეს დასტურდება შესაბამისი თარიღიანი წარწერით. სამწუხაროდ ამ ფრესკებიდან მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. ფრესკათა ნაშთები უფრო მეტწილად საკურთხეველში მოჩანს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა.ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი — მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.ოშკის დიდი, 12-პწკარიანი წარწერა მოთავსებულია სამხრეთ, კარის ტიმპაზე. წარწერის ბოლო, მე-12 პწკარი თითქმის მთლიანად დაზიანებულია. ტექსტი ნაწერია ქარაგმებით, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:“ ქ. მოწყალებითა ღმრთისაჲთა, რომელი სცავს ყოველთა მოშიშთა მისთა და წარუმართებს მოყუარეთა სახელისა მისისათა საქმეთა კეთილთა, ამის წმიდისა სამებისა სარწმუნოვებითა და მეოხებითა წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობელისაჲთა, მადლითა წმიდჲსა ძელისა ცხორებისაჲ თა, შეწევნითა და მეოხებითა დიდებულისა ნათლისმცემლისაჲთა დაყოველთა წიდათაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა, ამათ ყოველთა წმიდათა სადიდებელად და საქებად იწყეს ღმთივ გუიგუინოსანთა მეფეთა ჩუენთა შენებად ამის წმიდისა საყდრისა, რაჲთა ამას შინა აღესრულებოდიან დღესა სწაულნი და შეიმკვებოდიან ჴსენებანი წმინდათანი, ვითარცა წერილ არს: „ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდით“. ამათ ყოველთა სურვილითა, ამათ დიდებულთა მეფეთა ჩუენთა უშურველ იყვნენ საფასენი წარმავალნი წარუვალისა მისთუის, რაჲთა იგი ყოველნი წმინდანი შემწედ მოიგნენ, და ღმერთმან შეეწიენ ორივე ცხოვრებათა ძეთა ღმრთივ კურთხეულისა ადარნასე კუროპალატისათა, ბაგრატ ერისთავთა ერისთავსა, დავით მაგისტროსსა, სამებამან წმიდამან სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თჳისითა და ადიდენ ორივე ცხოვრებათა და მე, გრიგოლ, ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი, და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულებაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ. ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექუიშე თაჲ, რომელ წელიწადსა წაეგების, დრამაჲ: კ (ქართულ სათვალავში 20): ათასი; ღუინოჲ ფისოსი ჭ (ანუ 5000); რკინაჲ ლიტრაჲ ნ (ანუ 50); ხუარბალი გრივი ს მ ი (ანუ 250); გალატოზი და ხუროჲ და მჭედელი, რომელ მარადის შურებო და ჲ ი (ანუ 70); ჴარი, რომელ ქვასა კრებდა ლ (ანუ 30), ჯორი და სხუაჲ აზავერი, რომელ გრიგოლ-წმიდით სპონდიკსა კრებდა: ლ; სხუაჲ აზავერი, რომელ ... კრებდა ჲ (ანუ 60): ............ ჲ (ანუ 60) და ....... (ყოველი) ერი და მოქმედი პ (ანუ 80): ......“
ბანა - საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად სოფელ ფენეკის (penek) სახელწოდებით ცნობილ სოფელში მდებარეობს. ფენეკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. „ქართლის ცხოვრებაში“ ყველგან ბანა გვაქვს „...მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ...ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს“. ამ პუნქტის სახელი უფო ძველად მარტივად ბანა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ბანაკი .IX საუკუნის მეორე ნახევარში ბანა სამხრეთ–დასავლეთ ქართული სამთავროს, ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა. XI საუკუნის პირველი ნახევრის მემატიანის სუმბატ დავითის ძის ცნობით: ადარნასემ, ქართველთა მეფის – დავით ბაგრატიონის ძემ „აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი – იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ“. ბანაში აკურთხეს მეფე ბაგრატ IV (1027–1072). 1032 წელს კი აქვე მან ჯვარი დაიწერა ბიზანტიის იმპერატორის – რომანოზ III არგიროსის (1028-1034) ძმისწულზე ელენეზე. ტაძარი ხელმწიფეთა განსასვენებელსაც წარმოადგენდა. ცნობილია რომ აქ დაიკრძალა მეფე ვახტან IV (1443–1446) და მისი მეუღლე, ფანასკერტელის მეუღლე სითიხათუნი.მთელი მისი არსებობის მანძილზე ბანაში სიმშვიდემ ვერ დაისადგურა, XII საუკუნის პირველ ნახევარში ის სელჩუკების ხელში იყო, მისთვის იბრძოლა მეფე გიორგი III–მ (1156–1184) მაგრამ უშედეგოდ. ბანას გათავისუფლება მხოლოდ სახელოვანმა მეფეთა–მეფემ თამარმა (1184–1213) შეძლო. მისი მემკვიდრეების დროს კი ტაძარი კვლავ შემოსევებისა და შფოთიანობის ეპიცენტრში აღმოჩნდა.ბანა ძველი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული და კულტურული ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდა თვალსაჩინო სწავლული ზაქარია ბანელი, რომელიც საქართველოს მეფის გიორგი I–ისა (1014–1027) და ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II–ს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.ბანაში გადაწერილ ხელნაწერთა შორის უგვიანესია 1511 წელს შექმნილი საბაწმინდის ტიპიკონი, რომელიც ქეთევან დედოფალს დაუკვეთია.XVI საუკუნის მეორე ნახევარში ბანა ტაო–კლარეჯეთის სხვა მონასტერთა მსგავსად თურქ ხელისუფალთა ხელში მოექცა, რომელთაც ბოლო მოუღეს გაცხოველებულ კულტურულ და ლიტერატურულ ცხოვრებას.ბანას კათედრალის შესახებ პირველი ცნობები გერმანელ ბოტანიკოსს, კარლ კოხს ეკუთვნის, მან 1843 წელს ტაძარი დაუნგრეველი ნახა და აღფრთოვანებულმა აღნიშნა: „ჩემ მიერ ნანახთაგან ეს უეჭველად ულამაზესი და ყველაზე ამაღლებული მხატვრული ქმნილებაა მთელს აღმოსავლეთში, გარდა კონსტანტინოპოლისა“.კათედრალი ათასი წელი უძლებდა დროის შემოტევას, მაგრამ 1877–1878 წლების რუსეთ–თურქეთის ომმა, როცა ტაძარი ციხესიმაგრედ აქციეს იგი საგრძნობლად დააზიანა. 1902 წელს როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა ეკლესია იგი თითქმის სრულად იყო დანგრეული. 1984 წლის მიწისძვრამ სანახევროდ ჩამოაქცია გადარჩენილი კონქის ნახევარი.კათედრალი ცენტრული ნაგებობაა, შემდგარი გუმბათოვანი როტონდისაგან მასში ჩაწერილი ტეტრაკონქით და მასზე შემოვლებული ერთიანი გარსშემოსასვლელელით.კათედრალის შიდა სივრცე სხვადასხვა დონეზე შემომავალი სხვადასხვა ძალის შუქით უნდა ყოფილიყო გასხივოსნებული. გარშემოსავლელიდან (მას პირობითად გალერეა შეგვიძლია ვუწოდოთ) არაპირდაპირი სინათლე შემოდიოდა, აფსიდების თორმეტი და გუმბათის თანაბრად დაშორიშორებული ოთხი სარკმლიდან კი –პირდაპირი.თავდაპირველად ეკლესიის მოხატვას არ აპირებდნენ, მაგრამ მშენებლობის დამთავრების შემდეგ გადაუწყვეტიათ გადაუწყვეტიათ ზოგიერთი სიბრტყე მაინც მოეხატათ. მხატვრობის ფრაგმენტები და ქართული წარწერების კვალი განირჩეოდა აღმოსავლეთ აფსიდში.ეკლესიის გარშემოსავლელი გაფორმებულია თაღნარით, თაღების შიდა მხარე კი გაფორმებულია ჯვრებით. მორთულობა ძუნწია, დასავლეთის პორტალის თაღზე კარგად მოსჩანს მცენარეული ორნამენტი, შემორჩა ბროწეულების გამოსხულებაც. ადრე მთელი ეს ნაქანდაკევი ძოწისფერით იყო გაცხოველებული. ეს წვრილმანი მნიშვნელოვანია, რადგან ბანა რელიგიურთან ერთად ტაოს მმართველთა ადმინისტრაციული ცეტრიც იყო. 1879 წლის ცნობის მიხედვით ეკლესიის იატაკი „მინასავით გლუვი“ yofila.დასავლეთით შემორჩენილია ლამაზი ასომთავრული წარწერა, რომელზეც პროფესორ ვალერი სილოგავას ვარაუდით საკუთარი სახელი „მანუჩე“ უნდა იკითხებოდეს.ოდესღაც ეკლესიის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მასში ცვლილებები შეიტანეს, გარშემოსასვლელის ყველა სარკმელი და შესაბამისი სივრცეები საგულდაგულოდ ამოავსეს ტლანქად ნათალი ქვით. სამხრეთით მიადგეს კვადრატული კოშკისებური ბურჯები. ეს განახლება ნაკარნახევი იყო გამუდმებული საფრთხითა და შემოსევებით. ოდესღაც ანუ როცა საფირტუფიკაციო ნაგებობად აქციეს ომის დროსბანას რეკონსტრუქციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ოშკის ეკლესიის სამხრეთ აფსიდში შემორჩენილია მხატვრობა სადაც ასახულია ბანას ეკლესიის გამოსახულება, თუმცა საუბედუროდ ზედა ნაწილი ჩამოთლილა, რის გამოც არაა ცნობილი ზუსტად როგორ გამოიყურებოდა კათედრალის გუმბათი.ბანა მრგვალად აღიქმება, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო. სამსართულიანი და რთული კომპოზიციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან (შემოსავლელისაგან) შედგება. პირველი სართული 28 წახნაგა იყო და იგი მოგვიანებით გადაუკეთებიათ. ძველად კი გარედან შემოსაზღვრული ყოფილა გალავნით. თავის გეგმით და მასზე აგებული სივრცითი შენობით ბანა წარმოადგენს კოლოსალური ზომის ტეტრაკონქს, რომელშიაც შემაერთებელი რგოლები, გადასვლა აფსიდიდან აფსიდამდე განვითარებულია მრავალსართულიან პატრონიკეებად, ხოლო ყოველი აფსიდის ქვევითა ნაწილში ამოყვანილია კამარები, რაც მოითხოვს სპეციალურ მრგვალი კორიდორის მსგავსად აშენებულ შემოსავლელს. ოთხი გუმბათქვეშა ბურჯი გამოიყოფა ამ კომპოზიციაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ბურჯის დაყრდნობა კედლების გარეგან შემოხაზულობაზე (აბრისზე).ტაძრის შინაგან სივრცეს განსაზღვრავდა ცენტრალური კვადრატი გუმბათიანი გადახურვით ყელზე, რომლის დიამეტრი დაახლოებით 8 მეტრი იყო და ჯვრის ოთხი თანასწორი სიგანის მქონე მკლავი, რომლის სიმაღლე 2,5 ჯერ მეტია, ვიდრე მკლავის სიგანე. ეს ქმნის გრანდიოზულობის შთაბეჭდილებას.ბანას გარშემო არსებული ლანდშაფტი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ი.ზდანევიჩმა საუკეთესოდ დაახასიათა იგი: “არანაკლებ მნიშვნელოვანია პეიზაჟი, რომელიც, რომელიც პენეკს აკრავს. ყველა ფერის – დაწყებული ნაცრისფერითა და ცისფერით, ვიდრე ლაჟვარდოვნამდე და ლურჯამდე, და ვარდისფერით ვიდრე ალისფერამდე და მეწამულამდე– სრულიად შიშველი პლასტები მთებისა და ბორცვებისა ქაოსად ისეა არეული, რომ მათ შუა აღმართული ტაძარი ყოფს ლურჯ ფერებს წითელი ფერებისაგან, გადაიტანს რა პირველს მარცხნივ, მეორეს კი დასავლეთით. დავიტირეთ რა ნანგრევები, ოლთისამდე ჩვენ იმ მიწაზე მივდიოდით, რომელიც სისხლით იყო გაპოხილი“.
Page 6 of 8